ურთიერთობა

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბერგის პროცესზე?

fun time

15:46 სამ. 12 მარტი

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

14
დაკოპირებულია

თქვენ წინაშე ძალიან ცნობილი ფოტოა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ იცინოდნენ ნიურნბერგის ტრიბუნალის წინაშე მდგარი  ნაცისტი დამნაშავეები. 

დავიწყოთ იმით, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულმა ქვეყნებმა: სსრკ-მ, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი შექმნეს, რომელსაც დამარცხებული სახელმწიფოს გერმანიის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო პირები უნდა გაესამართლებინა. ტრიბუნალმა ბინა გერმანიის ქ. ნიურნბერგში დაიდო.

ნიურნბერგის პროცესი 1945 წლის 20 ნოემბერს დაიწყო, 1946 წლის 1 ოქტომბერს დასრულდა და ნაცისტ დამნაშავეებს უმკაცრესი სასჯელები გამოუტანა.

***

მაინც რამ გაამხიარულა ჰერმან გერინგი, რუდოლფ ჰესი, ფონ რიბენტროპი, ვილჰელმ კეიტელი და სხვა დამნაშავეები მკაცრი სასჯელის გამოტანამდე ცოტა ხნით ადრე?

ეს ფოტო სასამართლოში მესამე რაიხის მთავარი იდეოლოგის, ალფრედ როზენბერგის ადვოკატის საუბრის დროსაა გადაღებული.

ტრიბუნალზე სასამართლო პროცესი რამდენიმე ენაზე ჩატარდა (ინგლისური, გერმანული, რუსული და ფრანგული). შესაბამისად, ბრალდებულებს ყურსასმენები დაურიგეს, რათა თარგმანი ერთდროულად მოესმინათ.

როზენბერგის ადვოკატი ალფრედ ტომა (Heinrich Nikolaus Alfred Thoma) სიტყვით გამოსვლის დროს თანაშემწეს სხვადასხვა მითითებას აძლევდა, რა დროსაც მიკროფონს თიშავდა, მაგრამ რაღაც მომენტში ხმის გათიშვა დაავიწყდა.

საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალზე საბჭოთა დელეგაციის მდივანი, არკადი პოლტორაკი თავის წიგნში, „ნიურნბერგის ეპილოგი“ იხსენებდა:

„ადვოკატის თანაშემწე სიტყვით გამოსვლას ყურადღებით უსმენდა და დროდადრო თავის უფროსს საჭირო დოკუმენტებს აწვდიდა. რაღაც მომენტში მითითება არასწორად გაიგო (ან თავად ტომას შეეშალა) და ადვოკატს როზენბერგის წიგნი "მე-20 საუკუნის მითი" მიაწოდა. ადვოკატმა წიგნი მექანიკურად მოსამართლეებს მიაწოდა, მაგრამ ბოლო წამს შეცდომა აღმოაჩინა და ყურებამდე გაწითლდა. განრისხებულმა ადვოკატმა თანაშემწეს შეხედა და უცებ მთელ ოთახში, ყველა ყურსასმენში ხმამაღლა გაისმა:

- იდიოტო, რატომ მტენი ამ ნაგავს?“

დიახ, ადვოკატს მიკროფონის გამორთვა დაავიწყდა, რამაც დარბაზში მყოფი ყველა პირი გაამხიარულა. იცინოდა ყველა, ალფრედ როზენბერგის გარდა. ის მე-3 რაიხის მთავარი იდეოლოგი გახლდათ, რომელმაც არიული რასის უპირატესობის თემაზე 1930 წელს გამოაქვეყნა წიგნი "მე-20 საუკუნის მითი". ამ წიგნს ჰიტლერის „Mein Kampf“-ის („ჩემი ბრძოლა“) შემდეგ ნაცისტების მე-2 სახელმძღვანელოს უწოდებენ.

ფოტოზე: ალფრედ როზენბერგი (Alfred Ernst Rosenberg),

მესამე რაიხის მთავარი იდეოლოგი, "მე-20 საუკუნის მითის" ავტორი

ამ კურიოზული სიტუაციის გამო სიცილი ვერც დიდი ბრიტანეთის მთავარმა მოსამართლემ, ლორდმა ლოურენსმა შეიკავა, რომელიც დაკითხვას ატარებდა.

***

თუმცა, ნაცისტებს სიცილი დიდხანს არ მოუწიათ...

სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა გერინგს, რიბენტროპს, კეიტელს, როზენბერგს, კალტენბრუნერს, ფრიკს, ფრანკს, შტრაიხერს, ზაუკელს, იოდლს, ზაის-ინკვარტს და ბორმანს (დაუსწრებლად).

სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ ჰესს, ფუნკს, და რედერს.

12-12 წლით თავისუფლება აღუკვეთეს შირახს და შპეერს.

15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ნოირატს.

გროს-ადმირალ დენიცს სასამართლომ 10 წლით აღუკვეთა თავისუფლება.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტრიბუნალმა სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა ცნობილი მაგნატის კრუპის წინააღმდეგ.

სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდნენ შახტი, პაპენი და ფრიჩე.

სასიკვდილო განაჩენის (ჩამოხრჩობა) შესრულება დაიწყო 1946 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე და პროცესმა საათნახევრამდე გასტანა.

მანამდე, 1945 წლის 25 ოქტომბერს რ. ლეიმ საკუთარ საკანში თავი ჩამოიხრჩო.

ვიდრე სასიკვდილო განაჩენები შესრულდებოდა 1946 წლის 15 ოქტომბერს, სამი საათით ადრე, გერინგმა საკანში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ტრიბუნალმა დანაშაულებრივად გამოაცხადა: ნაციონალისტურ-სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობა, გესტაპო (საიდუმლო პოლიცია), სდ (Geheime Staatspolizei), სს (SS, Schutzstaffein) და სა (Sturmabteilungen).

ესეც დაგაინტერესებთ:

ერთადერთი ინტერვიუ ჰიტლერის დასთან

მაგდა გებელსი - 6 შვილის მკვლელობა და თვითმკვლელობა ჰიტლერის მარცხის გამო

ვინ არიან ადამიანები, ვინც 21-ე საუკუნეში ჰიტლერის პენსიას იღებენ?

ჰიტლერის დეგუსტატორის აღსარება

ადოლფ ჰიტლერისა და ევა ბრაუნის ურთიერთობის უნიკალური ვიდეოკადრები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!

სამი რამ, რასაც ჭკვიანი ადამიანი მა...

არტურ შოპენჰაუერი