როგორ მივხვდეთ საქორწილო ფოტოებით, რომ წყვილი მალევე განქორწინდება
16:49 ხუთ. 22 აპრილი, 2021 წელი
ზოგჯერ, ფოტოკამერის ობიექტივში მშვენივრად აისახება ის, რასაც ახალდაქორწინებულები ვერ აცნობიერებენ. რჩება მხოლოდ ფარული მინიშნებების სწორად წაკითხვა, რათა გავიგოთ, რამდენ ხანს გაგრძელდება ერთი შეხედვით ბედნიერი ქორწინება.
ქორწილის ფოტოგრაფები ახალდაქორწინებულებთან დიდ დროს ატარებენ. აკვირდებიან მათ ქცევებსა და რეაქციებს და, გამოცდილი ექსპერტების მსგავსად, იმას ამჩნევენ, რაც სხვებისთვის უხილავია. მოგეხსენებათ, ეშმაკი დეტალებში იმალება, მაგრამ პროფესიონალის თვალი ყველაფერს ხედავს: როგორ იქცევიან სტუმრები, რას გრძნობენ ახალდაქორწინებულები. ის ადვილად ამჩნევს სიყალბეს სახის გამომეტყველებაში, ემოციებში, სურვილებში და სხეულის ენაშიც კი.
ჩვენ გიამბობთ, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ფარული ნიშნების დროულად ამოცნობა:
ერთ-ერთი ახალდაქორწინებულის გულგრილობა

ფოტოსესია დიდი ხანია, საქორწილო რიტუალის ერთ-ერთი სავალდებულო კომპონენტია. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანი ფოტოგენური არაა, ზოგს საერთოდ არ უყვარს გადაღება, მაგრამ ყველა აღიარებს, რომ ქორწილზე აუცილებელია რამდენიმე სამახსოვრო ფოტოს გადაღება.
„პატარძლებისა და საქმროების უმეტესობამ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორისთვის ფოტოსესია და მხარს უჭერენ, მაგრამ ყოველთვის არა” - ამბობს ლოს-ანჯელესელი ფოტოგრაფი რობ გრირი. „საქმრომ ქორწილისთვის დამიქირავა. როდესაც ცერემონიალის დღეს პატარძალი გამაცნო, მან კამერაზე მიმითითა და მითხრა: ნუ მომაშვერ ამ წყეულ აპარატს. ეს ძალიან უხეშად ჟღერდა, მაგრამ გავჩუმდი. ისინი სამი თვის შემდეგ დასცილდნენ ერთმანეთს. ვფიქრობ, პარტნიორის გაბედნიერების სურვილი ხანგრძლივი და სრულყოფილი ურთიერთობის საფუძველია. ეს ფოტოსესიაში მონაწილეობასაც გულისხმობს, მაშინაც კი, თუ ეს საერთოდ არ მოგწონთ. ” - ამბობს გრირი.
როცა ქორწილში სტუმრების 20%-ზე მეტი არ მოდის
ზოგიერთი ფოტოგრაფის აზრით, ეს იმის ნიშანია, რომ მეგობრებსა და ახლობლებს სიძე-პატარძლის ურთიერთობის სერიოზულობის არ სჯერათ. ამერიკელი ფოტოგრაფი იხსენებს, რომ ერთხელ 200 კაციანი ქორწილის გადასაღებად მიიწვიეს, სადაც მხოლოდ 60 სტუმარი მივიდა. ძალიან მალე ფოტოგრაფმა გაიგო, რომ წყვილი დაშორდა.
კამერის წინ გრძნობების იმიტაცია

