მინგუნის ზარი - უნიკალური გიგანტი, რომელიც დღეს თქვენც შეგიძლიათ ააჟღეროთ
13:46 პარ. 3 აპრილი
ზარი საეკლესიო რიტუალის განუყოფელი ნაწილია. ძველ დროში, ზარის რეკვით მოსახლეობას საომრად, სალოცავად ან შეკრებაზე მოიხმობდნენ. დასავლეთ ევროპაში დიდი ზომის საეკლესიო ზარების ჩამოსხმა VII საუკუნიდან დაიწყეს. ბიზანტიაში საეკლესიო ზარები IX საუკუნეში, ვენეციიდან ჩამოიტანეს, XIII საუკუნიდან კი ზარები მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელდა.
დღეისთვის ყველაზე დიდი ზომის, მოქმედი საეკლესიო ზარი მინგუნის ზარის სახელითაა (Mingun Bell) ცნობილი. ის მიანმარის (ყოფილი ბირმა) ერთ-ერთი უმთავრესი სიამაყე და მსოფლიო მნიშვნელობის საგანძურია.
ორასწლიანი ბრინჯაოს ზარი უძველესი ტექნოლოგიით, ხუთი ტიპის ლითონისგან ჩამოასხეს უდიდესი ბუდისტური ტაძრისთვის, რომელიც არ აშენდა.

მინგუნის ზარი ცნობილია, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი მოქმედი ზარი. მართალია, მსოფლიოში უფრო მძიმე ზარებიც არსებობს (მაგალითად, მოსკოვის „მეფე-ზარი“), მაგრამ ისინი ან გაბზარულია ან სხვადასხვა მიზეზის გამო, ხმას ვერ გამოსცემენ, მინგუნის ზარი კი დღესაც საუკეთესო მდგომარეობაშია.
რამდენიმე საინტერესო ფაქტი მინგუნის ზარის შესახებ:
მსოფლიოს უდიდესი ზარი ქალაქ მინგუნში, მდინარე ირავადის ნაპირზე მდებარეობს. მისი ჩამოსხმა ბირმის მეფე ბოდავპაიას ბრძანებით, 1808 წელს დაიწყო და 1810 წელს დასრულდა. მეფეს სურდა, რომ ზარი მისი გიგანტური პროექტის — მინგუნის პაგოდის ნაწილი ყოფილიყო, რომელიც სამწუხაროდ, არ დასრულდა.
ზარის წონა 87 ტონაა, სიმაღლე 3.7 მეტრი, დიამეტრი 5 მეტრამდე, ზარის კედლების სისქე 15-დან 30 სანტიმეტრამდე მერყეობს.
დასავლური ზარებისგან განსხვავებით, მინგუნის ზარს შიგნით „ენა“ (რეკვისთვის საჭირო მოძრავი ნაწილი) არ აქვს. ხმის გამოსაცემად მას გარედან, ხის დიდი უროთი ურტყამდნენ.
1839 წელს ზარი ძლიერმა მიწისძვრამ საყრდენებიდან ჩამოაგდო, თუმცა არ გატეხილა. 1896 წელს ის კვლავ აღმართეს და მას შემდეგ თავის ადგილზეა.
დღეს მინგუნის ზარი ტურისტებისთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ზარის ქვეშ შევიდეს და სპეციალური ხის ჩაქუჩი დაარტყას.

ამ ვიდეოში შეგიძლიათ მოისმიოთ უნიკალური ხმა, რომელსაც ეს 90-ტონიანი გიგანტი გამოსცემს.
რაც შეეხება ქართულ საეკლესიო ზარებს, ქართული ეკლესია XII საუკუნემდე მლოცველებს ძელის კვრით მოუხმობდა. საეკლესიო ზარები საქართველოში XIII საუკუნიდან გავრცელდა. ძველი ქართული ზარების დიდი ნაწილი ომიანობას და საბჭოთა ხელისუფლების ანტირელიგიურ კამპანიას ემსხვერპლა. დღემდე შემორჩენილი 21 ქართული ზარიდან უძველესი XV საუკუნით თარიღდება.
***
მიანმარის ოქროს ქვა, რომელიც ფიზიკის ყველა კანონს ამსხვრევს
3000 წელი ცემენტის გარეშე — ევროპის უძველესი ხიდი!
იაპონიაში არის ოჯახური სასტუმრო, რომელიც 13 საუკუნეა, მუშაობს!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან