ურთიერთობა

ქართველი ქალი, რომელმაც პარიზს საქართველო შეაყვარა

სალომე ჩაჩიბაია

14:00 სამ. 2 მარტი, 2021 წელი

ანა ჭავჭავაძე

14
დაკოპირებულია

XX საუკუნის 20-იან წლებში ფრანგული ჟურნალები „ტიფლისის“ შესახებ გვიყვებოდა, პარიზის ქუჩებში კი კავკასიური ორნამენტებით შეკერილი სამოსით სიარული დაიწყეს. ამავე პერიოდში მონმარტრზე უამრავი კავკასიური სამზარეულო ამუშავდა. საფრანგეთში საქართველოს ამგვარი პოპულარობა ანა ჭავჭავაძე-ვორონცოვას სახელს უკავშირდება, რომელმაც 1924 წელს პარიზში მოდის სახლი „იმედი“ გახსნა.

გრაფინია ანა, იშვიათი სილამაზით გამორჩეული გოგონა, დიდი სიმპათიით სარგებლობდა როგორც პეტერბურგში, ისე პარიზში. ის წვეულებების დედოფალი და ყოველთვის სასურველი სტუმარი იყო.

ანა პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილთაშვილი გახლდათ. მისი მამა იყო ილია დავითის ძე ჭავჭავაძე (1860—1921) და დედა - ვერა ალექსანდრეს ასული ვაჩნაძე. სახელი მას ბებიის, საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის შვილიშვილის ანა გრუზინსკაიას (1828—1905) საპატივცემულოდ დაარქვეს. ანას დიდებული ბებია 1854 წელს შამილის ტყვე ქალებიდან ერთ-ერთი იყო.

ანას პირველი მეუღლე იყო იოსებ მამაცაშვილი, რომელთანაც ორი ქალიშვილი შეძინა. ეს ქორწინება უიღბლო გამოდგა და ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდა.

ანამ თავისი მეორე მეუღლე მიხეილ ვორონცოვის (შამილთან ბრძოლების აქტიური მონაწილის) შვილთაშვილი, გრაფი ალექსანდრე ვორონცოვ-დაშკოვი (1881—1938) 1916 წელს, ბორჯომში გაიცნო, სადაც ანა საავადმყოფოში მოწყალების დად მუშაობდა.

მათი მოკრძალებული ჯვრისწერა 1916 წლის 10 მარტს, პეტერბურგში გაიმართა. ქორწილს მხოლოდ ოჯახის ვიწრო წრე ესწრებოდა. ახალდაქორწინებული წყვილი ერთობლივი ცხოვრების პირველ წლებში არმიაში მსახურობდა, სადაც ანა მოწყალების და იყო.

ოქტომბრის რევოლუციის პერიოდში გრაფი მოხალისეთა არმიას შეუერთდა, რომელიც 1917 წლის 2 ნოემბერს შეიქმნა და გვარდიის ოფიცრები შეკრიბა. მათი ბინაში, სანკტ პეტერბურგში, ლაზარეთი იყო მოწყობილი. როგორ ანა თავის მოგონებებში წერდა, ირგვლივ უამრავი სისხლი, ცრემლი და უბედურება სუფევდა. ოჯახი დაპატიმრების საფრთხის გამო იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო - წყვილი თავდაპირველად კონსტანტინოპოლში, შემდეგ კი ევროპაში გაემგზავრა.

ფოტოზე: გრაფი ალექსანდრე ვორონცოვ-დაშკოვი

პარიზში ანა Chanel-ის მოდის სახლში მოდელად მუშაობდა. 1924 წლის აგვისტოში კი მოდის სახლი „იმედი“ თავად გახსნა. ის ყველასთან გატაცებით საუბრობდა სამშობლოზე.

ჟურნალებში იბეჭდებოდა ანა ჭაჭავაძე-ვორონცოვას მიერ შექმნილი ქსოვილის რეკლამა, რომლის სახელწოდება იყო Tiflis. სულ უფრო და უფრო მოდური ხდებოდა „იმედის“მიერ შეკერილი სამოსის სტილი caucasien.

ფოტოზე: ანა ჭავჭავაძე-ვორონცოვა. გადაღებულია 1916 წელს.

ანას კარიერული დაღმასვლა 1929 წელს დაიწყო. ამ პერიოდში, ეკონომიკური კრიზისის გამო, არაერთი ბიზნესი გაკოტრდა, მათ შორის ანას მოდის სახლი. ამ პერიოდში ოჯახი საცხოვრებლად ბერლინში გადავიდა.

1938 წელს ანას მეუღლე, რუსეთის იმპერიის ყოფილი პოლკოვნიკი ალექსანდრე ვორონცოვ-დაშკოვი 57 წლის ასაკში, ბერლინში გარდაიცვალა.

ანა ჭავჭავაძე-ვორონცოვამ მეუღლის გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ, 1941 წლის 18 აპრილს, 49 წლის ასაკში სიღარიბეში დალია სული.

ანას ორი ქორწინებიდან ოთხი შვილი დაჩა:
პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი - მარინა (1911-1991) და ვერა (1912—2001);
მეორე ქორწინებიდან ორი ვაჟი - ილარიონი (1918—1973) და ალექსანდრე (1922—1952).


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ყველაზე ღარიბი ნობელიანტი?

ანრი დიუნანი

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს