როდის ჯობია კბილების გახეხვა - საუზმემდე თუ საუზმის შემდეგ?
12:00 ოთხ. 19 იანვარი, 2022 წელი
იმაზე არავინ დაობს, რომ პირის ღრუს სისუფთავე და კბილების მოვლა სახლის პირობებში ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, მაგრამ არ გაგიკვირდეთ, თუკი გეტყვით, რომ ბევრს კამათობენ იმის შესახებ, თუ როდის ჯობია დილით კბილების გახეხვა - საუზმემდე თუ საუზმის შემდეგ.
საუზმემდე კბილების გახეხვის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ღამით, ძილის დროს, პირის ღრუში ბაქტერიები მრავლდებიან და საუზმემდე მათი მოცილება აუცილებელია, ხოლო ისინი, ვინც კბილებზე საუზმის შემდეგ ზრუნავენ, ფიქრობენ, რომ ამ გზით არა მხოლოდ ასუფთავებენ კბილებს, არამედ ათავისუფლებენ საკვების ნარჩენებისგან, ანუ ორმაგ სარგებელს იღებენ.
მეცნიერული თვალსაზრისით, საიზმემდე კბილების გახეხვა უფრო მართებულია - კბილები და ღრძილები სხვადასხვა საკვებისა და სასმელის (განსაკუთრებით ფორთოხლის წვენის) საკმაოდ აგრესიულ ზემოქმედებას გაწმენდილი და დაცული უნდა შეხვდეს.
საქმე ის არის, რომ ხეხვა არა მხოლოდ ასუფთავებს კბილებს ბაქტერიული ნადებისგან, არამედ მინანქარს დამცავი ფენითაც ფარავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მინანქრის ეროზია კბილებს დაუცველს ხდის ინფექციებისა და კარიესის მიმართ.
გარდა ამისა, კბილების ხეხვა ააქტიურებს ნერწყვის გამომუშავებას, რაც საჭმლის მონელების პროცესში და პირის ღრუს ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
გაითვალისწინეთ, რომ თუ კბილებს მენთოლიანი პასტით გაიხეხავთ და შემდეგ ფორთოხლის წვენს დალევთ, მისი გემო შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ. ამის მიზეზი პასტაში შემავალი ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც გემოს რეცეპტორებზე მოქმედებს და გემოს აღქმას ცვლის, ამიტომ კბილების გახეხვასა და საკვების მიღებას შორის მცირე ინტერვალი მაინც უნდა იყოს.
როგორ მოვიქცეთ თუ ცდუნებას ვერ გავუძელით და საკვები კბილების გახეხვამდე მივირთვით?
ამ შემთხვევაში პროცედურა საუზმის შემდეგ უნდა გადაიტანოთ, თუმცა მცირე ინტერვალი ამ შემთხვევაშიც აუცილებელია.
საქმე ის გახლავთ, რომ საკვებში შემავალი მჟავა კბილის მინანქარს დროებით ასუსტებს და კვების დასრულებისთანავე გახეხვით კბილებს მეტ ზიანს მიაყენებთ, ვიდრე სარგებელს.
ექიმები გვირჩევენ, რომ საუზმის დამთავრებისთანავე, პირის ღრუში წყალი გამოივლოთ, ნახევარი საათის შემდეგ კი პასტით გაიხეხოთ.
🔰
ადამიანის კბილები - უცნაური ფაქტები, რომლებიც გაგონილი არ გქნებათ
სიბრძნის კბილი - რატომ არ ამოსდით მექსიკელებს კბილების მე-8 წყვილი?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან