ამბავი მილიონერისა, რომელიც ხელ-ფეხის გარეშე დაიბადა
16:49 ორშ. 14 ნოემბერი, 2022 წელი

ოჯახი მის დაბადებას ძალიან დიდხანს ელოდა, ამიტომ მამამ გადაწყვიტა ცოლის მშობიარობას დასწრებოდა. აი, ბავშვის მხარი გამოჩნდა, მაგრამ მას ხელი არ მოჰყვა. ბორის ვუიჩიჩი მიხვდა, რომ ცოლს მისი გაოგნებული სახე არ უნდა დაენახა და ოთახი სასწრაფოდ დატოვა.
ტეტრა-ამელიას სინდრომი
ნიკ ვუიჩიჩი (Nick Vujicic) 1982 წლიეს 4 დეკემბერს იშვიათი დაავადებით - ტეტრა-ამელიას სინდრომით დაიბადა. ხელები დაბადებიდან არ დაჰყვა, ხოლო სრულყოფილი ფეხების ნაცვლად, განუვითარებელი წანაზარდები ჰქონდა. მათი დახმარებით ბიჭმა სიარული, ცურვა, სკეიტბორდზე სრიალი, კომპიუტერზე თამაში და წერა ისწავლა. თუ კიდურების არარსებობას არ ჩავთვლით, ნიკი სრულიად ჯანმრთელი ბავშვი იყო და მშობლებმა ის ჩვეულებრივ სკოლაში შეიყვანეს. ნიკი პირველი შშმ პირი გახდა, რომელიც ჩვეულებრივ ავსტრალიურ სკოლაში სწავლობდა.
ასაკის მატებასთან ერთად, ბავშვი აცნობიერებდა, რომ თანატოლებს არ ჰგავდა. რვა წლის ასაკში მან თვითმკვლელობა გადაწყვიტა, მაგრამ უკანასკნელ წუთს განზრახვაზე უარი თქვა. „ვფიქრობდი, რომ ჩემს სიცოცხლეს აზრი არ აქვს. ვერასოდეს ვიმუშავებ და ვერასოდეს მოვკიდებ ხელს საყვარელ გოგონას, მაშინ იქნებ ამის დასრულებ ჯობს? წარმოვიდგინე ჩემი დაკრძალვა - ატირებული დედა და მამა... და მივხვდი, რომ თავს ვერ მოვიკლავდი. მათგან სიყვარულის გარდა არაფერი მიმიღია და ამას არ იმსახურებდნენ“ - აღიარა მოგვიანებით ნიკმა.
პირველი წარმატება
19 წლის ასაკში ნიკი უნივერსიტეტში ფინანსურ დაგეგმარებას სწავლობდა, როდესაც სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლა სთხოვეს. ნიკის გამოსვლა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ დარბაზში მყოფმა ადამიანებმა ცრემლები ვერ შეიკავეს.
19 წლის ასაკში თავისი პირველი სამოტივაციო გამოსვლის შემდეგ ნიკი ნამდვილ ორატორად იქცა. ნიკმა მთელი მსოფლიო მოიარა და საკუთარი ცხოვრება მილიონობით მსმენელს გააცნო. ის წელიწადში სიტყვით დაახლოებით 250-ჯერ გამოდის და უამრავ ადამიანს მოტივაციის ამაღლებაში ეხმარება.
2005 წელს ნიკმა მოიპოვა ნომინაცია ”წლის ახალგაზრდა ავსტრალიელი”. მისი პირველი წიგნი 2010 წელს გამოქვეყნდა.
დღეს ნიკი საქველმოქმედო ორგანიზაციის პრეზიდენტია და აქვს მოტივაციური ორატორობის საკუთარი კომპანია Attitude Is Altitude (“დამოკიდებულება სიმაღლეა”).
ოჯახი
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მილიონერია, ბედნიერებას არა ფულში, არამედ საყვარელ ადამიანებში ხედავს.
2012 წლის 12 თებერვალს ნიკ ვუიჩიჩი კანაე მიიაჰარაზე დაქორწინდა, ხოლო 2013 წლის 14 თებერვალს პირველი შვილის მამა გახდა.
დღეს ნიკის და კანაეს 4 სრულიად ჯანმრთელი შვილი ჰყავთ.
ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც კიდურების გარეშე დაიბადა, უფრო მეტს მიაღწია, ვიდრე სრულიად ჯანმრთელი ადამიანების უმეტესობამ. ის მსოფლიოსთვის მაგალითად იქცა!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან