როგორ უმკლავდებოდნენ სიცხეს მსოფლიოს დიდ ქალაქებში 100 წლის წინათ
17:48
ვისაც ზაფხული ქალაქში გაუტარებია, კარგად იცის, ბეტონისა და ასფალტის გარემოში როგორი გაუსაძლისი პაპანაქება დგას. დღეს კონდიციონერებისა და ვენტილატორების გარეშე ასეთი ხვატის ატანა წარმოუდგენელია, მაგრამ საინტერესოა, როგორ უმკლავდებოდნენ სიცხეს ჩვენი წინაპრები?
დიდ მეგაპოლისებში ყოველთვის საშინლად ცხელოდა, ამიტომ ვისაც საშუალება ჰქონდა, ზაფხულობით ქალაქგარეთ გადიოდა — იქ წყალი და ხეების ჩრდილი იყო და არც მანქანების გამონაბოლქვი აწუხებდათ.
ისინი, ვინც ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებდნენ, სხვადასხვა ხერხს მიმართავდნენ, რათა ქალაქში ყოფნა მეტ-ნაკლებად ასატანი გაეხადათ:
ლონდონში
ლონდონელები საღამოობით სახურავებზე ისვენებდნენ, სადაც ნიავი ბევრად უფრო გრილი და სუფთა იყო, ვიდრე ქვემოთ, გახურებულ ქუჩებში. სწორედ ასე გაჩნდა პიკნიკების, პარკებში დასვენებისა და ხეების ჩრდილში დროის გატარების ტრადიცია. ეს ხომ, ფაქტობრივად, ქალაქში ერთადერთი საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი ადგილი იყო, სადაც შედარებით გრილოდა.

სანამ ხელოვნური გაგრილების საშუალებები გაჩნდებოდა, მდიდარი მოქალაქეები ყინულის უზარმაზარ ნატეხებს ნორვეგიაში უკვეთდნენ, მსახურები კი მათ წინ მარაოებს აფრიალებდნენ, რათა ყინულიდან წამოსული გრილი ჰაერი ბატონისკენ მიემართათ.
პარიზში:
ლონდონელებთან შედარებით, პარიზელებს მეტად გაუმართლათ. რა თქმა უნდა, პარკებში ისინიც სეირნობდნენ და შადრევნებთან გრილდებოდნენ, მაგრამ ასევე შეეძლოთ თავი შეეფარებინათ ხეების ჩრდილისთვის, რომლებიც ქუჩების გასწვრივ იზრდებოდნენ და დღემდე იზრდებიან. ზოგადად, პარიზის ისტორიული ცენტრი საკმაოდ მწვანეა და ტროტუარზე ჩრდილში სეირნობა სრულიად შესაძლებელია.
აი, მდინარე სენაში ბანაობა კი აკრძალული იყო, თუმცა ეს ყველას არ აჩერებდა — განსაკუთრებით იქ, სადაც ტროტუარები პირდაპირ მდინარის ნაპირებთან ჩადიოდა. ზაფხულობით პარიზელებიც ყიდულობდნენ ყინულს, ვიდრე მისი ქარხნულად წარმოება დაიწყებოდა.
ნიუ იორკში
რაც შეეხება ნიუ იორკს, მისი განაშენიანება ქუჩებში მზისგან დამალვის ნაკლებ შესაძლებლობას იძლეოდა. სწორედ ამიტომ, სახურავებზე ასვლა და იქ საზაფხულო ტერასების მოწყობა მასობრივ ტრენდად იქცა. ბევრმა საინტერესო გამოსავალს მიაგნო და სახანძრო კიბეების საფეხურებსა და ბაქნებზე დაიწყო დასვენება. როგორც წესი, ძველ სახლებში ბინების ფანჯრები სწორედ ამ კიბეებზე გადიოდა და თუ ფანჯარასთან ასეთი კონსტრუქცია იყო, მასზე გასვლა თავისუფლად შეიძლებოდა. ბევრ ნიუ-იორკელს დღესაც ძალიან უყვარს მსგავს ადგილებში პატარა საზაფხულო კუთხის მოწყობა, თუკი ამის შანსი ეძლევა.
მდიდარ ოჯახებს შეეძლოთ ნიუ-იორკთან ყველაზე ახლოს მდებარე შტატებში, მაგალითად, ნიუ-ჯერსიში მდებარე აგარაკებზე წასულიყვნენ, სადაც დღესაც, ძირითადად, მდიდრული კერძო დასახლებებია.

