„ბანჯგვლიანი კუ“, რომელიც უკანალიდან სუნთქავს
14:01
კუს ჯიშს, სახელად „ბანჯგვლიანი კუ“ მსოფლიოს ვერც ერთ ცნობარში ვერ ნახავთ, თუმცა ის ნამდვილად არსებობს, ავსტრალიაში, მდინარე მერიში ბინადრობს და თავზე ვარცხნილობა აქვს... დიახ, დიახ, ვარცხნილობა!
ავსტრალიური მერი-რივერის კუ (Green-haired turtle) მტკნარი წყლის კუა, რომელიც უკანალიდან სუნთქვის უნარით არის ცნობილი. ეს კუ სუნთქვისთვის კლოაკას (უკანა ხვრელი) იყენებს, რაც საშუალებას აძლევს წყალქვეშ დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს. რა თქმა უნდა, კუს თავზე და ბაკანზე თმა კი არა, წყალმცენარეები იზრდება, მაგრამ, რატომ ამოსდის ის მხოლოდ კუს ამ სახეობას და არა ზღვის სხვა ბინადრებს?
ზრდასრული მერი-რივერის კუები საკმაოდ დიდები არიან და მათი ბაკნის სიგრძე 40-50 სმ-ს აღწევს. მათ უჩვეულოდ გრძელი კუდი აქვთ, რომელიც ზოგჯერ ბაკნის სიგრძის 70%-ია. საშუალო ასაკამდე კუები ქვიშაში ცხოვრობენ, ამიტომ ახალგაზრდა კუს ნახვა საკმაოდ რთულია, ზრდასრული კი მცურავი ბალახის გუნდას ჰგავს.
კუს „ქოჩორი“ წყალმცენარეა, სახელად Cladophora. ის კუს შენიღბვაში ეხმარება, ბალახს რომ დაემსგავსოს და მტაცებლებელმა ვერ შენიშნოს.

მეცნიერები ამ ფენომენს დიდხანს იკვლევდნენ და მივიდნენ დასკვნამდე, რომ წყალმცენარეები იმ კუებზე იზრდება, რომლებიც უმეტეს დროს წყლის ქვეშ ატარებენ. ცნობილია, რომ მზე კუს კანსა და ბაკანს აშრობს, ამიტომ მზის აბაზანების მოყვარული კუები პრიალები არიან. რაც უფრო დიდხანს იმყოფება კუ წყალში, მით უფრო სქელია მისი „ქოჩორი“.
რაც შეეხება უკანალიდან სუნთქვას, ეს ამ სახეობის გამორჩეული თვისებაა. მას კლოაკაში (ნაწლავების გაფართოებული ნაწილი) სპეციალური ჯირკვლები აქვს, რომლებიც საშუალებას აძლევს წყლიდან ჟანგბადი შთანთქას. ამ თვისების წყალობით კუს წყალქვეშ 3 დღემდე გაძლება შეუძლია. სწორედ წყალქვეშ ხშირად და დიდხანს ყოფნაა იმის მიზეზი, რომ კუს სხეულზე წყალმცენარეები ასე უხვად იზრდება.
სამწუხაროდ, მერი-რივერის კუების სახეობა თითქმის გადაშენების პირასაა. მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში ქვეწარმავლებს მასობრივად იჭერდნენ და ყიდდნენ, რამაც პოპულაცია თითქმის გაანადგურა.
ჩინურ კულტურაში "ბანჯგვლიანი კუ" (Green-haired turtle) სიბრძნისა და დღეგრძელობის სიმბოლოა. ჩინელები სხვადასხვა სახეობის კუებს სპეციალურ აუზებში ზრდიან და მათ ბაკანზე წყალმცენარეების ზრდას ხელს უწყობენ, რათა შემდეგ ძვირად ღირებულ დეკორატიულ ქვეწარმავლებად გაყიდონ.
***
ახალი კვლევა: ნიანგებს შეჯვარების გარეშე გამრავლება შეუძლიათ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან