სოკრატე და იგავი სამ საცერზე
17:59 ორშ. 25 დეკემბერი, 2023 წელი
ერთმა კაცმა სოკრატეს მიმართა:
- იცი, რა მითხრა შენმა მეგობარმა შენზე?
- მოიცადე - შეაჩერა სოკრატემ - სანამ მეტყვი, სათქმელი სამ საცერში უნდა გაცრა.
- რომელ სამ საცერში? - გაოცდა ამბის მიმტანი.
- სანამ რამეს იტყვი, სათქმელი სამჯერ უნდა გაცრა. პირველია სიმართლის საცერი: დარწმუნებული ხარ, რომ რაც უნდა მითხრა, სიმართლეა?
- არა, უბრალოდ, ყური მოვკარი.
- გამოდის, რომ არ იცი, სიმართლეა თუ არა. ახლა სათქმელი მეორე, სიკეთის საცრით გავცრათ. ჩემთვის რამე კარგის თქმა გსურს?
- არა, პირიქით.
- გამოდის, რომ ჩემთვის ცუდის თქმა გინდა, თანაც ისე, რომ არ იცი, ეს სიმართლეა თუ არა. ახლა მესამე საცრის დროა - და ეს სარგებლის საცერია. როგორ ფიქრობ, აუცილებლად უნდა მოვისმინო შენი ნათქვამი?
- ალბათ არა, - მხრები აიჩეჩა სოკრატეს თანამოსაუბრემ.
- ჰოდა, დაფიქრდი: თუ შენი სათქმელი არც სიმართლეა, არც კარგი ამბავი და არც სასარგებლო ინფორმაცია, რატომ უნდა მითხრა? - უპასუხა სოკრატემ და ამბის მიმტანს ზურგი აქცია.
***
ცნობისთვის, სოკრატე ანტიკური სამყაროს უდიდესი სწავლული და ფილოსოფოსია, რომლის სწავლებები 23 საუკუნეა, ვერავინ გადაფარა. თავად მე-20 საუკუნის ნათელი გონება სტივ ჯობსი ამბობდა: „ჩემს ყველა ტექნოლოგიას გავცვლიდი სოკრატესთან ერთ შეხვედრაზე“.
ესეც დაგაინტერესებთ:
სიახლეები ამავე კატეგორიიდან