განქორწინება - უცნობი ფაქტები, მიზეზები და სტატისტიკა
16:21 კვი. 23 იანვარი, 2022 წელი
განქორწინების ყველაზე გავრცელებული მიზეზი ცოლქმრული ღალატია. კვლევების თანახმად, განქორწინების შემთხვევების მეოთხედი ერთ-ერთი მეუღლის ღალატის გამო ხდება, მეორე ადგილზე (17%-20%) ოჯახური ძალადობაა. სტატისტიკის თანახმად, ცოლქმრული ღალატის შემთხვევების 75% მამაკაცების ანგარიშზეა, 25%-ში კი ცოლები სცოდავენ.
როგორ მოქმედებს განქორწინება ბავშვებზე?
2002 წელს ამერიკის სამედიცინო ასოციაციამ (American Medical Association) 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში აკადემიური მოსწრების კვლევა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ განქორწინებული მშობლების შვილებს სრულფასოვან ოჯახში აღზრდილ ბავშვებთან შედარებით ცუდი აკადემიური მოსწრება აქვთ.
როდის იზრდება განქორწინებების რიცხვი?
სტატისტიკის თანახმად, განქორწინების მაჩვენებელი საომარი მოქმედებებისა და სოციალურ-პოლიტიკური რყევების დროს იზრდება. დადასტურებულია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განქორწინების მაჩვენებელი სწრაფად გაიზარდა, რადგან მამაკაცები ფრონტზე წასვლის წინ დაქორწინებას და მემკვიდრის დატოვებას ჩქარობდნენ. ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს, რომ მეუღლეებთან საერთო არაფერი ჰქონდათ და განქორწინება გარდაუვალი იყო.
დაქორწინებულები უფრო ბედნიერები არიან?
Journal of Positive Psychology-მა ბედნიერების სუბიექტურ აღქმაზე საკმაოდ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.
კვლევა, რომლის დროსაც 7500 ადამიანი გამოკითხეს, საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს (1968 -2010 წლები). მკვლევარებმა ოჯახურ ცხოვრებასა და ბედნიერების დონეს შორის კავშირის დადგენა სცადეს და გაარკვიეს, რომ განქორწინებულ ადამიანებს დემენციის განვითარების მაღალი რისკი აქვთ. ამასთან, დაქორწინებული ადამიანი, მარტოხელასთან შედარებით, ფიზიკურად უფრო ძლიერია. ასევე გაირკვა, რომ დაქორწინებულები განქორწინებულებთან შედარებით თავს ბედნიერად უფრო ხშირად გრძნობენ.
ინტერნეტით გაცნობა vs რეალურ ცხოვრებაში გაცნობა
2013 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა კვლევებმა ძალიან მოულოდნელი შედეგები აჩვენა. გაირკვა, რომ ადამიანებს, რომლებმაც ერთმანეთი ინტერნეტში გაიცნეს და შემდეგ დაქორწინდნენ, ოჯახის შენარჩუნების უფრო მეტი შანსი აქვთ მათთან შედარებით, ვინც ერთმანეთი რეალურ ცხოვრებაში გაიცნო. ამ ფენომენს მარტივი ახსნა აქვს - მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ადამიანებს, რომლებმაც ერთმანეთი ინტერნეტის საშუალებით გაიცნეს, მეტი საერთო ინტერესები და ჰობი აქვთ.
განქორწინებები საქართველოში
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018-2019 წლის მონაცემების თანახმად, საქართველოში განქორწინებული წყვილების უმეტესობა ერთმანეთს 4-წლიანი ან უფრო ხანმოკლე ქორწინების განმავლობაში დაშორდა. 2019 წელს განქორწინების 11 205 შემთხვევა აღრიცხეს. მათგან ყველაზე მეტი, 3 662 წყვილი ქორწინებაში 4 წლის ან ნაკლები დროის განმავლობაში იყო.
ირკვევა, რომ თითქმის ერთნაირია იმ წყვილთა რაოდენობა, რომელთაც 20 ან მეტწლიანი ქორწინება აკავშირებდათ (2 556 განქორწინება) და მათი - ვინც ქორწინებაში 5-9 წელი იყვნენ (2 570 განქორწინება).
ამასთან, საქსტატის მონაცემები ცხადყოფს, რომ 2019 წელს, 2018-თან შედარებით, განქორწინებათა რაოდენობა გაზრდილია.
განქორწინებები მსოფლიოში
რაც შეეხება მსოფლიო სტატისტიკას, აფრიკის ქვეყნების გარდა, მონაცემები ყველგან საგანგაშოა.
განვითარებული ქვეყნებიდან მეტ-ნაკლებად უკეთესი სტატისტიკაა ჩილეში, ბოსნიასა და ტაილანდში. იქ განქორწინებების პროცენტული მაჩვენებელი ქორწინებების 10%-მდე მერყეობს.
მსოფლიოს დიდი ქვეყნებიდან შედარებით კარგი მაჩვენებლები აქვთ ჩინეთს, ბრაზილიას, თურქეთსა და იტალიას.
შეერთებულ შტატებში, ტრადიციულად, ქორწინებისადმი დამოკიდებულება უფრო ზედაპირულია და აქ სტატისტიკაც შესაბამისია – ნახევარზე მეტი ქორწინება განქორწინებით სრულდება.
საგანგაშოა სტატისტიკაა პორტუგალიასა და ესპანეთში - ამ ქვეყნებში ქორწინებების 70% განქორწინებით მთავრდება!
🔰:
როგორ მივხვდეთ საქორწილო ფოტოებით, რომ წყვილი მალევე განქორწინდება
რა განსხვავებაა ქალისა და მამაკაცის ღალატს შორის და რას ფიქრობს ამაზე სხვადასხვა რელიგია?
წმინდა ინგლისური შურისძიება - როგორ დასაჯა აგათა კრისტიმ მოღალატე ქმარი?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან