კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს!
14:56
იციდით, რომ კატის კრუტუნს ჭრილობების შეხორცების დაჩქარება შეუძლია? მეცნიერებს ჯერ კიდევ ბოლომდე არ დაუდგენიათ, ზუსტად როგორ წარმოიქმნება ეს ბგერა, თუმცა ყველამ ვიცით —კატები კრუტუნებენ, ეს კი ადამიანებს ძალების აღდგენაში ეხმარება.
კრუტუნის სიხშირე 25-დან 150 ჰერცამდე მერყეობს და კვლევები მოწმობს, რომ ეს ვიბრაცია არა მხოლოდ თავად კატებისთვისაა სასარგებლო, არამედ ადამიანებისთვისაც.
კატის კრუტუნის მოქმედება ადამიანზე:
ამცირებს სტრესს: კრუტუნის სიხშირე (ძირითადად 20-140 ჰერცი) ადამიანის ორგანიზმში ამცირებს სტრესის ჰორმონს — კორტიზოლს.
არეგულირებს არტერიულ წნევას: კატის მოფერება და მისი კრუტუნის მოსმენა ამშვიდებს ნერვულ სისტემას და აქვეითებს წნევას.
ამცირებს გულის დაავადებების რისკს: კვლევების თანახმად, კატის პატრონებს გულ-სისხლძარღვთა პრობლემებითა და ინსულტით გარდაცვალების 30%-ით ნაკლები რისკი აქვთ.
დადებითად მოქმედებს კუნთოვან და ძვლოვან ქსოვილზე: 25-50 ჰერცის სიხშირის ვიბრაციები მედიცინაში გამოიყენება ძვლების სიმკვრივის შესანარჩუნებლად და ტკივილის შესამსუბუქებლად, რასაც კატის კრუტუნი ბუნებრივად აკეთებს.
ასე რომ, თუ სახლში კრუტუნა ოთხფეხა მეგობარი გყავთ, მას შეუძლია ტრავმის შემდგომ აღდგენაშიც მოგეხმაროთ და ქოშინიც კი შეგიმსუბუქოთ.
გარდა ამისა, დაკვირვებები აჩვენებს, რომ კატები მოდუნებასა და კომფორტულად გრძნობაში გვეხმარებიან. დადგენილია, რომ კატების პატრონები სტრესს ნაკლებად განიცდიან. სტრესის მიმართ გამძლეობით მეორე ადგილზე ძაღლების პატრონები არიან.
დაბოლოს, გთავაზობთ კატებზე რამდენიმე მართლაც უცნაური და საინტერესო ფაქტს:
უნიკალური ცხვირის ანაბეჭდი აქვთ: როგორც ადამიანებს გვაქვს სრულიად ინდივიდუალური თითის ანაბეჭდები, ისე კატებს აქვთ უნიკალური ცხვირის ანაბეჭდი. მსოფლიოში არ არსებობს ორი კატა, რომლებსაც ცხვირის ზედაპირზე ზუსტად ერთნაირი ზოლები აქვთ.
მხოლოდ ადამიანებთან „ლაპარაკობენ“: კატის კნავილი ძირითადად, ადამიანებთან ურთირთობისთვის განვითარებული ქცევაა — ისინი სხვადასხვა ტონალობის ბგერებს იმისთვის არჩევენ, რომ ჩვენზე იმოქმედონ (საკვები მოითხოვონ ან ყურადღება მიიპყრონ).
სიზმრებს ხედავენ: კატებს, ადამიანების მსგავსად, ძილის სწრაფი ფაზა აქვთ (REM) და სიზმრებს ხედავენ. თუ ძილის დროს კატას ლოყები, ულვაშები ან თათები უთრთის, ეს იმის ნიშანია, რომ ის ამ დროს თავის კატურ თავგადასავლებს სიზმარში ხედავს.
ულვაშებს სანტიმეტრივით იყენებენ: კატის ულვაშები (ვიბრისები) მხოლოდ სილამაზისთვის არ არის. ისინი სივრცის აღქმას უზრუნველყოფენ — თუ ულვაშები ეტევა, კატამ იცის, რომ სხეულიც თავისუფლად გაეტევა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან