საკნატუნო ამბები

„ტიტანიკის“ სისხლიანი ბრილიანტი, რომელსაც მფლობელისთვის უბედურება მოჰქონდა

fun time

18:00 სამ. 29 ივნისი, 2021 წელი

ტიტანიკის ბრილიანტის
ამბავი

14
დაკოპირებულია

სახელგანთქმული „ტიტანიკის“ გადაღებისას, ფილმის რეჟისორი ჯეიმს კამერონი ცდილობდა, წვრილმანებშიც კი სიზუსტე დაეცვა და მაქსიმალურად დამაჯერებელი ყოფილიყო. კინომცოდნეების თქმით, „ტიტანიკის“ რეკვიზიტები რეალობას ზუსტად ასახავს. ფაქტობრივად, ფილმში გამოჩენილ ნებისმიერი ნივთს, მათ შორის „ოკეანის გულად“ წოდებულ ბრილიანტის კულონსაც, თავისი რეალური ისტორია აქვს

როგორც ირკვევა, „ოკეანის გულის“ პროტოტიპი რეალურად არსებობდა და მას ყველა დაწყევლილს ეძახდა, რადგან მისი თითქმის ყველა მფლობელი ტრაგიკულად დაიღუპა.

ცნობები ალმასის შესახებ პირველად ლუდოვიკო XIV-ის მეფობის პერიოდში გაჩნდა, როცა ცნობილმა იუველირმა ჟან ბატისტ ტავერნიემ ინდოეთში მოგზაურობიდან ძვირფასი ქვა ჩამოიტანა.

სანამ საფრანგეთში მოხვდებოდა, ალმასი რიტუალური მსხვერპლშეწირვის ატრიბუტი გახლდათ და ოთხი ასწლეულის მანძილზე ადამიანებისა და ცხოველების სისხლით ირწყვებოდა. მოგვიანებით, ის ინდური ღვთაება შივას შუბლის სამკაულად იქცა.

ლეგენდის თანახმად, სწორედ ბრილიანტის მოპარვის შემდეგ გადმოვიდა მასზე წყევლა. ტავერნიემ ალმასი ინდოეთიდან ევროპაში კონტრაბანდული გზით შეიტანა და ლუდოვიკოს მიართვა.

ამ დროისთვის ალმასი სამკუთხედი ფორმის იყო, ცუდად დამუშავებული გახლდათ და 115 კარატს იწონიდა. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ასეთი ზომისა და ფერის ალმასები ბუნებაში ძალიან იშვიათად გვხვდება.

საფრანგეთის მეფემ ალმასის ხელახალი დაწახნაგება და ოქროს კულონში ჩასმა ბრძანა. ამის შედეგად, ძვირფასმა ქვამ 67 კარატი დაკარგა, თუმცა გაცილებით ლამაზი და ეფექტური გახდა. მოგვიანებით, ცისფერმა ბრილიანტმა საფრანგეთის სამეფო გვირგვინი დაამშვენა.

ალმასმა სახელი ევროპაში ჩამოსვლიდან უმოკლეს დროში გაითქვა, მაგრამ ეს სახელი მხოლოდ ტრაგედიებსა და უბედურებას უკავშირდებოდა.
ამბობენ, რომ ევროპაში მისი გამოჩენის შემდეგ, ჭირმა იფეთქა და უამრავი ადამიანი შეიწირა. ძალიან მალე გარდაიცვალა ალმასის შემომტანი, იუველირი ტავერნიე და მას მალე ლუდოვიკო XIV-ც მიჰყვა.

მოგვიანებით, ბრილიანტი მარია-ანტუანეტას გადაეცა. ფაქტობრივად, ამ დღიდან დაიწყო დედოფლის ყველა უბედურება, რაც საბოლოოდ, მისი სიკვდილით დასჯით დასრულდა.

საფრანგეთის რევოლუციის დროს ალმასი მოიპარეს, ამიტომ მისი კვალი ცოტა ხნით გაქრა.

🔅🔅🔅

სისხლიანი ალმასის შესახებ მორიგი ცნობები 1830 წლიდან, ბრიტანელი ბანკირის ჰენრი ჰოუპის მფლობელობაში გადასვლის შემდეგ ჩნდება. ბანკირმა ბრილიანტი, რომელსაც დღემდე „ჰოუპის ალმასად“ მოიხსენიებენ, კოლიეში ჩაასმევინა, რამაც მისი წონა დაახლოებით 45 კარატით შეამცირა.

ჰოუპის გარდაცვალების შემდეგ მისმა შთამომავლებმა ცისფერი ალმასი სულთანს მიჰყიდეს, რომელმაც, თავის მხრივ, იუველირ პიერ კარტიეს მიჰყიდა. ამბობენ, რომ სწორედ კარტიემ მისცა ალმასს გულის ფორმა.


ბრილიანტის მორიგი მფლობელი ამერიკელი ეველინ უოლშ-მაკლინი გახდა, თუმცა სამკაულმა მის სახლში უბედურება შეიტანა. ეველინს ქმარი გაულოთდა, ვაჟიშვილი ავტოკატასტროფაში დაეღუპა, ქალიშვილმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

უბედური ქალის გარდაცვალების შემდეგ, ბრილიანტი იუველირმა ჰარი უინსტონმა შეიძინა, რომელმაც მოგვიანებით ალმასი ვაშინგტონის სმიტსონის უნივერსიტეტის ისტორიის მუზეუმს გადასცა.
ამბობენ, რომ სისხლიანი ალმასის უკანასკნელი მსხვერპლი კურიერი იყო, რომელმაც ბრილიანტი ინსტიტუტში მიიტანა და უკან დაბრუნებისას მანქანამ გაიტანა.

🔅🔅🔅

ზემოხსენებულ ისტორიებს მეცნიერების ნაწილი - შემთხვევითობას, ხოლო ნაწილი ფანტაზიას უწოდებს. სკეპტიკოსები კი ამტკიცებენ, რომ „ტიტანიკის“ კოლიეს „ჰოუპის ალმასთან“ საერთო არაფერი აქვს.
და მაინც, რა საერთო და განმასხვავებელი ნიშნები აქვთ „ოკეანის გულს“ და „ჰოუპის ალმასს“?

როგორც ირკვევა, ფილმში, ბრილიანტის ნაცვლად, ტანზანიტი გამოიყენეს. ამასთანავე, ორიგინალი 350-კარატიან ეკრანულ ასლზე გაცილებით პატარაა, თუმცა ფორმა და წახნაგები მსგავსია.

„ტიტანიკის“ კადრებში ბრილიანტმა გამოჩენისთანავე მიიპყრო მნახველის ყურადღება და ბევრს მსგავსი სამკაულის შეძენის სურვილი გაუჩნდა.

„ოკეანის გულის“ მსგავსი კოლიე, რომელსაც 13,75-კარატიანი ბრილიანტი ამშვენებდა, „კრისტის“ აუქციონზე 1998 წელს გამოიტანეს და უცნობმა მყიდველმა 7 მლნ დოლარად შეიძინა.

ფილმის პოპულარობის ტალღაზე საიუველირო ფირმებმა და ბიჟუტერიის მწარმოებლებმა უზარმაზარი ფული იშოვეს - მათ სხვადასხვა შესაძლებლობების კლიენტებისთვის მასიურად დაიწყეს „ოკეანის გულის“ ასლების წარმოება და სისხლიანი ალმასის წყევლაც თანდათან დავიწყებას მიეცა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები