საკნატუნო ამბები

რატომ აშრობენ იტალიელები სარეცხს ქუჩაში გაბმულ თოკებზე?

fun time

15:51 ორშ. 15 ივნისი

იტალიური ტრადიციები

14
დაკოპირებულია

იტალია თავისი ულამაზესი არქიტექტურით, ისტორიითა და სამზარეულოთი ცნობილია, თუმცა ამ თბილ, სამხრეთულ ქვეყანაში ქუჩაში მოფრიალე ჭრელაჭრულა სარეცხი განსაკუთრებით თვალშისაცემია. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საშრობი მანქანების გამოჩენის მიუხედავად, იტალიელები ტრადიციებს არ ღალატობენ და სარეცხს პირდაპირ ქუჩაში, ფანჯრებს შორის გაჭიმულ თოკებზე ან აივნებზე აშრობენ.

იტალიელებისთვის სარეცხის გარეთ გაფენა (ე.წ. "Panni stesi") გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სველი ტანსაცმლის გაშრობა — ეს მათი ყოველდღიური კულტურის და სოციალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

თუ ნეაპოლს, პალერმოს, გენუას ან თუნდაც რომის ძველ უბნებს გადავხედავთ, ქუჩებში, აივნებს შორის გაბმული სარეცხის თოკები ქვეყნის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა.

ოფიციალურად, ქალაქის ცენტრში, თოკებზე ქვედა საცვლების გაშრობა აკრძალულია, მაგრამ სხვა ტანსაცმელზე შეზღუდვა არ ვრცელდება. დიდ ოჯახებში ყოველდღიურად, ბევრი სარეცხი გროვდება და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ამ ქვეყანაში მუდმივად რეცხავენ. ნაპოლიში ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია. ამ ქალაქში სარეცხი ზოგჯერ ცასაც კი ფარავს. ასეთია იტალიური კოლორიტი, რომელსაც თავისი განსაკუთრებული ხიბლი აქვს. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ინფორმაციას, რომელიც ამ ტრადიციას უკავშირდება:

სოციალური რიტუალი დაქუჩის რადიო

იტალიურ ეზოებსა და ვიწრო ქუჩებში (განსაკუთრებით სამხრეთში) სარეცხის გაფენა ყოველთვის მეზობლებს შორის ურთიერთობის საშუალება იყო. სარეცხის გაფენის პროცესში ქალები ერთმანეთს ახალ ამბებს და ჭორებს უზიარებდნენ, ნამცხვრების რეცეპტებს ცვლიდნენ ან, უბრალოდ, საუბრობდნენ. ეს ერთგვარი სოციალური რიტუალია, რომელიც დღემდე ცოცხლობს.

დაუწერელი წესები

სარეცხის გაფენას იტალიაში თავისი დაუწერელი წესები აქვს. იტალიელი დიასახლისები ნივთებს ძალიან გულმოდგინედ ახარისხებენ და ამას ორი მიზეზი აქვს:

ესთეტიკა — ტანსაცმელი თოკებზე ფერებისა და ზომების მიხედვით იფინება, რათა ქუჩიდან ლამაზად ჩანდეს.

კონფიდენციალურობა — იტალიელი დიასახლისები საცვლებს არასდროს დაკიდებენ წინა მხარეს, ყველას დასანახად და უფრო დიდი ტანსაცმლის (მაგალითად, ზეწრების ან პირსახოცების) უკან მალავენ.

Corda e Carrucola

ბევრ ძველ იტალიურ ქალაქში სახლებს შორის გაბმულია სპეციალური თოკები, რომლებიც გორგოლაჭებზეა დამაგრებული. ამ სისტემას Corda e carrucola ეწოდება. დიასახლისი თოკზე აივნიდან გაუსვლელად კიდებს ერთ ნივთს, შემდეგ თოკს ქაჩავს და თავისუფალ ადგილზე შემდეგ ნივთს ამაგრებს.

ეს ტექნიკა, რომელსაც თბილისის ძველ უბნებში მცხოვრები დიასახლისებისთვისაც ნაცნობია, კარგად ზოგავს სივრცეს ვიწრო ქუჩებში.

კანონი და ტრადიციის დაპირისპირება

მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში გაფენილი სარეცხი იტალიური იდენტობის ნაწილია, ბოლო წლებში ზოგიერთ ტურისტულ ქალაქსა და ისტორიულ ცენტრში (ვენეცია, ფლორენცია და ა.შ.) მუნიციპალიტეტებმა „ქალაქის იერსახის შენარჩუნების“ მიზნით ქუჩის მხარეს სარეცხის გაფენის აკრძალვა სცადეს.

ასეთ მცდელობებს ადგილობრივების პროტესტი მოჰყვება ხოლმე, რადგან მათთვის ქუჩაში სარეცხის გაფენა ცხოვრების წესია და მისი მოშლის უფლებას არავის მისცემენ.

ეკონომია და მზის კულტი

იტალიელებს სჯერათ, რომ მზის სხივები საუკეთესო ბუნებრივი დეზინფექტორია (რაც თეთრ თეთრეულს განსაკუთრებულ სიქათქათეს ანიჭებს). ამას ელექტროენერგიის საკმაოდ მაღალი ტარიფებიც ემატება და ბევრ იტალიურ ოჯახს ურჩევნია, უფასო ბუნებრივი რესურსი (მზე და ქარი) გამოიყენოს, ვიდრე საშრობ მანქანებზე დიდი ენერგია დახარჯოს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი კვლევა — დისტანციური მუშაობა...

დისტანციური მუშაობა და
შობადობის ზრდა

11 ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში საუკ...

11 ქვეყანა, რომელსაც
მსოფლიოში საუკეთესო
მედიცინა აქვს

რატომ არის თვალის მწვანე ფერი იშვია...

რატომ არის თვალის მწვანე
ფერი იშვიათი?

მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბი, რ...

გოტჰარდის გვირაბები

ფრინველი, რომელსაც ყველაზე ძვირად ღ...

ყველაზე ძვირფასი ბუმბული

სადაურია ინდაური? — ფრინველი, რომელ...

სადაურია ინდაური?

რატომ ბანაობენ ავსტრალიის ჩრდილოეთშ...

რატომ ბანაობენ
ავსტრალიის ჩრდილოეთში
კოლჰოტებით?

იტალიაში დააკანონეს ანაზღაურებადი შ...

შვებულება ავად გამხდარი
შინაური ცხოველის
მოსავლელად

სახეზე მიხატული ღიმილი — უძველესი ხ...

აინუს ტომი