გიმპი-გიმპი - ჭინჭრის ნათესავი, რომელიც რამდენიმეთვიან მტანჯველ ტკივილს იწვევს
17:44 ხუთ. 12 სექტემბერი
ცოტა ხნის წინ დიდ ბრიტანეთში სპეცრეისით ჩაიტანეს შხამიანი მცენარე, რომელსაც მსუბუქი შეხებითაც კი ჯოჯოხეთური ტკივილის გამოწვევა შეუძლია. მას შემდეგ მინის კოლოფში მოთავსებულ მცენარეს, რომელსაც უცნაური სახელი - გიმპი გიმპი ქვია (Dendrocnide moroides) სპეცტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები უვლიან და რწყავენ.
ნორტუმბერლენდში, ალნიკის კოშკის გარშემო, მსოფლიოს ყველაზე საშიში ბაღი მდებარეობს, რომელშიც 100-ზე მეტი შხამიანი მცენარე იზრდება. ბაღს გარშემო მაღალი ლითონის ღობე აკრავს, კარიბჭეზე კი ამოიკითხავთ - "ეს მცენარეები კლავენ". როგორც მიხვდით, გიმპი-გიმპი სწორედ ამ ბაღში მოათავსეს.
ჩვეულებრივ, გიმპი-გიმპი ავსტრალიისა და ინდონეზიის ტროპიკულ ტყეებში გვხვდება. მცენარის მხოლოდ შეხება საკმარისია, რომ ადამიანი რამდენიმე კვირის მანძილზე ჯოჯოხეთურმა ტკივილებმა დატანჯოს.
***
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გიმპი-გიმპის შხამი ობობებისა და მორიელების შხამს წააგავს, ხოლო მოლეკულური სტრუქტურა საშუალებას აძლევს მსხვერპლის ტკივილის რეცეპტორებზე მრავალჯერ იმოქმედოს.
მცენარე დაფარულია ნეიროტოქსინების შემცველი წვრილი ბუსუსებით, რომლებიც შეხებისას ადამიანის კანში ხვდებიან და წამლავენ. ტკივილი, რომელსაც ბუსუსების კანში მოხვედრა იწვევს, 6 თვემდე გრძელდება.
ვისაც გიმპი-გიმპის შხამის სიმწარე გამოუცდია, ამბობს, რომ ის ერთდროულად ცეცხლითა და მჟავათი დაწვას და ზედ კიდევ დენის დარტყმას ჰგავს.
გიმპი-გიმპი თავის შხამიან ბუსუსებს ჰაერში შეუმჩნევლად აფრქვევს, ამიტომ მის სიახლოვეს ყოფნაც კი საშიშია. ექსკურსიის დროს ტურისტებს მცენარის შეხება და დასუნვაც კი ეკრძალებათ. ცნობილია შემთხვევები, როდესაც ბაღში სეირნობისას მნახველებმა გიმპი-გიმპის ტოქსიკური აირების ჩასუნთქვისგან გონება დაკარგეს.
საინტერესო ფაქტები გიმპი-გიმპის შესახებ:
⭕ გიმპი-გიმპი ჭინჭრისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. მცენარეს სახელი ავსტრალიის ქალაქ გიმპის სა-პატივსაცემად უწოდეს, სადაც ოქროს მოპოვება ხდება.
⭕ მცენარე ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში, ტროპიკულ ტყეებში, გზებთან და ნაკადულებთან ახლოს გვხვდება. შხამიანი მცენარე გულის ფორმის დიდი ფოთლებით 3-5 მეტრამდე სიმაღლის იზრდება.
⭕ გიმპი-გიმპის პატარა თეთრი ან წითელი ყვავილები და ღია ვარდისფერი წვნიანი ნაყოფი აქვს. ნაყოფი საკვებად ვარგისია, მაგრამ მხოლოდ შხამიანი ბუსუსების მოცილების შემდეგ.
⭕ მცენარესთან შეხების შემდეგ ადამიანს კანი უწითლდება, თვალები უცრემლიანდება, სუნთქვა უჭირს და მტანჯველ ტკივილს განიცდის, რომელიც ძლიერდება და დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, პიკს აღწევს. შესაძლებელია ცხვირიდან სისხლდენა, სასუნთქი გზების დაზიანება და ძლიერი ცემინება. გაუსაძლისი ტკივილი შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს.
⭕ საშინელი ტკივილის გარდა, გიმპი-გიმპი ალერგიულ რეაქციასაც იწვევს, შესაძლებელია ანაფილაქსიური შოკის განვითარება. დასუსხვის ადგილი საშინლად სივდება, ხდება ლიმფური სისტემის ანთება.
⭕ გიმპი-გიმპი ტოქსიკურობას მაშინაც კი ინარჩუნებს, როცა უკვე მკვდარია. მისი ტოქსინი იმდენად მდგრადია, რომ ტკივილი შეიძლება ორ წლამდე გაგრძელდეს. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანის დასუსხვა ერთი საუკუნის წინანდელ, გამხმარ და გამოფიტულ გიმპი-გიმპისაც კი შეუძლია.
⭕ ნეიროტოქსინი, რომელსაც მცენარე შეიცავს, ადამიანების და ცხოველების სიკვდილს იწვევს. არსებობს შემთხვევები, როდესაც გიმპისგან დასუსხული ცხენები აუტანელი ტკივილისგან აგონიაში იღუპებოდნენ ან კლდეებიდან ხტებოდნენ.
⭕ დაბოლოს, გიმპი-გიმპის შხამის ანტიდოტი ბუნებაში არ არსებობს, ამიტომ დასუსხულ ადამიანს გაუსაძლისი ტკივილების თვეების მანძილზე ატანა უწევს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან