ეკალას რეცეპტი – დასავლეთ საქართველოს კულინარიის ფილოსოფია
17:00 შაბ. 5 ივლისი

ეკალღიჭი ან, უბრალოდ, ეკალა უბრალოდ ტყის ხვიარა ბუჩქი კი არა, დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით იმერეთის კულინარიული სიმბოლოა.
ვინ დაიწყო ველური მცენარეების ნიგვზით შეკაზმვა?
ქართულ სამზარეულოში ეკალას გამოყენება სათავეს იმ დროიდან იღებს, როდესაც ხალხი თავს ნადირობითა და მცენარეების შეგროვებით ირჩენდა. მთის მოსახლეობამ შეძლო ეს უბრალო, თითქმის სარეველა მცენარე ნამდვილ დელიკატესად ექცია.
ველური მცენარეების ნიგვზით შეკაზმვა მწყემსებმა მოიფიქრეს. მათ მთაში ნოყიერი საკვები სჭირდებოდათ, რომელიც დიდხანს ინახებოდა! სწორედ მათი შექმნილია ფხალი, რომლის ძირითადი შემადგენლობაა:
• ნიგოზი — ცხიმებისა და ცილების წყარო.
• სურნელოვანი მწვანილები — ეკალა, ჭინჭარი, ისპანახი, ჭარხლის ფოთოლი, კომბოსტო და სხვა.
• სუნელები — უცხო სუნელი, ქინძი, ნიორი და სხვ.
დღეს ფხალეული ქართული კულინარიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.
ეკალას სეზონი
ეკალა ფხალისთვის ვარგის სხვა მცენარეებთან შედარებით ოდნავ მწკლარტე გემოთი გამოირჩევა.
მის ქორფა ყლორტებს ადრე გაზაფხულზე აგროვებენ, როდესაც ფოთლები ჯერ კიდევ რბილია.
ეკალას სასარგებლო თვისებები
ეკალა შეიცავს 1,6 პროცენტამდე შაქარს, 3,4 პროცენტამდე პროტეინს, 20 პროცენტამდე ვიტამინ C-ს, მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს შეიცავს.
ეკალას შემადგენლობაში შედის საპონინი, ფიტოსტეროიდები, გლიკოზიდები, სიტოსტერინი, სახამებელი, ორგანული მჟავები, სმილაცინი, ფისოვანი ნივთიერებები.
ეკალღიჭი ასტიმულირებს სქესობრივი ჰორმონების წარმოებას, აწესრიგებს ორგანიზმის ჰორმონალურ ბალანსს და ამაღლებს ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეს.
საკვები ნივთიერებების შემცველობით ის ბოსტნეულთა შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა და ამით პარკოსნებს უახლოვდება.
ეკალას ფხალი იმერულად
ეკალას ფხალი ქართული კულინარიული ფილოსოფიის საუკეთესო მაგალითია - როცა ხვიარა ბუჩქიდან კულინარიის შედევრი იქმნება.
საჭირო პროდუქტი
- ეკალა — 1 კგ.
- გატარებული ნიგოზი — 200 გრ.
- ნიორი — 3-4 კბილი (დაჭყლეტილი)
- ხახვი — 1 ცალი (დაჭრილი წვრილად)
- ძმარი — 3 ს.კ.
- ქინძი — 50 გრ.
- სუნელები — თითო ჩ.კ. ქინძი, ხმელი სუნელი, დაფქული წითელი წიწაკა
- მარილი — გემოვნებით.
ეკალას მომზადების წესი
1. კარგად გარეცხეთ ყლორტები, მოაშორეთ ეკლები და მაგარი ღეროები. გამოიყენეთ ეკალას მხოლოდ ზედა, რბილი ნაწილი — 10 სმ-მდე.
2. გასუფთავებული და გარეცხილი ეკალა მოათავსეთ ადუღებულ წყალში და 5-6 წუთი ხარშეთ, სანამ დარბილდება. რჩევა - წყალში ცოტა მარილი ჩაყარეთ, რომ ეკალამ ხასხასა მწვანე ფერი შეინარჩუნოს.
3. მოხარშული ეკალა ცეცხლიდან გადმოდგით, წყალი გადაუწურეთ და რომ შეგრილდება, ხელით კარგად გაწურეთ, რომ ზედმეტი წყალი მოაცილოთ. ამის შემდეგ წვრილად დაკეპეთ.
4. მოამზადეთ სუნელი - გატარებული ნიგოზი და ნიორი, წვრილად დაჭრილი ხახვი და ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, დაფქული წიწაკა, მარილი, ძმარი კარგად აურიეთ.
5. მომზადებული სუნელი დაუმატეთ დაჭრილ ეკალას და ერთმანეთში კარგად გადაურიეთ. სულ ეს არის.
მზა ეკალა თეფშზე შეგიძლიათ ბროწეულის მარცვლებით ან ქინძის ფოთლებით მორთოთ. სუფრასთან მჭადთან ერთად მიიტანეთ.
გემრიელად მიირთვით!
ესეც უნდა სცადოთ:
სიახლეები ამავე კატეგორიიდან