გარდა ამისა, ნიუ-იორკში ბანაობის შესაძლებლობაც იყო, რადგან ქალაქს გარშემო ატლანტის ოკეანე აკრავს. გასულ საუკუნეში ნიუ იორკელების გასახარად, შესაძლებელი გახდა ნაყინის შეძენა და სახანძრო ჰიდრანტების გახსნაც, რაც საშუალებას იძლეოდა, ადამიანებს არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ქუჩაში, გახურებული ასფალტიც გაეგრილებინათ.
მოდა და სიცხე
როცა მე-18-19 საუკუნის ქალაქებზე ვსაუბრობთ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმდროინდელი დრესკოდი ადამიანებს უფლებას არ აძლევდა, რომ იმაზე მეტად გაშიშვლებულიყვნენ, ვიდრე წესი და რიგი მოითხოვდა. პაპანაქება სიცხის მიუხედავად, ამ დროს ქალებს დახურული, მრავალფენიანი კაბები, ქვეშ კი დამატებითი ქვედაკაბები და პანტალონები ეცვათ. არც მამაკაცების მდგომარეობა იყო უკეთესი — ისინი ან ფრაკებით დადიოდნენ, ან კოსტიუმებით. ზოგადად, იმდროინდელი მოდა სულაც არ იყო გათვლილი იმაზე, რომ სეზონის მიხედვით შეცვლილიყო.

ფოტოზე: ნიუ იორკი, 1911 წელი, ჰაერის ტემპერატურა +32°C
მაშინაც კი, როდესაც საცურაო კოსტიუმები გამოჩნდა, ისინი გრძელი, სახელოებით და რაც მთავარია, მატყლის ქსოვილისგან იკერებოდა.
ეს წესები საზოგადოების ნებისმიერ ფენას თანაბრად ეხებოდა, ამიტომ ქალაქში მოკლესახელოიანი ტანსაცმლით გასვლას ვერავინ გაბედავდა.

რა მდგომარეობაა დღეს?
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად, პრობლემა, რომელსაც 100 წლის წინ ადამიანები სახურავებზე ასვლითა და ყინულის ლოდებით ებრძოდნენ, დღეს გლობალურ გამოწვევად იქცა, რომელსაც უკვე სახელმწიფო დონეზე, ინფრასტრუქტურის შეცვლითა და გამწვანების აქციებით უმკლავდებიან.

ევროპა და საფრანგეთი: საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში ტემპერატურა ზაფხულობით ხშირად აჭარბებს 40°C-ს, რაც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საფრანგეთის ხელისუფლება ხშირად აცხადებს განგაშის წითელ დონეს, ზღუდავს გარე აქტივობებს და ქალაქებში სპეციალურ „გაგრილების ოთახებსა“ და დამატებით შადრევნებს აწყობს.
გლობალური ტენდენცია: მეცნიერების მონაცემებით, ბოლო წლები (მათ შორის 2023-2025 წლები და მიმდინარე 2026 წელი) რეკორდულად ცხელია. ეს უკავშირდება როგორც კლიმატის საერთო ცვლილებას, ისე ბუნებრივ ფენომენებს, როგორიცაა „ელ-ნინიო“, რომელიც წყნარი ოკეანის გათბობას და შესაბამისად, დედამიწაზე ტემპერატურის მატებას იწვევს.
აზია და ამერიკა: ანომალიური სიცხეები მხოლოდ ევროპის პრობლემა არ არის. ინდოეთსა და პაკისტანში გაზაფხულზევე ფიქსირდება ხოლმე 45°C-დან 50°C-მდე პაპანაქება. აშშ-ში კი, მაგალითად, სიკვდილის ველზე (Death Valley) და ტეხასში, საზაფხულო ტემპერატურული რეკორდები თითქმის ყოველწლიურად ახლდება.
***
ანორმალური სიცხე - ვინ შედის რისკის ჯგუფში?
ორგანიზმისთვის სიცივე უფრო საშიშია თუ სიცხე?
„იაპონური კონდიციონერი“ - ეს ძველი აზიური ხრიკი სიცხისგან დაგიცავთ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან