მიქაელ არამიანცი - მილიონერი, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში გარდაიცვალა
18:00 სამ. 14 დეკემბერი, 2021 წელი
მიქაელ არამიანცის ბიოგრაფია „დიდებული გეთსბის“ ცხოვრებას ჰგავს: მოღვაწეობა ხალიჩების საამქროში დამხმარე მუშის პოზიციით დაიწყო და თბილისის ვაჭრების უმაღლესი გილდიის წევრი გახდა; თბილისის აღმშენებლობაში უდიდესი წვლილი შეიტანა დავით სარაჯიშვილთან, ალექსანდრე მანთაშოვთან, ევგენი ზემელთან, აკაკი ხოშტარიასთან და მელიქ აზარიანცთან ერთად. კავკასიაში ნავთობის ინდუსტრიის განვითარებაც, გარკვეულწილად, მის სახელს უკავშირდება — კაპიტალის უმეტესი ნაწილი ბაქო-ბათუმის სანავთობო გზის მშენებლობას შესწირა. თუმცა, ჯეი გეთსბის მსგავსად, იმ მიზნისგან, რომლისთვისაც მთელი ცხოვრება იბრძოდა, ყოველთვის ერთი ნაბიჯით შორს იყო: ბიზნესში უდიდეს წარმატებებს მიღმა, უიღბლო და ტრაგიკული პირადი ცხოვრება ჰქონდა...
არამიანცის პირველი მილიონი
სოფელ კეატუკის მამასახლისის ვაჟი მიქაელ არამიანცი 1843 წლის 4 მაისს, ყარაბაღში დაიბადა. ბავშვობიდან მეცნიერება აინტერესებდა, თუმცა ვაჭრობის ნიჭი გამოავლინა და, რადგანაც ოჯახს ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებოდა, 15 წლის ასაკში ცნობილ ვაჭართან თანაშემწის პოზიციაზე დაინიშნა. ვაჭარი თარუმანიანის საქმიანობა, როგორც ყარაბაღში, ასევე საზღვარგარეთაც ვრცელდებოდა. არამიანცი მალე თავრიზში ფირმის წარმომადგენელი გახდა, 4 წელიწადში საწყისი კაპიტალიც დააგროვა და საცხოვრებლად საოცნებო ქალაქ თბილისში გადავიდა.
28 წლის იყო, როდესაც პირველი მილიონი იშოვა. არამიანცის კომერციული საქმიანობა მრავალფეროვან დარგებს მოიცავდა: ნავთობის სფეროში მოღვაწეობის გარდა, ქსოვილებით ვაჭრობით იყო დაკავებული და მარსელში, თავრიზში და თეირანში შაქრის ტრანზიტს აწარმოებდა. თბილისში ცნობილი კომერსანტის შოლკოიანცის ქალიშვილი, 18 წლის ეღსაპეტა შეუყვარდა და ცოლად შეირთო, რომელთანაც 6 შვილი ეყოლა.
ფოტოზე: მიქაელ არამიანცი შვილებთან ერთად
ახალდაქორწინებული ახალგაზრდა ბიზნესმენი მალე, ოჯახთან ერთად, ბაქოში გადავიდა და 1884 წელს, იქაურ ცნობილ კომერსანტ ალექსანდრე მანთაშოვთან ერთად, ნავთობის კომპანია დააარსა, რომლის 25 %-იანი წილის მფლობელიც გახდა.
ნავთობის ბიზნესში მოღვაწეობა ადვილი არ იყო: ბაქოში ამ მიმართულებით როტშილდები და ნობელები უკვე დამკვიდრებულები იყვნენ. არამიანცმა, საოცარი კომერციული ალღოსა და თავდაუზოგავი შრომის შედეგად, აფშერონის ნახევარკუნძულზე ნავთობით მდიდარი 1.09 ჰექტარი მიწის ფართობი, ნავთობის ქარხანა, საქაჩი სადგურები, სპეციალურად მოწყობილი ნავმისადგომი და უამრავი სახელოსნო შეიძინა; არამიანცის ფირმის წარმომადგენლობები სმირნაში, სალონიკში, კონსტანტინოპოლში, ალექსანდრიაში, კაიროში, პორტ-საიდში, მარსელში, ლონდონში, ბომბეიში და შანხაიში გაიხსნა. მასვე ეკუთვნის ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის პროექტის იდეაც.
ბაქოში 14-წლიანი ცხოვრების შემდეგ, ერთ დღეს, შეიტყო, რომ მეგობარს და ბიზნესპარტნიორ მანთაშოვს კომპანიის აქციების ჩუმად შესყიდვა დაუწყია. მუდმივად თბილისში დაბრუნების შესახებ ესაუბრებოდა, რის გამოც, ხშირად კამათიც ჰქონდათ.
ცოლების ღალატი
საბოლოო ჯამში, არამიანცმა ბაქოში არსებული ბიზნესის აქციები გაყიდა და საცხოვრებლად თბილისში დაბრუნდა, თუმცა, მისი ცხოვრება არც მას შემდეგ დაწყნარებულა: ჩამოსვლიდან სულ ცოტა ხანში გაარკვია, რომ ცოლის ღალატის შესახებ არსებული მრავალწლიანი ეჭვი სიმართლეს შეესაბამებოდა: შემთხვევით საყვარელთან მიმოწერას გადააწყდა. ღალატით იმედგაცრუებული, ეღსაპეტას 8-წლიანი სასამართლო დავის შემდეგ ოფიციალურად გაეყარა.
მალე ულამაზესი, ცნობილი თბილისელი ქალბატონი ევგენია შხიანცი გაიცნო. ოფიციალურად არ უქორწინიათ, თუმცა საზოგადოებაში როგორც მეუღლეს, ისე წარადგენდა, ქალაქის ცენტრში 3-სართულიანი სახლი აუშენა და ეზოს მოსართავად, პარიზში, სპეციალურად ბრინჯაოსგან დამზადებული ირმების სკულპტურა შეუკვეთა. ეს ურთიერთობაც უიღბლო აღმოჩნდა: ევგენია სხვა მამაკაცთან ერთად გაიქცა. განსაკუთრებულად რთული იყო მეორე იმედგაცრუებაც.
საინტერესოა ფაქტი, რომ გარკვეული დროის შემდეგ ევგენია დაუბრუნდა, თუმცა უკვე მძიმედ იყო დაავადებული. არამიანცმა შეყვარებულს აპატია და სიკვდილამდე პატრონობდა.
1907 წელს, გამოსასყიდის მიზნით, ყაჩაღებმა მისი ვაჟი სოღომანი გაიტაცეს, 1908 წელს მეორე ვაჟი ოვანესი მძიმე ავადმყოფობით გარდაეცვალა. 1919 წელს თავად არამიანცის ბნელით მოცული გატაცება მოხდა, რომლის დეტალები სამუდამოდ გაურკვეველი დარჩა.
არამიანცის სასტუმროები
პირად ცხოვრებაში არსებული ტრაგედიების მიუხედავად, ბიზნესმენი არ ჩერდებოდა. თბილისში უძრავ ქონებაზე ფოკუსირდა: შეიძინა სახლები, მიწის ნაკვეთები, მამულები, კოტეჯები.
მის მფლობელობაში იყო ახტალას (ქალაქი სომხეთში, ლორეს სიახლოვეს) და კისლავოდსკში მდებარე სასტუმრო კომპლექსები.
მე-20 საუკუნის დასაწყისში გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდელი რუსთაველის გამზირი) სასტუმრო „მაჟესტიკის“ (ახლანდელი „თბილისი მარიოტი“) მშენებლობა დაიწყო. სასტუმროს აშენება მაშინდელ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ არქიტექტორ გაბო ტერმიქელოვს ჩააბარა და პროექტზე სამუშაოდ ევროპაში გაუშვა. ტერმიქელოვის ამოცანა იყო, არამიანცის საყვარელი გემის „მაჟესტიკის“ მსგავსი ნაგებობა შეექმნა. მშენებლობა 1915 წელს დასრულდა.
გოლოვინის პროსპექტზე, ასევე, სასტუმრო „პალას-ოტელი“ — ახლანდელი თეატრალური უნივერსიტეტის შენობა ააგო.
ფოტოზე: არამიანცის სასახლე ახტალაში
ფოტოზე: არამიანცი, თავის სტუმრებთან ერთად, ახტალის სასახლის ჩოგბურთის კორტებზე
ფოტოზე: სასტუმრო „მაჟესტიკი“ რუსთაველის გამზირზე (ამჟამად Tbilisi Marriot)
ფოტოზე: სასტუმრო „არფასტო“ (ამჟამად, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი)
არამიანცის საავადმყოფო
კომერციული პროექტების გარდა, 1903 წელს, ქალაქის მმართველი საბჭოს ხელმძღვანელის ალექსანდ დოლგორუკის თხოვნა გაითვალისწინა:
დოლგორუკის მოგონებიდან:
„– რა სჭირდება ახლა ყველაზე მეტად ტფილისს? – მკითხა არამიანცმა.
- ქალაქს ბევრი რამე სჭირდება, მაგრამ უმთავრესი საავადმყოფოა. მიხაილოვსკის საავადმყოფოს ქალაქი ინახავს და ვალდებულია, მთელ მხარეს მოემსახუროს. ამადაც ბუნებრივია, რომ სნეულების მეათედსაც ვერ ართმევს თავს. ქალაქს კი ახალი საავადმყოფოსთვის ფული არ აქვს…“
არამიანცმა ქალაქის საავადმყოფოს მშენებლობას 100 000 მანეთი (!) შესწირა, სანაცვლოდ კი ისურვა, რომ საავადმყოფოსთვის მისი სახელი დაერქმიათ. უფროსი თაობის წარმომადგენლები დღემდე აქაურობას „არამიანცის საავადმყოფოს“ უწოდებენ.
ახლანდელი პირველი კლინიკური საავადმყოფოს მშენებლობა 1910 წელს დასრულდა. მას ერთდროულად 120 პაციენტის მიღების რესურსი ჰქონდა.
ფოტოზე: არამიანცის საავადმყოფო, ახლად აშენებული
არამიანცმა შემდეგი ინვესტიცია აღჭურვილობაში განახორციელა და შედეგად უდიდესი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საავადმყოფოების კომპლექსი შექმნა, რომელსაც საწყის ეტაპზე ინფექციური, ქირურგიული და სამშობიარო განყოფილებები ჰქონდა.
აღსანიშნავია ფაქტი, რომ საავადმყოფოში სპეციალურად ევროპიდან რენდგენის აპარატიც ჩამოიტანეს, რაც მაშინ უდიდეს ინოვაციას წარმოადგენდა - მეფის რუსეთში ასეთი აპარატი საერთოდ არ ჰქონდათ. არამიანცის დაფინანსებით, კლინიკაში პაციენტებს სრულიად უფასოდ მკურნალობდნენ, ექიმების ხელფასებსაც თავად იხდიდა.
ასევე, დასავლეთ-სომხეთიდან დევნილებისთვის თავშესაფრების მშენებლობაც დააფინანსა. დასახლებას, სადაც თავშესაფრები განლაგდა, „არამაშენის“ დასახლება უწოდეს.
კომუნისტების მიერ გაკოტრებული მილიონერის ბოლო წლები
1921 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ არამიანცს ქონება ჩამოართვა და საკუთარ სახლში მხოლოდ პატარა სარდაფი დაუტოვა, სადაც შვილებთან ერთად ცხოვრობდა. ვაჟები - სოღომანი და არამი ემიგრაციაში გაუშვა საფრანგეთში, თავად კი საყვარელი ქალაქი ვერ დათმო და სიცოცხლის ბოლომდე თბილისში დარჩა. ამბობენ, რომ ხშირად ხედავდნენ სასტუმრო „მაჟესტიკთან“ ჩაფიქრებულს.
არამიანცი 1924 წელს უკიდურეს სიღარიბეში გარდაიცვალა. დასაფლავებაზე უამრავი ადამიანი მივიდა. თბილისელებმა ის თეთრი კატაფალკით გაასვენეს, რომელშიც შავი ცხენები იყო შებმული და ავლაბარში, „ხოჯავანქის“ სომხურ სასაფლაოზე დაკრძალეს.
1936 წელს კომუნისტურმა ხელისუფლებამ, იმ უბნის რეკონსტრუქციის მიზნით, სომხური სასაფლაო მოშალეს და ტერიტორია პარკად გადააკეთა. არამიანცის საფლავიც სამუდამოდ დაიკარგა. თუმცა, არამიანცის ოცნება მაინც ახდა: წარმატებული ბიზნესმენის და მეცენატის სახელი სამუდამოდ დარჩა თბილისის ისტორიაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
ვინ იყო პირველი ქართველი, ვინც ამერიკაში, თავისი მრეწველობით, მილიონი იშოვა
სიახლეები ამავე კატეგორიიდან