ურთიერთობა

ABBA-ს შავთმიანი სოლისტის ტრაგედია და საიდუმლო, რომელსაც ჯგუფის წევრებსაც არ უმხელდა

fun time

18:00 ორშ. 26 ივლისი, 2021 წელი

ABBA-ს სოლისტის საიდუმლო

14
დაკოპირებულია

ABBA-ს გასახდელში ხმაური და მხიარულება იყო. აგნეტა, ბიორნი, ფრიდა და ბენი ავსტრალიური ტურნეს წარმატებით დაწყებას აღნიშნავდნენ. საყოველთაო მხიარულების ფონზე ფრიდამ შამპანურის ჭიქა დადო და წერილი გახსნა, რომელიც პრესმდივანმა გადასცა. პირველი სტრიქონების წაკითხვისთანავე ფრიდა გაოგნებული სახით სავარძელში ჩაეშვა. 

ბენი ცოლს სიცილით მიუახლოვდა: „კარგად ხარ? ისეთი სახე გაქვს, თითქოს მოჩვენება დაინახე!“

დიახ, შეიძლება ითქვას ასეც იყო ...

ABBA-ს აგენტი ფრიდას გაკრული ხელით სწერდა:

„ფრიდა, დღეს ჩვენი სტოკჰოლმის ოფისში ვიღაც უცნაურმა კაცმა დარეკა, რომელსაც თქვენთან საუბარი სურდა. ის ამტკიცებდა, რომ მამაშენია. მე რა თქმა უნდა, თქვენი სიდნეის სასტუმროს ნომერი არ მივეცი. იქნებ პოლიციას დავურეკო? ბოლო დროს იმდენი გიჟი გვიკავშირდება“.

ფრიდამ ბენის კითხვებით სავსე მზერას თითქმის ჩურჩულით უპასუხა:

- მამა არ მყავს. ის, ვინც იყო, დიდი ხნის წინ გარდაიცვალა!

- გადააგდე ეს სულელური წერილი და დაივიწყე. არ ღირს სულელური ფანტაზია იმად, რომ ამდენი ინერვიულო. ყოველდღე უამრავ წერილს გვიგზავნიან. ყველა რომ წაიკითხო, მამასაც „იპოვი“, დაკარგულ დასაც და შვილებსაც... იმდენ შვილს, რომ საბავშვო ბაღს გახსნი. მოდი გავერთოთ, სანამ შეგვიძლია. ხვალ ისევ კონცერტები და პრესკონფერენციები გველის და მოდუნების დრო აღარ გვექნება“ - დაამშვიდა ბენმა ცოლი.

მომდევნო დღეების განმავლობაში, სიდნეის სცენაზე მდგარი ფრიდა Mamma mia-ს და The winner take it all-ს ავტომატურად მღეროდა, მაგრამ მისი აზრები სცენიდან შორს იყო. ქალს აღარც თაყვანისმცემლების შეძახილები და აღარც ყვავილების ზღვა ახარებდა. ჯგუფის აგენტმა აცნობა, რომ მამაკაცი, რომელიც თავს მომღერლის მამად აცხადებს, განუწყვეტლივ რეკავს. მას ალფრედი ჰქვია და გერმანიაში ცხოვრობს.

ფრიდას ყველაზე მეტად ერთი კითხვა აწუხებდა:ა მოხდება, თუ ამის შესახებ პრესა გაიგებს?

🔹🔹🔹

ABBA-ს წევრების პირადი ცხოვრება ყოველთვის გასაიდუმლოებული იყო - მილიონების კერპები იდუმალები და მიუწვდომლები უნდა ყოფილიყვნენ. კიდევ ეყვარება მსმენელს, თუ გაიგებს, რომ ფრიდამ კარიერის გამო ორი შვილი მიატოვა? რა აურზაური ატყდება, თუ პრესა გაიგებს, რომ ის ნორვეგიელი გოგონასა და ფაშისტი ოფიცრის უკანონო ქალიშვილია.

ფრიდა თავის ოჯახზე არასოდეს ლაპარაკობდა. თუმცა, სალაპარაკო ბევრი არაფერი იყო. მომღერალმა იცოდა, რომ დედამისი ახალგაზრდობაში გერმანელმა ჯარისკაცმა შეაცდინა და გაქრა. მისი სამხედრო ნაწილი ქალაქ ბიორკასენში იყო განლაგებული.

ფრიდას დედა სიუნი, დედასთან და ახალშობილ ქალიშვილთან ერთად, საცხოვრებლად შვედეთში გადავიდა. ასეთი გადაწყვეტილება გამოწვეული იყო გერმანელ ჯარისკაცებთან ურთიერთობაში შემჩნეული ქალების მიმართ დამოკიდებულებით. მათ შეურაცხყოფდნენ და შვილების ჩამორთმევით ემუქრებოდნენ.

სიუნი სრულიად ახალგაზრდა, 21 წლის ასაკში თირკმლის დაავადებით გარდაიცვალა.

ფრიდა ბებიამ გაზარდა. ის ცდილობდა, რომ გოგონას მამის შესახებ ინფორმაცია მოეძიებინა. ქალმა მხოლოდ იმის გარკვევა მოახერხა, რომ ბორანს, რომლითაც ფრიდას მამა გერმანიისკენ მიცურავდა, მტრის ტორპედო მოხვდა და ჩაიძირა.

ერთადერთი, რაც გოგონას მამისგან დარჩა, ძველი გაცვეთილი ფოტოსურათი იყო, საიდანაც სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, ულვაშებიანი ლამაზი მამაკაცი ამაყად იყურებოდა.

მთელი კვირის მანძილზე, სანამ უცნობი მამაკაცი ABBA-ს სტოკჰოლმის ოფისში რეკავდა, ფრიდას ფიქრები ტანჯავდა. ის, ბოლოს და ბოლოს, მიხვდა, როგორ გამოეჭირა თვითმარქვია ტყუილში. გასტროლებიდან დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა, თავად დაერეკა. ყურმილიდან მამაკაცის სასიამოვნო ხმა ისმოდა. ის შესამჩნევად ნერვიულობდა.

ფრიდამ პირველმა დაუსვა კითხვა, რომლის პასუხი მხოლოდ გარდაცვლილმა დედამ, გერმანელმა მამამ და მომღერლის ბებიამ იცოდნენ:

- მითხარით, ალფრედ, რას აჩუქეთ დედას პირველი პაემნის დღეს? - რისი ჩუქება შეეძლო ჯარისკაცს ღარიბი ნორვეგიელ გოგონასთვის? ყვავილები? საათი? ჯიბის სარკე?

- კარტოფილი - უპასუხა ალფრედმა. - მე მას კარტოფილით სავსე პარკი მივეცი. ორი კილოგრამი იყო და სიუნი ისეთი ბედნიერი ჩანდა...

ფრიდას ცრემლები წასკდა.. მამაკაცი ნამდვილად მამამისი იყო.

🔹🔹🔹

ყოველ დილით, სამხედრო წვრთნებზე მიმავალ 24 წლის ალფრედ ჰაასეს ლინგსტადების სახლთან უნდა გაევლო, სადაც ყავისფერთმიანი, ლამაზი გოგონა ცხოვრობდა. ჯარისკაცის მკაცრ, უსიხარულო სამყაროში გოგონა ერთადერთი ნათელი წერტილი იყო და ალფრედი მასთან შეხვედრას დღესასწაულივით ელოდა.

ომის დროს ორ კილოგრამ კარტოფილს ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც მშვიდობიან დროს ყვავილების თაიგულს. ისინი ახალგაზრდები და შეყვარებულები იყვნენ და ბედნიერ მომავალზე ოცნებობდნენ.

როდესაც სიუნის მუცელი ოდნავ წამოეზარდა, ალფრედი მოულოდნელად სხვა ფრონტზე გააგზავნეს. მალე სიუნის შეეძინა გოგონა, რომელსაც ანი-ფრიდი დაარქვეს.
ომის შემდეგ გერმანელებთან კავშირში ეჭვმიტანილ გოგონებს ასამართლებდნენ და იძულებით შრომას უსჯიდნენ, ხოლო მათ შვილებს ბავშვთა სახლებში აგზავნიდნენ. სიუნიმ გადაწყვიტა, საკუთარი თავი და ქალიშვილი გადაერჩინა.

როდესაც ისინი საცხოვრებლად ნორვეგიიდან შვედეთის პატარა ქალაქში გადავიდნენ, ოჯახში სიმშვიდემ დაისადგურა, თუმცა სიუნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 21 წლის გოგონა სიცოცხლისთვის ბრძოლამ დაღალა და ბედს შეეგუა.

🔹🔹🔹

დაობლებული ანი-ფრიდას აღზრდა საკუთარ თავზე 56 წლის ბებიამ აიღო. აგნიამ შვედური ცუდად იცოდა, მაგრამ შესანიშნავად კერავდა და შეკვეთებსაც იღებდა. კერვის გარდა, ქალი ჭურჭლის მრეცხავად და რძის დამტარებლადაც მუშაობდა და ზოგადად, არც ერთი საქმის კეთებას არ თაკილობდა.

ფრიდა სერიოზული გოგონა გაიზარდა, რომელიც იშვიათად იღიმებოდა. ის გულმოდგინედ სწავლობდა და ცდილობდა, რომ დედას მისით ზეცაში ეამაყა.
ფრიდას კარგი ხმა ჰქონდა. მოგვიანებით მან, პატარა ორკესტრებთან ერთად, სიმღერა დაიწყო და პირველ წარმატებებს მიაღწია.
17 წლის ასაკში გოგონას მუსიკოსი რაგნარ ფრედრიქსონი შეუყვარდა და დაფეხმძიმდა. წყვილი დაქორწინდა და ორი შვილი შეეძინა.

ოჯახური ცხოვრება არ აეწყო. რაგნარი ცოლ-შვილზე არ ზრუნავდა, ამიტომ ყველაფრის კეთება ფრიდას უწევდა. ქალს მალე ყველაფერი მობეზრდა, ქმარი მიატოვა და ცნობილ მუსიკოს ლასესთან ერთად გასტროლებზე გაემგზავრა. ტურნეს შემდეგ ფრიდა ევროვიზიის შესარჩევ კონკურსზე გავიდა, სადაც მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა, თუმცა გაიცნო მამაკაცი, რომელიც მისი ქმარი და ABBA– ს სოლისტი გახდა.

🔹🔹🔹

ახლა კი 32 წლის ფრიდა უნდა შეხვდეს მამას, რომელიც არასოდეს უნახავს.

სტოკჰოლმის აეროპორტში გერმანიიდან ჩამოფრენილი თვითმფრინავი დაეშვა. ჟურნალისტებს რომ არაფერი გაეგოთ, ალფრედი აეროპორტიდან VIP დარბაზის გავლით გაიყვანეს და ფრიდასა და ბენის აგარაკზე მიიყვანეს.

ალფრედი თმაშევერცხლილი, სიმპათიური მამაკაცი აღმოჩნდა, რომელიც სულაც არ ჰგავდეა ძველისძველ ფოტოზე აღბეჭდილ ჯარისკაცს. მამა-შვილი ერთმანეთს მიესალმა და ხანგრძლივი პაუზა ჩამოწვა...

ფრიდამ მამა ვერანდაზე მიიწვია, რომელიც ულამაზეს ბაღს გადაჰყურებდა. ალფრედმა უხერხულად თქვა:

- გამარჯობა, შვილო. არ ვიცი რა ვთქვა.. ეს ყველაფერი იმდენად მოულოდნელია...

ალფრედმა ქალიშვილის პოვნის დღე გაიხსენა.

მისი თქმით, ერთ მშვენიერ დღეს, შვილმა პეტრემ ჰკითხა:

- სახელი სიუნი ლინგსტადი გეცნობა?

1977 წელს ჟურნალმა „ბრავომ“ სპეციალურად გერმანელი თაყვანისმცემლებისთვის ABBA-ს თითოეული წევრის ბიოგრაფია გამოაქვეყნა.

პეტრემ მამას თითით ანიშნა ყავისფერთმიან ახალგაზრდა გოგონაზე:

- გილოცავ, ის შენს ქალიშვილია!

ფრიდას ფოტოსურათის ქვეშ მისი ბიოგრაფია ეწერა, სადაც მოხსენებული იყო მამაც - ვინმე ალფრედ ჰაასი, რომელიც ომის დროს გარდაიცვალა.

ალფრედი ფრიდას ფოტოს დააკვირდა და გაოგნებულმა თქვა:

- ღმერთო ჩემო.. დედის ასლია.. იგივე თვალები, შუბლი, თმა!

🔹🔹🔹

ალფრედს შვილთან დასამალი არაფერი ჰქონდა: ცხოვრობდა, მუშაობდა, ფული აგროვებდა, შვილებს ზრდიდა და პატარა რესტორანში მზარეულად მუშაობდა.

ფრიდა მამას ჩუმად უსმენდა. ის საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მამაკაცი არ ატყუებდა. ალფრედს მყუდრო სახლი და საყვარელი ცოლ-შვილი ჰყავს და კარგად ორგანიზებული ცხოვრება აქვს. მას ცნობილი ქალიშვილისგან არაფერი სჭირდება. პირიქით, მისი პოპულარობა ხელშემშლელიც კია.

ფრიდამ მამაკაცს თვალებში ჩახედა და ჰკითხა:

- მთელი ამ წლების მანძილზე რატომ არ მომძებნე? მე და ბებიას ხომ ძალიან გვიჭირდა?

რა თქმა უნდა, ალფრედმა იცრუა. ფრიდამ იპოვა ბებიას დღიური, სადაც ეწერა, რომ გერმანელ ჯარისკაცს სიუნის ორსულობის შესახებ აცნობა. ის დახმარებას დაჰპირდა და დაიკარგა.

ბებიას დღიურის პოვნის შემდეგ ფრიდამ გადაწყვიტა, რომ მატყუარა მამასთან შეხვედრები უნდა შეეწყვიტა.

🔹🔹🔹

მამასთან უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ ABBA უკანასკნელ ალბომს ჩაწერს და დაიშლება.

ფრიდა და ბენი, აგნეტა და ბიორნი ერთმანეთს დაცილდებიან. ფრიდა დიდი გაჭირვებით მოახერხებს ურთიერთობის აღდგენას ზრდასრულ შვილებთან, რომლებიც ოდესღაც მიატოვა.

1986 წელს ფრიდა საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა, სადაც თავისი ცხოვრების პრინცს შეხვდა. ის ძველი, დიდგვაროვანი ოჯახის მდიდარი მემკვიდრე ჰენრიხ რუცო რეის ფონ პლაუენი აღმოჩნდა. ქორწინების შემდეგ ფრიდას მისი უდიდებულესობა პრინცესა ანა ფრიდა რეის ფონ პლაუენის სახელით მოიხსენებენ.

პრინცთან სიყვარულის ამბავი სამწუხაროდ დასრულდა. ქორწინებიდან შვიდი წლის შემდეგ თავადი სიმსივნით გარდაიცვალა. ერთი წლით ადრე კი ფრიდას 31 წლის ქალიშვილი, ანა ლიზა-ლოტე ფრედრიკსონი ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა.

🔹🔹🔹

ფრიდას ცხოვრების სურვილი ახალმა სიყვარულმა დაუბრუნა. 2008 წელს ის ბრიტანელ არისტოკრატ ჰენრი სმიტს შეხვდა, რომელიც მე-5 ვიკონტ ჰამბლენის ტიტულს ატარებდა.

ამჟამად ფრიდა საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და გარემოს დაცვაზე ზრუნავს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!