ლაშა ტალახაძე: „სამშობლო ჩემთვის ყველაფერია“
14:19 ოთხ. 4 აგვისტო, 2021 წელი
ბლიცინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან:
- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- სრულყოფილი ბედნიერება, პირადად ჩემთვის, ბევრი რამე შეიძლება იყოს. პირველ რიგში, როდესაც ვიცი, რომ ჩემთვის ძვირფასი ადამიანები კარგად არიან, ბედნიერებას სწორედ ეს მანიჭებს.
- ბოლოს როდის იტირეთ?
- ნამდვილად, დიდი ხანია, არ მიტირია. ყველაზე გულდასაწყვეტი მომენტი 2012 წელს მქონდა, როდესაც ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი გარდაიცვალა.
- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ალბათ, ხასიათის ცვალებადობა და კიდევ - გაბრაზების შემთხვევაში წყენას ადვილად ვივიწყებ.
- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ნაკლი? არ ვიცი, არ მახსენდება.
- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- თავს ვერავისთან გავაიგივებ, განა იმიტომ, რომ მათზე უკეთესი ვარ. უბრალოდ, მივიჩნევ, რომ ჯერჯერობით არაფერი შემიქმნია.
- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ის, ვისაც თავისი სამშობლოსთვის რამე შეუქმნია და გაუკეთებია, ჩემთვის გმირია. ალბათ, ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც თავისი ქვეყნისთვის თავს სწირავს.
- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ვინაიდან სულ შეკრებებზე მიწევს ყოფნა, საქართველოში ბევრგან არ ვარ ნამყოფი. ერთ-ერთი ჩემი ოცნება იყო, მენახა გერგეტის სამება ყაზბეგში, სადაც რამდენიმე დღის წინ ვიყავი. მართლაც გასაოცარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი.
- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- პირველ რიგში, თავმდაბლობასა და წესიერებას.
- ქალში?
- ქალშიც იმავეს.
- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- მიმაჩნია, რომ ჯერჯერობით მნიშვნელოვანი მიღწევები არ მაქვს და ყველაფერი წინ არის.
- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ოჯახი და შემდეგ - სამშობლო.
- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- მქონია მომენტები, როდესაც ცუდი რამ შემემთხვა, მაგრამ, ალბათ, ისიც საჭირო იყო. უნდა გქონდეს ცხოვრებაში ჩავარდნები, რადგან ადამიანი საკუთარ შეცდომებზე ბევრ რამეს სწავლობს.
- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- სამშობლო ჩემთვის ყველაფერია. ბევრ ქვეყანაში მიმოგზაურია და, დაახლოებით, ერთ კვირაში უკვე მენატრება ჩემი სამშობლო. ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში დავიბადე, გავიზარდე. მორწმუნე ადამიანი ვარ და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- საყვარელი ადამიანის დაკარგვის...
- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ისე, რომ მალე წავიდე ამ ქვეყნიდან და სხვები არ დავტანჯო.
- თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ვისურვებდი, მითხრას, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც აქ დამრჩება, კარგად იქნება.
p.s. Funtime-მ ეს ინტერვიუ 2016 წელს ჩაწერა. იმ წელს უკვე მსოფლიო ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ რიო-დე-ჟანეიროში პირველი ოლიმპიური ოქრო მოიპოვა!
ამ ინტერვიუს შემდეგ ლაშამ მოიპოვა:
- 3 ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატებზე - 2017, 2018 2019 წლებში;
- 5 ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატებზე - 2016, 2017, 2018, 2019, 2021 წლებში.
- 2020 წლის 4 აგვისტოს თავისი პირველობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ტოკიოს ფიცარნაგზე - ლაშა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან