რომელია კაცის უძველესი პროფესია და როგორ იქცა ის სალანძღავ სიტყვად?
14:12 შაბ. 25 ივლისი
ქალის უძველესი ხელობის შესახებ ყველას სმენია, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომელია კაცის ყველაზე ძველი პროფესია. თავიდანვე გეტყვით, რომ ის ინტიმურ მომსახურებას არ უკავშირდება, როგორც ბევრმა შეიძლება იფიქროს. ამ პროფესიას... „პარასიტი“ ერქვა და სწორედ აქედან იღებს სათავეს ყველასთვის ნაცნობი სიტყვა „პარაზიტი“, რომელიც მუქთახორას ნიშნავს.
ბერძნულიდან სიტყვა „პარასიტი“ ( παράσιτος) თავდაპირველად დაახლოებით „თანამეინახეს“ ან „საკვებთან ახლოს მყოფს“ ნიშნავდა. სიტყვა შედგება ორი ნაწილისგან: para — „გვერდით, ახლოს“ და sitos — „საკვები, მარცვლეული“.
სანამ პარასიტი „მუქთახორად“ ან უბრალოდ სუფრის მასხარად იქცეოდა, ძველ საბერძნეთში ეს სრულიად პატივსაცემი, სასულიერო/რელიგიური წოდება იყო.
პარასიტები იყვნენ ქურუმების თანაშემწეები, რომლებსაც ტაძარში შესაწირი ხორბლისა და ქერის შეგროვება ევალებოდათ, რასაც შემდეგ ღმერთებისადმი მიძღვნილ საერთო ნადიმებზე (სატრაპეზოებში) იყენებდნენ. სიტყვა para-sitos სწორედ აქედან მოდის: para (გვერდით, ახლოს) და sitos (პური/საკვები), ანუ „ის, ვინც პურს/ჭამას გვერდით უზის“.
ათენში არსებობდა სპეციალური კანონებიც კი, რომლებიც არეგულირებდა, თუ ვის შეეძლო პარასიტობა. ესენი დამსახურებული მოქალაქეები ან მათი შთამომავლები იყვნენ. მათ უფლება ჰქონდათ, საზოგადოებრივ შენობაში („პრიტანეუმში“) სახელმწიფოს ხარჯზე ესაუზმათ. მაშინ ეს მიიჩნეოდა დიდი პატივისცემის ნიშნად და არა მუქთახორობად.
პარასიტებს ნებისმიერ თემაზე საუბარი შეეძლოთ — სამხედრო საქმეებიდან დაწყებული, ფილოსოფიური საკითხებით დამთავრებული.
ანტიკური ხანის წესისამებრ, სუფრასთან წამოწოლილი პარასიტი, ჭიქა ღვინოსთან ერთად, ცხოვრების არსზე საათობით მსჯელობდა, ქალაქურ ჭორებს, იგავებსა თუ ანეკდოტებს ჰყვებოდა. პარასიტომა სულაც არ იყო მარტივი პროფესია. ამ პროფესიაში წარმატების მიღწევა მხოლოდ კარგად განათლებულ და ენაწყლიან ადამიანს შეეძლო. დახელოვნებულ პარასიტებზე დიდი მოთხოვნა იყო — მათ პატივს სცემდნენ, საჩუქრებით ავსებდნენ და რა თქმა უნდა, გემრიელადაც ასადილებდნენ. პროფესიონალებს იმდენად დატვირთული სამუშაო განრიგი ჰქონდათ, რომ თითქმის ყოველ დღე სუფრაზე ეპატიჟებოდნენ.
როგორ გადაიქცა „პარასიტი“ „პარაზიტად“
პარასიტი შეიძლებოდა ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც მონა გამხდარიყო. მაგალითად, ლეგენდარულმა ეზოპემ თავისი კარიერა სწორედ პარასიტობით დაიწყო.
დროთა განმავლობაში, ამ ტრადიციის მიბაძვა მდიდარმა კერძო პირებმა დაიწყეს. ისინი ოჯახებში იწვევდნენ ენაწყლიან ადამიანებს, რომლებსაც უფასო სადილის სანაცვლოდ, სტუმრების გართობა ევალებოდათ. თანდათანობით, პარასიტის ცნებამ რელიგიური და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა სრულად დაკარგა და მხოლოდ ფორმა დარჩა, რომელიც მოგვიანებით რომში გადავიდა.
რომაელ პარასიტს „ფილოსოფიური სიბრძნეების“ ფრქვევას აღარავინ სთხოვდა — მისი საქმე მხოლოდ პირფერობა და მახვილგონივრული ხუმრობები იყო. სწორედ ამ პერიოდიდან შეიძინა ამ პროფესიის დასახელებამ ის უარყოფითი ელფერი, რაც დღეს აქვს. ძველმა რომაელმა დრამატურგებმაც აქტიურად დაიწყეს პარასიტების პერსონაჟებად შეყვანა თავიანთ კომედიებში, სადაც მათ მთავარ ნაკლოვანებებს: აბეზრობას, პირფერობას, სიხარბეს და სხვის ხარჯზე ცხოვრების სურვილს დასცინოდნენ.
ძველბერძნულ „ახალ კომედიაში“ (განსაკუთრებით მენანდრესთან) და მოგვიანებით რომაელ დრამატურგებთან (პლავტუსი, ტერენციუსი) „პარასიტი“ გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შაბლონური პერსონაჟი (Stock Character). პლავტუსის პიესებში პარასიტებს ხშირად ისეთი სახელები ერქვათ, როგორებიცაა „ერგასილუსი“ (მშრომელი — ოღონდ ჭამაში) ან „კურკულიო“ (ჭია/მწერი).
ზოგი ისტორიკოსის აზრით, პარასიტები შუა საუკუნეების მასხარების ერთგვარი „წინაპრები“ იყვნენ — ისინიც მდიდარი ბატონების კარზე ტრიალებდნენ და მასპინძლებსა თუ სტუმრებს თავიანთი ოინებით ართობდნენ. თუმცა, ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.
***
ჯადოქრობა რუმინეთში ოფიციალური პროფესიაა
სიახლეები ამავე კატეგორიიდან