როგორ გაცვალა საბჭოთა კავშირმა სამხედრო ხომალდები „პეპსიში“
18:00 შაბ. 13 თებერვალი, 2021 წელი
კომპანია Pepsi ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 1970-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა. ეს იყო კაპიტალისტური სამყაროს პირველი მერცხალი, რომელიც კომუნისტურ ბაზარზე შემოფრინდა. იმ დროს ორ სამყაროს შორის დაპირისპირება იმდენად მწვავე იყო, რომ გაუგებარია, როგორ მოახერხა ამერიკულმა კომპანიამ ამის გაკეთება?
პეპსის საბჭოთა ბაზარზე გამოჩენის ისტორია 1959 წელს დაიწყო, როდესაც საბჭოთა კავშირში, გამოფენაზე შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ჩამოვიდა და სსრკ ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივან ნიკიტა ხრუშჩოვს შეხვდა.
ამერიკელებმა, საბჭოთა კავშირთან ერთად, დიდი ეროვნული გამოფენა მოაწყვეს, რომლის მიზანი იყო ამერიკული საქონლის, ხელოვნების, მოდის და რა თქმა უნდა, კაპიტალიზმის იდეების პოპულარიზაცია. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ყველაზე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ამერიკული სახლის მოდელი. წარმოდგენილი იყო რიგითი საბჭოთა მოქალაქეებისთვის სასწაულის ტოლფასი ისეთი ნივთები, როგორიცაა ფერადი ტელევიზორი, მტვერსასრუტი, სარეცხი მანქანა.
ფოტოზე: შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი და სსრკ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი ამერიკული სახლის მოდელთან. მოსკოვი. 1956 წელი.
ამერიკული სამზარეულოს ნიმუშებს შორის მდგარი კონკურენტი ქვეყნის ლიდერები მწვავედ განიხილავდნენ კომუნისტური და კაპიტალისტური რეჟიმების ღირსებებსა და უარყოფით მხარეებს.
ნიქსონმა ნიკიტა ხრუშჩოვს უთხრა: თქვენი ქვეყანა გეგმავს, რომ ჩვენსას გაუსწროს. ეს განსაკუთრებით ეხება სამომხმარებლო საქონლის წარმოებას. ვიმედოვნებ, რომ ჩვენს კონკურენციას შეუძლია გააუმჯობესოს არა მხოლოდ ჩვენი ჩვენი ხალხების, არამედ მთელი მსოფლიოს ხალხის ცხოვრება. მე მჯერა, რომ იდეების თავისუფალი გაცვლა ჩვენთვის აუცილებელია“. ამის შემდეგ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ხრუშჩოვი პატარა ჯიხურთან მიიყვანა, სადაც „პეპსი“ იყიდებოდა და შესთავაზა სასმელი, რომელიც საბჭოთა კავშირში არავის გაუსინჯავს.
პეპსის ჯიხურში სასმელის ორი, განსხვავებული ვარიანტი იყო წარმოდგენილი. ერთი ამერიკულ წყალზე დამზადებული გახლდათ, ხოლო მეორე - საბჭოთა წყალზე. ხრუშჩოვს, რა თქმა უნდა, მშობლიურ წყალზე დამზადებული სასმელი მოეწონა და განაცხადა, რომ ის გაცილებით არომატული და გამაგრილებელია. სსრკ ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა გარშემო შეკრებილ საბჭოთა ჩინოვნიკებსაც შესთავაზა ამერიკული სასმელის დაგემოვნება.
ფოტოზე: ნიკიტა ხრუშჩოვი და პეპსის პირველი ყლუპი. მოსკოვი. 1956 წელი.
მეორე დღეს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები სავსე იყო ხრუშჩოვის ფოტოებით, რომელიც „პეპსის“ მიირთმევდა.
ვერანაირი რეკლამა ვერ შეძლებდა კომპანიისკენ ისეთი ყურადღების მიპყრობას, როგორიც ამ ისტორიულმა ფოტოებმა შეძლო. პეპსი ვერც კი იოცნებობდა ასეთ სარეკლამო კამპანიაზე! შედეგად, 1965 წელს, დონალდ კენდალი PepsiCo-ს კორპორაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან აღმასრულებელ დირექტორობამდე აღზევდა.
ნიქსონის (რომელმაც ხრუშჩოვი პეპსის სტენდისკენ წაიყვანა) და კენდალის (რომელმაც ხრუშჩოვს დამოკიდებულების გამომწვევი სასმელი მიაწოდა) მოქმედებები იმპროვიზაცია არ ყოფილა. ეს იყო კენდალის იდეა, ისევე როგორც პეპსის მონაწილეობა შოუში. დონალდ კენდალმა ეს უშუალო ხელმძღვანელობის ნების საწინააღმდეგოდ გააკეთა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ კომუნისტურ ქვეყანაში ამერიკული პროდუქტის გაყიდვის მცდელობა ენერგიის, დროის და ფულის უაზრო ხარჯვა იყო. შოუს წინა საღამოს კენდალი თავის ძველ მეგობარს, რიჩარდ ნიქსონს შეხვდა და სთხოვა, სასმელი საბჭოთა კავშირის ლიდერისთვის პირდაპირ ხელში გადაეცა.
კენდალმა 1972 წელს საბჭოთა კავშირთან ექსკლუზიური გარიგების დადება მოახერხა. ეს მოხდა ზემოთ აღწერილი ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენებიდან ცამეტი წლის შემდეგ. ხელშეკრულების თანახმად, პეპსის მთავარ კონკურენტს, კომპანია კოკა-კოლას საბჭოთა ბაზარზე შესვლა ეკრძალებოდა. ამ ყველაფერში ერთი ერთი დიდი სირთულე იყო - საბჭოთა ვალუტა სსრკ-ს გარეთ სრულიად უსარგებლო იყო. მას საბაზრო ეკონომიკაში რეალური ვალუტის ფუნქციები არ ჰქონდა, ამიტომ საჭირო გახდა ალტერნატიული გადახდის სისტემის შემუშავება. გამოსავალი ბარტერში მოინახა! საბჭოთა კავშირმა პეპსის გაყიდვისა და წარმოების უფლება შეიძინა, სანაცვლოდ კი კომპანია პეპსიმ მიიღო ექსკლუზიური უფლებები არაყზე „სტოლიჩნაია.“
ფოტოზე: დონალდ კენდალი - საუკუნის გარიგების ავტორი.
„პეპსი“ გახდა პირველი კაპიტალისტური ბრენდი, რომელსაც საბჭოთა კავშირში აწარმოებდნენ. ნოვოროსიისკის ქარხნის ერთ-ერთი მუშა ამ დროს ასე იხსენებდა: „პეპსის თითოეულ მუშას ინდივიდუალური, ძალიან ლამაზი ფორმა ჰქონდა. ჩვენ თეთრი ქუდები და ხალათები გვეცვა და ექიმებს ვგავდით. ამ ქარხანაში მუშაობა ძალიან დიდ პატივად მიიჩნეოდა.“
„პეპსიკოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა კენდალმა განაცხადა, რომ ეს კომპანიის საუკეთესო და ყველაზე თანამედროვე ქარხანაა, რომელიც რეკორდულად მოკლე დროში, მხოლოდ თერთმეტ თვეში აშენდა.
პირველი ქარხნის აშენება სოჭში იგეგმებოდა, მაგრამ მოულოდნელად, წყალთან დაკავშირებული პრობლემა გაჩნდა - ახლომახლო მტკნარი წყლის წყარო არ იყო. ამიტომ ქარხნის აგება ნოვოროსიისკში გადაწყდა. როდესაც ქარხანა ამუშავდა, ნოვოსიბირსკს უამრავი საბჭოთა მოქალაქე მიაწყდა. აქ მხოლოდ შავ ზღვაზე დასვენება კი არა, ნანატრი პეპსის გასინჯვაც შეიძლებოდა.
ფოტოზე: პეპსის ქარხანა ნოვოროსიისკში
1982 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირში „პეპსის“ კიდევ შვიდი ქარხანა გამოჩნდა: მოსკოვში, ლენინგრადში, კიევში, ტაშკენტში, ტალინში, ალმა-ატასა და სოხუმში.
ერთი ბოთლი „პეპსის“ ფასი ნებისმიერ საბჭოთა უალკოჰოლო სასმელზე ორჯერ მეტი იყო. ამის მიუხედავად, მისი ბაზარი ფართოვდებოდა და გაყიდვები იზრდებოდა.
ფოტოზე: პეპსის პირველი საბჭოური ეტიკეტი
ოთხმოციანი წლების ბოლოს კომპანიას სსრკ-ში ოცზე მეტი ქარხანა ჰქონდა. საბჭოთა მოქალაქეები წელიწადში თითქმის მილიარდ ბოთლ „პეპსის“ მიირთმევდნენ, რაც გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ამერიკაში დალეული „სტოლიჩნაია“. ამერიკული არყის ბაზრის შეზღუდვის გამო, კენდალი ბარტერისთვის შესაფერისი სხვა საბჭოთა პროდუქტის ძებნას შეუდგა და ბრწყინვალე იდეა გაუჩნდა - ჩამოწერილი საბჭოთა საბრძოლო გემები!
1989 წელს კენდალმა ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმად, საბჭოთა კავშირმა „პეპსის“ გადასცა კრეისერის, გამანადგურებელის, ფრეგატისა და ჩვიდმეტი წყალქვეშა ნავისგან შემდგარი ფლოტი. ბევრი მაშინ ხუმრობდა, რომ „პეპსი“ იმ დროისთვის მსოფლიოში სიდიდით მეექვსე ფლოტს ფლობდა, თუმცა ხომალდები, რა თქმა უნდა, საბრძოლო მოქმედებებისთვის აღარ გამოდგებოდა. კომპანიამ ისინი უბრალო, ჯართში ჩააბარა. თითოეულმა წყალქვეშა ნავმა PepsiCo– ს $ 150,000 წმინდა მოგება მოუტანა.
„ჩვენ საბჭოთა კავშირს უფრო სწრაფად განვაიარაღებთ, ვიდრე შენ” - ერთხელ ასე ცინიკურად მიმართა კენდალმა გენერალ ბრენტ სკოუკროფტს.
ერთი წლის შემდეგ, „პეპსიკომ“ საბჭოთა კავშირთან კიდევ ერთი, უპრეცედენტოდ დიდი გარიგების დადება შეძლო. მისი პირობები სამ მილიარდ დოლარზე მეტი მოგების მიღებას გულისხმობდა. სანაცვლოდ, საბჭოთა კავშირს ათობით გემი, ძირითადად, ნავთობის ტანკერი უნდა აეგო. „PepsiCo“ აპირებდა მათი იჯარით გაცემას ან საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვას. ეს უეჭველად, ეპოქალური გარიგება იყო, მაგრამ ერთი წლის შემდეგ საბჭოთა კავშირი დაინგრა და კომპანიას, ერთის ნაცვლად, თხუთმეტ დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან ურთიერთობა მოუწია.
მალე ბაზარზე შემოვიდა PepsiCo- ს მთავარი კონკურენტი კოკა-კოლა. და მაინც, პეპსი“ პირველ კაპიტალისტურ ბრენდად დარჩა, რომელსაც საბჭოთა კავშირში არა მარტო ყიდდნენ, არამედ აწარმოებდნენ კიდეც.
მაიკლ ჯექსონი, პეპსის რეკლამა, 1988 წელი!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან