ურთიერთობა

ჯონი ვაისმიულერი: „ჯობდა, ტარზანი არასოდეს გავმხდარიყავი და ნორმალური ცხოვრება მქონოდა“

fun time

12:28 ორშ. 31 იანვარი, 2022 წელი

„ლეგენდა ტარზანზე“ - ჯონი
ვაისმიულერი

14
დაკოპირებულია

1904 წლის 2 ივნისს რუმინეთის ქალაქ ტიმიშოარში მცხოვრები გერმანელების ოჯახში პეტერ იოჰან ვაისმიულერი დაიბადა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბიჭუნა წლების შემდეგ ცნობილი მოცურავე და მსახიობი გახდებოდა, რომელსაც მსოფლიო ტარზანის როლით დაიმახსოვრდებდა.

პიტერი შვიდი თვის იყო, როდესაც მისი ოჯახი უკეთესი ცხოვრების საძებნელად აშშ-ში, პენსილვანიის შტატში მცხოვრებ ნათესავთან გაემგზავრა.

ვაისმულერების ოჯახი ჩიკაგოში დასახლდა, ​​მამამისმა ლუდის ბარი იყიდა, დედამ კი მზარეულად დაიწყო მუშაობა მიმდებარე რესტორანში.

ცხრა წლის ასაკში ჯონი პოლიომიელიტით დაავადდა და ექიმმა მშობლებს მისი ცურვაზე მიყვანა ურჩია. ჯონი მალე მიხვდა, რომ წყალში მისი სტიქია იყო და ცდილობდა მასში რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინა.

თავიდან უფროსი ვაისმიულერის ბიზნესში ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ფინანსური პრობლემები გაჩნდა და ოჯახი გაკოტრდა. ამის შემდეგ ოჯახის უფროსმა სმა დაიწყო და ქრონიკულ ალკოჰოლიკად იქცა. ვაისმიულერების ოჯახი დაიშალა და ბავშვები დედასთან დარჩნენ.

ჯონი იძულებული გახდა, რომ სკოლა მიეტოვებინა და მუშაობა დაეწყო. ის ერთხანს პლაჟზე, მაშველად მუშაობდა, შემდეგ ლიფტის ოპერატორი და ერთ-ერთი სპორტული კლუბის თანამშრომელი იყო.

***

ერთხელ, მიჩიგანის ტბაზე ცურვის დროს ახოვანმა, სიმპათიურმა ახალგაზრდამ აშშ-ის მოცურავეთა ნაკრების მწვრთნელის უილიამ ბაკრახის (William Bachrach) ყურადღება მიიქცია, რომელმაც ჯონი გუნდში მიიწვია. სწორედ მწვრთნელმა ურჩია, სახელი პეტერ იოჰანი ჯონად გადაეკეთებინა.

ამ დღიდან დაიწყო წარმატებათა უწყვეტი სერია - ჯონი შეჯიბრებებს ერთმანეთის მიყოლებით იგებდა და მალე სახელი მთელ ამერიკაში გაითქვა.

1922 წელს ის ჩიკაგოს უნივერსიტეტში ჩაირიცხა, ხოლო ორი წლის შემდეგ, აშშ-ს ნაკრებთან ერთად, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრა, სადაც სამი ოქროს მედალი მოიპოვა!

1928 წლის ამსტერდამის ოლიმპიადაზე ჯონი ვაისმიულერმა კიდევ ორი ​​ოქროს მედალი მოიპოვა და ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ქვეყანამ მას ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიებზე აშშ-ის დროშის ტარება ანდო.

10-წლიანი სპორტული კარიერის განმავლობაში ჯონი ვაისმიულერმა საოცარ შედეგებს მიაღწია:

    • ის მსოფლიოში პირველი მოცურავე იყო, რომელმაც ასი მეტრი ერთ წუთზე სწრაფად გაცურა;
    • მან 67 მსოფლიო რეკორდი დაამყარა;
    • ჩემპიონის ტიტული 52-ჯერ მოიპოვა.

როდესაც ვაისმიულერმა სპორტის დატოვება გადაწყვიტა, ამერიკულმა პრესამ მას „მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის უდიდესი სპორტსმენი“ უწოდა.

კარიერის დასრულების შემდეგ ყოფილ მოცურავეს შინაგანი შიში გაუჩნდა, რომ მამის მსგავსად, უფუნქციოდ დარჩებოდა, ალკოჰოლიკი გახდებოდა და ყველაფერს დაკარგავდა. სწორედ ამის გამო ვაისმიულერს მამა სიცოცხლის ბოლომდე სძულდა.

***

1929 წელს ჯონ ვაისმიულერმა ტანსაცმლისა და საცვლების კომპანიასთან ხელშეკრულება დადო და მისი სახე გახდა. ის რეკლამას უწევდა საცურაო კოსტიუმებს, მონაწილეობდა სარეკლამო კამპანიებში და სატელევიზიო შოუებში.

ვაისმიულერმა თავისი სპორტული აღნაგობით რეჟისორების ყურადღებაც მიიქცია, რომლებმაც კინოში თამაში შესთავაზეს. პირველ, უმნიშვნელო როლებს 1932 წელს ნამდვილი წარმატება მოჰყვა, როდესაც კინოკომპანია MGM-მა ედგარ ბეროუზის წიგნის მიხედვით გადაიღო ფილმი აფრიკის ჯუნგლებში მცხოვრებ ადამიან-მაიმუნზე.

ფოტოზე: ჯონი ვაისმიულერი და მწერალი ედგარ რაის ბეროუზი,

ტარზანის როლზე ვაისმიულერის დამტკიცების შემდეგ

ჯონი ვაისმიულერი მთავარ როლზე შემთხვევით არ აურჩევიათ - მაღალი, სპორტული აღნაგობის, სიმპათიური მამაკაცი ტარზანის როლს იდეალურად შეეფერებოდა.

ფილმისა და მისი მთავარი გმირის მიმართ ქალთა ინტერესის გასაზრდელად, ჯონს ჰოლივუდის რეკომენდაციის შესრულება და ცოლთან, მომღერალ ბობი ერნსტთან განქორწინება მოუწია.

***

სულ ტარზანის შესახებ ჯონი ვაისმიულერის მონაწილეობით 12 ფილმი გადაიღეს. ამ როლმა ოლიმპიურ ჩემპიონს ორი მილიონი დოლარი და მსოფლიო პოპულარობა მოუტანა.

40-იანი წლების ბოლოს ვაისმიულერს ტარზანის როლთან დამშვიდობება მოუწია. რეჟისორები ვაისმიულერის გადაღებას აგრძელებდნენ, მაგრამ ტარზანის წარმატების გამეორება ძალიან რთული იყო, ამიტომ ათი წლის შემდეგ „ტარზანმა“კინოინდუსტრიის დატოვება გადაწყვიტა.

„იმ დღიდან, როდესაც ჰოლივუდში პირველ კონტრაქტს ხელი მოვაწერე, დაიწყო ჩემი, როგორც დაკუნთული ველურის იმიჯის შექმნა. არასდროს აღმიქვამდნენ ნამდვილ მსახიობად. ჰოლივუდს ვადანაშაულებ იმაში, რომ ჩემი ცხოვრება მოოქრული სიცრუით აავსო. ჯობდა ტარზანი არასოდეს გავმხდარიყავი და ნორმალური ცხოვრება და ოჯახი მქონოდა“ - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ვაისმიულერმა.

***

ჩიკაგოში ბიზნესის დაწყების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ამიტომ 1965 წელს ვაისმიულერი საცხოვრებლად ფლორიდაში გადავიდა, სადაც 8 წლის განმავლობაში ცურვის საერთაშორისო დარბაზის თავმჯდომარედ მუშაობდა, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელიც თავადაც იყო.

ის, ასევე მოგზაურობდა მსოფლიოში, მთელი ცხოვრების მანძილზე ეწეოდა ქველმოქმედებას. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი პარაოლიმპიადის და ინვალიდ ბავშვთა სპორტის განვითარებაში.

ფოტოზე: ჯონი ვაისმიულერის აუდიენციაზე დედოფალ ელისაბედ II-სთან, რომელიც მსახიობის დიდი თაყვანისმცემელი იყო

1973 წელს ჯონმა მიიღო კინოკომპანია MGM-ის შეთავაზება და ლას-ვეგასში გადავიდა, სადაც გარკვეული დროის მანძილზე კინოკომპანიის სასტუმროში მუშაობდა. იგი, თავისი ქარიზმით და უდიდესი პოპულარობით, ასტუმროს ცოცხალ რეკლამად იქცა - „ტარზანის“ მოვალეობებში სტუმრების შეხვედრა და მისალმება შედიოდა.

1974 წელს ვაისმიულერმა ფეხი მოიტეხა. ასაკის მატებასთან ერთად მისი ჯანმრთელობა გაუარესდა. ექიმებმა მას გულის სერიოზული პრობლემებიც აღმოუჩინეს.

1976 წელს ვაისმიულერი ეკრანზე, თაყვანისმცემლების წინაშე უკანასკნელად გამოჩნდა. ეს იყო ფილმი „ძაღლი, რომელმაც ჰოლივუდი იხსნა“.

1977 წელს ჯონი ვაისმიულერმა ინსულტი გადაიტანა, რამაც მისი ჯანმრთელობა მთლიანად შეარყია. ხანგრძლივი მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ, ჯონი მეხუთე მეუღლესთან, მარია ბაუმანთან ერთად, საცხოვრებლად მექსიკის ქალაქ აკაპულკოში გადავიდა, სადაც ტარზანის შესახებ ბოლო ფილმი გადაიღეს. სწორედ აქ ისურვა ვაისმიულერმა სიცოცხლის უკანასკნელი დღეების გატარება.

***

ჯონი ვაისმიულერს ხუთი ცოლი ჰყავდა. მხოლოდ მეორე ცოლთან შეეძინა შვილები - უმცროსი ჯონი ვაისმიულერი, ვენდი ვაისმიულერი, ჰაიდი ვაისმიულერი და ოფიციალურად იშვილა მეხუთე ცოლის მარია ბაუმანის ქალიშვილი. ჯონი მარიასთან ქორწინებაში სიცოცხლის ბოლომდე, 21 წელი იმყოფებოდა.

***

ჯონი ვაისმიულერი 1984 წლის 20 იანვარს, ფილტვის შეშუპებისგან გარდაიცვალა და ანდერძის თანახმად, აკაპულკოში დაკრძალეს.

დაკრძალვის დროს ქალაქის სასაფლაოზე ტარზანის ცნობილი ყვირილი სამჯერ გაისმა...

  • ტარზანის როლისთვის ჯონი ვაისმიულერმა ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავის გახსნა დაიმსახურა;
  • ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი ცურვის მსოფლიო დიდების დარბაზშია შეყვანილი;
  • ჯონი ვაისმიულერი თავისი მშობლიური ქალაქის ტიმიშოარას (თანამედროვე რუმინეთი) საპატიო მოქალაქეა;

მაგრამ ყველაზე მეტად ის თავს ტარზანად მიიჩნევდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, თავის ბოლო ინტერვიუში, ვაისმიულერმა თქვა: „მე ყველა დროის ტარზანი ვარ".


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ყველაზე ღარიბი ნობელიანტი?

ანრი დიუნანი

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს