იცით თუ არა

ამინდის პროგნოზი ხალხურად და მისი მეცნიერული ახსნა

fun time

12:00 ორშ. 11 ოქტომბერი, 2021 წელი

ამინდის პროგნოზის
ნიშნები ბუნებაში

14
დაკოპირებულია

ბებიებს და ბაბუებს ამინდის პროგნოზის საკუთარი მეთოდები აქვთ, რომლებიც თითქმის  ყოველთვის ამართლებს. უბრალოდ, შეხედავენ ცას, ცხოველებს ან მცენარეებს და ზუსტად იციან, კარგი ამინდი იქნება თუ იწვიმებს. ნებისმიერ ხალხურ რწმენას რაციონალური ახსნა აქვს, რომელიც გვეხმარება, გაიგოთ, მაგალითად, რატომ „ბანაობენ“ ბეღურები მტვერში წვიმის წინ. ვნახოთ დანარჩენიც...

თუ ყვავილების სურნელი გამძაფრდა, იწვიმებს

როგორც წესი, წვიმის წინ ვარდი, ყვითელი აკაცია, სამყურა და სხვა მცენარეები ჩვეულებრივზე ძლიერ სურნელს აფრქვევენ და მათ გარშემო უფრო მეტი მწერი ტრიალებს. თუ სახლიდან მოწმენდილ ამინდში გამოხვედით, მაგრამ გარშემო ყვავილების მძაფრი სურნელი იგრძნობა, უმჯობესია ქოლგისთვის დაუბრუნდეთ.

ზემოთქმულის მეცნიერული ახსნა ისაა, რომ წვიმის წინ ყვავილები დიდი რაოდენობით სურნელოვან ნექტარს გამოყოფენ, რაც მწერებს იზიდავს. ამ მარტივი გზით, მცენარეები ცდილობენ, დამტვერიანება წვიმის დაწყებამდე მოასწრონ, სანამ ყვავილის მტვერს წვიმა არ ჩამორეცხავს.

თუ ბაბუაწვერამ თავი შეიკრა, ამინდი გაფუჭდება

ბაბუაწვერა, რომელიც კარგ ამინდში სულის ერთი შებერვითაც კი ნაწილებად იშლება, წვიმის წინ იმდენად მჭიდროდაა მიმაგრებული ღეროზე, რომ ხელით მოცლაც გვიძნელდება. წვიმის წინ იები და სამყურები ყვავილებს ხურავენ, ხოლო ოთახის მონსტერას და ლერწამს ფოთლები ენამებათ.

მეცნიერული ახსნა - მცენარეები შესანიშნავი მეტეოროლოგები არიან. როგორც კი წვიმის წინ ჰაერი ტენით გაჯერდება, ისინი ყვავილებს ხურავენ და თავებს ხრიან, რომ წვიმამ მათი თესლი და მტვერი არ ჩამორეცხოს. ამავე მიზეზის გამო იკვრება ჰაეროვანი ბაბუაწვერა წვიმის წინ.

თუ წიწვოვანმა ხეებმა ტოტები დაუშვეს, იწვიმებს

წიწვოვანი ხეებით შეგიძლიათ ზუსტად განსაზღვროთ ცუდი ამინდის მოახლოება. თუ წიწვოვანმა ხეებმა (ფიჭვი, ნაძვი, კედარი, კვიპაროსი, ღვია და ა.შ.) ტოტები დაუშვეს, აუცილებლად იწვიმებს.

მეცნიერული ახსნა - როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წვიმის წინ ჰაერი ტენით იჟღინთება, რაც წიწვების „გაფუებას“ და დამძიმებას იწვევს.

თუ კატა თათებით ცხვირს იფარავს, აცივდება

კატა მოსიარულე, ულვაშებიანი ბარომეტრია, ამიტომ თუ შენიშნეთ, რომ თათებით ცხვირს იფარავს, აუცილებლად აცივდება. თუ კატა გაჭიმული წევს ან ნებიერად იზმორება, თბილი ამინდი იქნება. აციებამდე კატა თბილ ადგილს ეძებს, ბურთივით მრგვალდება და თათებით ცხვირს იფარავს.

მეცნიერული ახსნა - კატები ტენიანობას და ატმოსფერული წნევის რყევებს ადამიანებზე ადრე გრძნობენ. ცივი ამინდის მოახლოებისას, ისინი სხეულის სითბოს შენარჩუნებას ცდილობენ, ბურთივით მრგვალდებიან და ცხვირს თათებით იფარავენ. სითბოს მოახლოებისას კი პირიქით, ცდილობენ სითბოს გადაცემის ფართობი გაზარდონ, ამიტომ გრილ იატაკზე ბოლომდე გაშლილი სხეულით წვებიან.

თუ ბეღურები მტვერში „ბანაობენ“, აუცილებლად იწვიმებს

მეცნიერული ახსნა - ბეღურების უმეტესობას პარაზიტები ჰყავს, რომლებიც წვიმის წინ, როდესაც ატმოსფერული წნევა ეცემა, განსაკუთრებით აქტიურდებიან. შემაწუხებელი ქავილისგან თავის დასაღწევად, ბეღურები მტვერში ბუმბულის გაწმენდას იწყებენ. ასეთი პროცედურის დროს, მტვერი და ქვიშა ბეღურის ბუმბულს პარაზიტებს აცილებს.

თუ მერცხლები დაბლა დაფრინავენ, იწვიმებს

მერცხლების ფრენის ტრაექტორიით ამინდის ზუსტი პროგნოზი შეიძლება. თუ მერცხლები დაბლა დაფრინავენ, იწვიმებს.

მეცნიერული ახსნა - წვიმის წინ ჰაერის ტენიანობა იზრდება, პატარა მწერების ფრთები მძიმდება და ისინი მაღლა აფრენას ვეღარ ახერხებენ. მერცხალი კი უბრალოდ, საკვებს ეძებს და იქ დაფრინავს, სადაც მეტი მწერია.

თუ ბაყაყები წყლიდან ამოდიან, მოიღრუბლება

ბაყაყების დახმარებით შეგიძლიათ, ზუსტად განსაზღვროთ როგორი ამინდი გელით. წყლიდან ბაყაყების მხიარული ყიყინი კარგი ამინდის მაცნეა. თუ ბაყაყები წყლიდან ხმელეთზე ამოდიან და ყრუდ ყიყინებენ, მოღრუბლული დღე გელით.

სამეცნიერო ახსნა - ბაყაყები წყალში ლაყუჩებით სუნთქავენ, ხოლო ხმელეთზე ფილტვებით და კანის ზედაპირით. ცხელ და მშრალ ამინდში, ამფიბიები წყლიდან არ ამოდიან, რომ კანი მზეზე არ გამოუშრეთ. როგორც კი ჰაერის ტენიანობა იზრდება, ბაყაყები სიამოვნებით ხტებიან ნაპირზე, რომ ნოტიო ჰაერით დამძიმებულ მწერებზე ინადირონ.

თუ ფუტკარი სკიდან არ გამოდის, წვიმაა მოსალოდნელი

ფუტკარი ყვავილებიდან ნექტარს მხოლოდ კარგ ამინდში აგროვებს. მეცნიერული ახსნა - წვიმის წინ ჰაერის ტენიანობა იზრდება, ფუტკრის ფრთები სველდება და ფრენა უჭირს.

თუ საღამოს ჭრიჭინა ჭრიჭინებს, მეორე დღეს მზიანი ამინდი იქნება

საქმე ისაა, რომ მწერი ჭრიჭინის ხმას სხეულზე კიდურების ხახუნით გამოსცემს. ჩვენმა წინაპრებმა შენიშნეს, რომ მშრალ, ცხელ ამინდში ჭრიჭინა კიდურების ხახუნს ააქტიურებს, ხოლო წვიმის წინ - ამცირებს.

მეცნიერული ახსნა - მშრალ, ცხელ ამინდში ატმოსფერული წნევა იზრდება და ხმა დიდ ფართობზე ვრცელდება, ხოლო წვიმის წინ, პირიქით - ჰაერის ტენიანობა იზრდება და ხმის გავრცელებაც იკლებს.

თუ მზე ჩასვლისას წითლდება, ელოდეთ ქარიან ამინდს

მეცნიერული ახსნა- ქარის წინ ჰაერი უფრო მკვრივი და ტენიანი ხდება. ასეთ ამინდში ჩვენამდე მხოლოდ სინათლის გრძელი ტალღები აღწევს. შესაბამისად, წითელი მზე ცუდი ამინდის მაცნეა.

და ბოლოს, კიდევ რამდენიმე ხალხური მინიშნება, რომლითაც შეიძლება ამინდი განსაზღვროთ:

თუ ბულბული მთელი ღამე გალობს, მზიანი ამინდი გელით. თუ ობობა ქსელს ქსოვს, მზიანი ამინდის ნიშანია. ჭიანჭველები მიწაში ჩადიან - იწვიმებს.

ამინდის ზუსტი პროგნოზირებისთვის ეცადეთ, ბუნებას ყურადღებით დააკვირდეთ და სწორად განმარტოთ მასში მიმდინარე ცვლილებები. პროგნოზი მაქსიმალურად ზუსტი იქნება, თუ ერთდროულად რამდენიმე მინიშნებაზეა აგებული.

🔰:

ამინდის პროგნოზი ღრუბლების მიხედვით - როგორ ახერხებდნენ ამას ჩვენი წინაპრები?

რატომ არ შეიძლება ქოლგის სახლში გაშრობა? - ხალხში გავრცელებული ცრურწმენები

4 წესი, რომელიც სასაფლაოზე უნდა დაიცვათ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სი...

როგორ ითხოვს კატა
დახმარებას

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ აქვთ კ...

მეცნიერებმა გაარკვიეს,
რატომ აქვთ კატებს
ვერტიკალური გუგები

როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც ორი...

სოფელი ბარლი (Baarle) - ორი
ქვეყნის საზღვარი

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში ბავშვებს ს...

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში
ბავშვებს სიცივეში?

რატომ მალავენ კატები საკუთარ ექსკრე...

კატის ტუალეტი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რატომ ჭამენ ჩინელები ჩიტის ბუდეებს?

სალაგანის ბუდე

რატომ არ სვამს ალკოჰოლს ტრამპი? - 1...

დონალდ ტრამპი მამასთან
ერთად

რატომ იკეთებს მართლმადიდებელი საქორ...

საქორწინო ბეჭედი
მარჯვენა ხელზე