რა იწვევს სექსის დროს სიკვდილს?
23:23 ორშ. 9 მაისი, 2022 წელი
რა თქმა უნდა, სხვა დაავადებებთან შედარებით, სექსით გარდაცვალების რისკი დაბალია, მაგრამ მეცნიერებმა მაინც გადაწყვიტეს გაერკვიათ, ვისთვის შეიძლება სექსი სახიფათო იყოს.
დიდი ბრიტანეთის ექიმებმა დაადგინეს, რომ სექსის დროს სიკვდილი სამ ძირითად მიზეზს უკავშირდება:
- გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა.
- მედიკამენტების გვერდითი მოვლენები.
- აკრძალული ნივთიერებების გამოყენება.
ეს ფაქტორები ცალ-ცალკე და განსაკუთრებით ერთობლიობაში მნიშვნელოვნად ზრდის სიკვდილის რისკს.
კვლევის დროს მკვლევრებმა 1994-დან 2020 წლამდე პერიოდში სხვადასხვა ასაკის, სქესისა და ეროვნების 7000 ადამიანის უეცარი გარდაცვალების შემთხვევა შეისწავლეს. აქედან მხოლოდ 17 შემთხვევა ანუ საერთო რაოდენობის 0,2 პროცენტი სქესობრივი აქტის დროს ან მისი დასრულებიდან ერთი საათის განმავლობაში მოხდა.
ამან მკვლევრებს საშუალება მისცა, ასეთი შემთხვევები სექსუალურ აქტივობასთან დაეკავშირებინათ. ამასთან, მოულოდნელად გაირკვა, რომ გარდაცვლილები მოხუცები არ არიან და მათი საშუალო ასაკი მხოლოდ 38 წელს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილთა 53 % გული სტრუქტურულად ნორმაში იყო, ტრაგედიები ყველაზე ხშირად სწორედ გულის გამო, უფრო სწორად, გულის რითმის დარღვევის გამო ხდება. ექიმები სექსის დროს გარდაცვალების შემთხვევებს არითმიული სიკვდილის სინდრომს უწოდებენ.
სექსის დროს გარდაცვალების შემთხვევებში მეორე ადგილზეა აორტის განშრევება - 12 %. სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო აორტის განშრევება მსოფლიო მასშტაბის პრობლემად არის მიჩნეული.
ამ მიზეზის დროს ადამიანის დახმარება თითქმის შეუძლებელია, მაშინაც თუ რეანიმაციული აპარატურით შეიარაღებული ექიმები გვერდით არიან.
50 წლამდე ასაკის ადამიანებში სექსის დროს სიკვდილი უეცარი არითმიის სინდრომის ან კარდიომიოპათიების გამო ხდება. ასეთი დიაგნოზის მქონე ადამიანებმა კარდიოლოგს უნდა მიმართონ, რომელიც სექსთან დაკავშირებული რისკებისა და საგანგაშო სიმპტომების შესახებ გააფრთხილებს.
დაბოლოს, საბედნიეროდ, სექსის გამო სიკვდილის რისკი, თუნდაც გულით დაავადებულ ადამიანებში, ძალიან დაბალია. ამიტომ შეგიძლიათ არ ინერვიულოთ და სექსის დროს მხოლოდ საყვარელ ადამიანზე იფიქროთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან