რომელი ფრინველის ბუმბულით იკერება ყველაზე ძვირად ღირებული საბნები და ბალიშები?
19:14
იცით თუ არა, რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბუმბული იხვისებრთა დიდი ოჯახის წარმომადგენელს, ჩვეულებრივ სუსხურს (Somateria mollissima) აქვს? სუსხური მართლაც ლოგიკური სახელია ფრინველისთვის, რომელიც ექსტრემალურ ყინვაში -სუსხში ცხოვრობს და მისგან თავის დასაცავად საუკეთესო საშუალებას ქმნის.
ეს ხუმრობით, სინამდვილეში კი ფრინველის სახელი ბერძნული „somatos“-დან (სხეული) და „erion“-დან (ბამბა) მომდინარეობს, ხოლო „mollissimus“ ლათინურად „ძალიან რბილს“ ნიშნავს. ფრინველი ჩრდილოეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აღმოსავლეთ ციმბირშია გავრცელებული, თუმცა გამოსაზამთრებლად სამხრეთით მიფრინავს.
ჩვეულებრივი სუსხურის, იგივე არქტიკული იხვის სხეულის სიგრძე 50-71 სმ -ია და ის 113 კმ/სთ სიჩქარით დაფრინავს.
ფრინველის რბილი და თბილი ბუმბულისგან მაღალი ხარისხის ბალიშები მზადდება. ერთი კილოგრამი ბუმბულის საშუალო ფასი 1 000 ევროა, მისგან დამზადებული საბანი კი დაახლოებით 10 000 ევრო ღირს.
მაინც რაში მდგომარეობს ამ საოცარი მასალის უნიკალურობა? ამ საიდუმლოს ყინულოვანი ისლანდია გვიმხელს — ქვეყანა, სადაც მსოფლიოში ყველაზე ძვირფას ბუმბულს 300 წელზე მეტია აგროვებენ და ამუშავებენ.
არქტიკული იხვები ბუდეების შენებას აპრილში იწყებენ, როდესაც კუნძულზე ჯერ კიდევ ცივა, ნესტი და ქარია. არახელსაყრელი კლიმატისგან შთამომავლობის დასაცავად, ისინი ბუდეში საკუთარი სხეულიდან ამოგლეჯილ ბუმბულს აფენენ. ძვირფასი ბუმბულის შეგროვება მხოლოდ ხელით და მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც იხვები ბარტყებთან ერთად ბუდეებს ტოვებენ. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა: 60 ბუდიდან მხოლოდ 1 კილოგრამი ბუმბულის შეგროვება შეიძლება! ამას ბუმბულის დახარისხებისა და გაწმენდისთვის კიდევ 10 საათი ხელით მუშაობა ემატება.
სუსხურის ბუმბულის მოპოვება ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პროცესია — ადამიანები ბუმბულს მას შემდეგ აგროვებენ, რაც იხვები ბუდეებს ტოვებენ.
ისლანდიაში სუსხურები და ადამიანები ჰარმონიულად ცხოვრობენ: ფერმერები ფრინველებს მტაცებლებისგან (მაგალითად, მელიებისგან) იცავენ, სანაცვლოდ კი ბუდეებში დარჩენილ ძვირფას მასალას იღებენ.
არქტიკული იხვის ბუმბულს უნიკალური თვისებები გააჩნია, რომლებიც ბუნებაში სხვაგან არსად გვხვდება:
წონა: ერთი სტანდარტული ზომის საბანი სულ რაღაც 600-800 გრამს იწონის, თუმცა ის ნებისმიერ სხვა მასალაზე თბილია.
გამძლეობა: სათანადო მოვლის შემთხვევაში, სუსხურის ბუმბულის საბანი 20-30 წელი ძლებს.
თერმორეგულაცია: მას სხეულის ტემპერატურის მუდმივ დონეზე შენარჩუნება შეუძლია.
სხვა ფრინველების ბუმბულისგან განსხვავებით, არქტიკული იხვის ბუმბულებს პატარა "კაუჭები" აქვს, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებთ. სწორედ ამიტომ არ იფანტება ბუმბული ქარში და ინარჩუნებს ფორმას.
მსუბუქი და თბილი არტიკული იხვის ბუმბულით მსოფლიოში ყველაზე თბილი და მდიდრული საბნები იკერება. საქართველოში სუსხური საკმაოდ იშვიათია. ის შავი ზღვის სანაპიროზე მხოლოდ მიმოფრენისას ან ზამთრობით შეიძლება შეგვხვდეს, თუმცა მისი ბუდობისა და ბუმბულის მოპოვების ძირითადი არეალი მაინც ისლანდია, გრენლანდია და სკანდინავიის ქვეყნებია.
ასე რომ, თუ ოდესმე სუსხურის საბანს წააწყდით, იცოდეთ, რომ საქმე გაქვთ ნამდვილ ბუნებრივ ანტიფრიზთან!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან