იცით თუ არა

როგორ გაჩნდა დოლარის ნიშანი და რა კავშირშია მასთან ჰერაკლე?

fun time

16:08

ჰერკულესის სვეტები

14
დაკოპირებულია

იცით თუ არა, რომ დოლარის ნიშანი $ უბრალოდ გრაფიკული სიმბოლო კი არა, გასაიდუმლოებული გზავნილია?

დავიწყოთ იმით, რომ ანტიკურ მსოფლმხედველობაში ხმელთაშუა ზღვა სამყაროს ცენტრად ითვლებოდა, ხოლო ატლანტის ოკეანეში გასასვლელი — შეუცნობელი სამყაროს კარიბჭედ. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ჰერაკლემ გიბრალტარის სრუტესთან ცნობილი ჰერაკლეს სვეტები (ორი მოპირდაპირე კლდე) აღმართა.

ამ ქვის სვეტებზე დიდხანს იწონებდა თავს წარწერა: „Non Plus Ultra“ („აქეთ გზა არ არის“, „საზღვარს მიღმა არაფერია“). ეს სიტყვები რუკაზე დატანილი უბრალო წარწერა კი არა, ერთგვარი ფსიქოლოგიური წინაღობა გახლდათ. მის მიღმა ქაოსი და საშინელებებით სავსე წყლის უფსკრული იყო, სადაც შესვლა ღვთის გმობად ითვლებოდა.

P.S. არის ასეთი მითი: როცა ჰერაკლემ სვეტები „გასწია" (საუბარია გიბრალტარის სრუტეზე, რომელმაც 7000 წელს ჩვ წ-აღმდე განიცადა გაფართოება), ამ დროს ოკეანის წყლების დიდი მასა შემოიჭრა ხმელთაშუა ზღვაში - გაარღვია ბოსფორი და ასე შეიქმნა შავი ზღვა, რომელიც მანამდე ტბა გახლდათ...

💲

ჟამთასვლასთან ერთად სამყაროც იცვლებოდა.

XV საუკუნის მიწურულს ქრისტეფორე კოლუმბმა ატლანტის ოკეანე გადაკვეთა და ანტიკური ხანის შიში დაამსხვრია. ამ დროიდან კაცობრიობამ გააცნობიერა, რომ სამყარო გიბრალტართან აღარ მთავრდებოდა...

გარდამტეხი ეტაპი XVI საუკუნის დასაწყისში დადგა. 1516 წელს ესპანეთის ტახტზე კარლ V ჰაბსბურგი ავიდა. კარლ V არა მარტო ესპანეთის მეფე, არამედ რომის იმპერიის იმპერატორიც გახდა და მის სამფლობელოებს ახალი სამყაროს მიწებიც შეემატა.

რაკი ესპანელებმა ჰერკულესის სვეტებს გადააბიჯეს და ახალ ზღვებში შეცურეს, აკრძალვა - „აქეთ გზა არ არის“ და „საზღვარს მიღმა არაფერია“ უკვე მოძველებულად ჩაითვალა. კარლს ახალი, იმპერიული ამბიციების შესაფერისი დევიზი სჭირდებოდა. ლეგენდის თანახმად, პირადმა მრჩეველმა, იტალიელმა ჰუმანისტმა ლუიჯი მარლიანიმ, მას განსხვავებული ფორმულა შესთავაზა — „Plus Ultra“ („საზღვრებს მიღმა“).

ამ დროიდან ჰერკულესის სვეტებზე შემოხვეული ლენტი წარწერით „Plus Ultra“ კარლ V-ის პირადი გერბის, მოგვიანებით კი ესპანეთის სახელმწიფო ჰერალდიკის ცენტრალურ სიმბოლოდ იქცა.

💲

აქტიური კოლონიზაციის პარალელურად, ესპანეთმა ახალ სამყაროში ვერცხლის მონეტების მოჭრა დაიწყო. მათ შორის ყველაზე ცნობილი პესო გახდა (ესპანური თალერი ანუ „რვიანი“ — real de a ocho).

სწორედ ამ მონეტების ავერსზე ან რევერსზე ათავსებდნენ ესპანელები კარლ V-ის გერბს — ორ ვერტიკალურ სვეტს, რომელთაც „PLVS ULTRA“-ს წარწერიანი, დაკლაკნილი ლენტი კვეთდა.

მალე ოსტატები დილემის წინაშე დადგნენ — ვერცხლის პატარა ნაჭერზე სვეტების, ლენტის, ტალღებისა და წარწერის გამოსახვა უკიდურესად რთული იყო, ამიტომ თავდაპირველად ორი სვეტი ორ ვერტიკალურ ხაზად ( | | ) აქციეს, სვეტებზე შემოვლებული დევიზიანი გრაგნილი S-ის ფორმის ხაზად გარდაიქმნა, რომელიც ამ ვერტიკალებს კვეთდა, წარწერა „Plus Ultra“ კი საერთოდ გაქრა.

ასე მივიღეთ გრაფემა S, რომელსაც ერთი ან ორი ვერტიკალური ხაზი კვეთდა.

ეს გახლდათ ჰერაკლეს ძველი მითის პიქტოგრამა, რომელიც იმპერიულმა გლობალიზაციამ ახლებურად გაიაზრა.

ინფოგრაფიკაზე გამოსახულია, თუ როგორ ტრანსფორმირდა ჰერკულესის სვეტები და მასზე შემოხვეული ლენტი დოლარის სიმბოლოდ ($).

XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, ესპანეთში კარლოს III-ის მეფობის პერიოდში (1759–1788 წლებში), მოხდა ამ მონეტის მასობრივი გავრცელება და აშშ-ში დოლარის სიმბოლოს ($) საბოლოო ფორმირება

1792 წლამდე ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიებში ფინანსური ქაოსი მეფობდა. ამ ვითარებაში ყველაზე სანდოდ ესპანური პესო, იგივე „ესპანური დოლარი“ ითვლებოდა.

აშშ-ის დამფუძნებელმა მამებმა საკუთარი ვალუტის შესაქმნელად ესპანური პესოს მსყიდველობითი უნარი და სტანდარტები გადაიღეს და სახელად „დოლარი“ უწოდეს. სავაჭრო წრეებმა, რომლებიც ესპანური პესოთი ანგარიშსწორებას იყვნენ ჩვეულნი, ესპანური ფულის აღმნიშვნელი ნაცნობი სიმბოლო ამერიკულ ფულზე გადაიტანეს.

მომავალი აშშ-ის ტერიტორიაზე $-ის ნიშნის გამოყენების პირველი დადასტურებული შემთხვევა 1770-იანი წლების საქმიან ქაღალდებს უკავშირდება. ხელნაწერ ტექსტებში თავდაპირველად ერთი ვერტიკალური ხაზით გადახაზული ნიშანი გამოიყენებოდა, თუმცა XIX საუკუნის დასაწყისიდან სტანდარტად ორმაგი გადახაზვა დამკვიდრდა. მკვლევართა უმრავლესობა ამას სწორედ ჰერკულესის ორ სვეტზე მინიშნებას უკავშირებს.

💲

ამრიგად, დოლარის ნიშანი უნიკალური ლინგვო-იკონოგრაფიული არტეფაქტია. ის არის ჩაკეტილი ხმელთაშუაზღვისპირეთიდან გლობალურ ატლანტიკაზე, ფეოდალური აკრძალვებიდან კაპიტალისტურ ექსპანსიაზე გადასვლის სიმბოლო, რომელმაც ტირაჟითა და ცნობადობით ნებისმიერი სხვა სიმბოლო დაჩრდილა.

***

როგორ იქცა ამერიკული აბრევიატურა OK მსოფლიოს ყველა ხალხის მეტყველების ნაწილად

კოლუმბს ამერიკის აღმოჩენის სანაცვლოდ არაფერი მიუღია

ესპანური თეთრი ქალაქის საიდუმლო!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ უწოდებენ ინგლისს „ნისლიან ალბ...

რატომ უწოდებენ ინგლისს
„ნისლიან ალბიონს“?

რატომ არ შეიძლება 40 წლის იუბილეს ა...

40 წლის იუბილე

პულენები — რა საიდუმლოს მალავს შუა...

პულენები — რა საიდუმლოს
მალავს შუა საუკუნეების
წვეტიანი ფეხსაცმელი?

რატომ აქვს ჟირაფს გრძელი კისერი?

ჟირაფის მახასიათებლები

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის ჯოხს პატარა...

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის
ჯოხს პატარა ხვრელი

რადგან არსებობს ახალი ზელანდია, სად...

რადგან არსებობს ახალი
ზელანდია, სად გაქრა ძველი?

რომელია კაცის უძველესი პროფესია და...

რომელია კაცის უძველესი
პროფესია

როგორ უძლებს კოდალა ხეზე გამუდმებით...

როგორ უძლებს კოდალა ხეზე
გამუდმებით კაკუნს?

რატომ არ შეიძლება ეგვიპტიდან და მალ...

ნიჟარები და მარჯნები
ეგვიპტიდან და მალდივის
კუნძულებიდან