პროფესიონალების აზრით, ასევე ძალიან ცუდი ნიშანია, როცა ერთ-ერთი პარტნიორი კამერის წინ გრძნობების იმიტაციით ცდილობს, მეორე პარტნიორის უინტერესობა გადაფაროს. ვიღაცის პოზებისა და სახის გამომეტყველების კოპირებით პარტნიორები გულწრფელობას კარგავენ.
„სამწუხაროდ, ასეთი წყვილები არ ფიქრობენ საკუთარი ურთიერთობის დინამიკაზე. სხვა წყვილების კოპირებისას ცხადია ხდება, რომ მათ საკუთარი გრძნობებისა და ემოციების დეფიციტი აქვთ. ისინი უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ სოციალური მედიისთვის სრულყოფილი ფოტოს შექმნას და არა საკუთარ ურთიერთობებს. ამის ხილვა ძალიან სამწუხაროა,“ -ამბობს ფოტოგრაფი გრეჩენ ვაკემენი.
სკანდალები ქორწილში
პროფესიონალი ფოტოგრაფების აზრით, საქორწილო წვეულებებზე სკანდალები და ჩხუბი კიდევ ერთი ნიშანია, რომელიც შეიძლება ახალდაქორწინებულებს ქორწილის დღეს ბედმა გაუგზავნოს. ეს ხშირად იმ შემთხვევებში ხდება, როდესაც სტუმრები ახალდაქორწინებულთა გრძნობებს პატივს არ სცემენ და მათი გულწრფელობის არ სჯერათ.
ქორწილში სრული ქაოსი და არეულობა მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს - ახლობლებისთვის თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დღე მხოლოდ გართობის საბაბია და სხვა არაფერი.
ფინანსური შეუსაბამობები
მაიამის ერთ-ერთი სააგენტოს მფლობელის, კარლოს ოსორიოს თქმით, თუ მომავალ მეუღლეებს ფინანსურ საკითხებში უთანხმოება აქვთ, განქორწინების ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება.
„ერთი შემთხვევის შესახებ გიამბობთ. პატარძალი ცოტა ხნით გვერდით გავიდა, საქმრომ დრო იხელთა და ბუზღუნით მითხრა: ეს ქორწილი გამაკოტრებს. ორჯერ მეტი ფული დამეხარჯა, ვიდრე დაგეგმილი იყო. წყვილს ულამაზესი ქორწილი ჰქონდა, მაგრამ 6 თვის შემდეგ დაშორდნენ, - ამბობს ოსორიო.
სარკაზმი ფოტოსესიის დროს

ლოს-ანჯელესელი ფოტოგრაფის რობ გრირის აზრით, თუ ქორწილის დღეს ახალდაქორწინებულები ერთმანეთს სარკასტულ ფრაზებს „ესვრიან“, ეს დასასრულის დასაწყისია.
„1000-ზე მეტი ქორწილი მაქვს გადაღებული და დანამდვილებით ვიცი: თუ ახალგაზრდები მთელი დღის განმავლობაში კამათობენ და ცინიზმით გამოირჩევიან, სიტუაცია დროთა განმავლობაში გაუარესდება. საშინელება იყო, როდესაც პატარძალმა თითქოს ხუმრობით, მაგრამ შეწუხებული ხმით მითხრა - დავიღალე მასთან კოცნით, იქნევ დავასრულოთ? საქმროს მაშინ სიტყვაც არ უთქვამს, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ მათ ერთად ყოფნა დიდხანს არ ეწერათ.
სექსზე დამყარებული ურთიერთობები

სექსუალური მიზიდულობა წყვილისთვის რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ბედნიერი ოჯახის შესაქმნელად მხოლოდ ეს საკმარისი არ არის.
„მახსოვს ერთი ახალგაზრდა და ძალიან ლამაზი წყვილის ქორწილი. თითქოს ერთმანეთს იდეალურად ეწყობოდნენ. მათ შორის აშკარად გამოხატული სექსუალური მიზიდულობა ჩანდა და პროფესიული თვალსაზრისით, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მათი სხეულის ენაზე დაკვირვება. ერთი წლის შემდეგ ეს მეუღლეები დაშორდნენ,“ - იხსენებს მექსიკელი ფოტოგრაფი სოლ ტომარგო.
საღამოს წვეულებაზე კომუნიკაციის ნაკლებობაა
ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ საღამოს წვეულება ახალდაქორწინებულთა ყველაზე საყვარელი ნაწილია. სტრესი უკან დარჩა და ახალდაქორწინებულებს შეუძლიათ მოდუნდნენ, დაისვენონ, გაერთონ და მთელი ღამის განმავლობაში იცეკვონ, მაგრამ როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ეს ყოველთვის ასე არაა.
„თუ ერთ-ერთი ახალდაქორწინებული სტუმრებთან ერთობა, მეორე კი რამდენიმე საათს მარტო, მეორე ნახევრის გარეშე ატარებს, ეს ბედნიერ ურთიერთობას არ ჰგავს. თუ გადაღების დროს ახალდაქორწინებულთა ერთად ყოფნის კადრი იშვიათია, ეს იმის ნიშანია, რომ მათ გულის სიღრმეში არ აინტერესებთ საკუთარი ქორწინება,“ - განმარტავს ფოტოგრაფი გრეჩენ ვაიკმანი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან