ვინ გამოიგონა ლუდი?
18:00 ხუთ. 25 ივნისი
ლუდი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია. მსოფლიოში ყოველწლიურად, დაახლოებით 194 მილიარდი ლიტრი ლუდი ისმევა, რაც დაახლოებით 306.7 მილიარდი სტანდარტული (633 მლ) ბოთლია.
ამბობენ, რომ:
- ლუდი ორგანიზმიდან კანცეროგენურ ნივთიერებებს გამოდევნის და კიბოთი დაავადების რისკს ამცირებს.
- ის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, უჯრედებს აახალგაზრდავებს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს ამცირებს, ათეროსკლეროზისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებას აფერხებს;
- ხელს უწყობს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განკურნებას, კუჭ-ნაწლავის მოქმედებას აუმჯობესებს და ა.შ.
- გარდა ამისა, ლუდი 30-ზე მეტ მინერალსა და მიკროელემენტს, მათ შორის მაგნიუმს, კალიუმსა და ფოსფორს შეიცავს.
დედამიწის რომელ კუთხეში მოხარშეს ეს გემრიელი და სასარგებლო სასმელი პირველად?
ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, რომელიც ძვ.წ. 4000 წლით თარიღდება, შუმერ მზარეულს პურის ცომი მზეზე დარჩა. წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როდესაც ცომთან დაბრუნებულმა მასში დუღილის პროცესი შენიშნა.
მეორე ვერსიის თანახმად, უძველეს დროს, ავადმყოფი კაცი, რომელიც მყარ საკვებს ვერ ღეჭავდა, პურს წყალში ალბობდა და ასე მიირთმევდა. ერთხელ კაცს დოქში ჩამბალი პური მიავიწყდა. როცა გაახსენდა და შეჭამა, უცნაური, სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა. გამოჯანმრთელების შემდეგ კაცმა პური წყალში დაალბო და დატოვა, რათა იგივე შეგრძნება განეცადა.
აი, ასე, სრულიად შემთხვევით, გახდნენ შუმერები ლუდის შემქმნელები.
როგორ ამზადებდნენ ლუდს ძველად?
შუმერებს ლუდის რამდენიმე რეცეპტი ჰქონდათ და სასმელს სხვადასხვა სახეობის ხორბლისგან ან ქერისგან ამზადებდნენ. ერთმა რეცეპტმა ჩვენამდეც კი მოაღწია — ჯერ პურის კვერებს აცხობდნენ, მერე წყალში ალბობდნენ და დუღილს ელოდებოდნენ. შედეგად მღვრიე სასმელს იღებდნენ, რომელიც მალე ფუჭდებოდა, მაგრამ ნამდვილი ლუდის გემო ჰქონდა.
შუმერ ქალებს ყველაზე აცტეკური (ასპელტური) ხორბლისგან დამზადებული ლუდი უყვარდათ – ეს ის ჯიშია, რომელიც ადამიანის მიერ მოყვანილ პირველ კულტურად ითვლება. გემოსთვის შიგ სხვადასხვა სანელებელსა და თაფლსაც უმატებდნენ. კაცებს კი უფრო ქერისგან დამზადებული, მომწარო გემოს ლუდი მოსწონდათ.
ძველი ლუდის ამბავი დამწერლობამ შემოგვინახა
შუმერები თავიანთ ყველა აღმოჩენასა თუ მოვლენას თიხის ფირფიტებზე იწერდნენ. სწორედ ასე გავიგეთ, რომ მესოპოტამიაში ლუდი ყველას ძალიან უყვარდა და ყველგან სვამდნენ. ეს უძველესი ქაფიანი სასმელი მოხსენიებულია ბაბილონის ერთ-ერთ უძველეს ლიტერატურულ ნაწარმოებშიც – „გალგამშიანში“, რომელიც თითქმის 4000 წლისაა!
კიდევ სად უყვარდათ და ხარშავდნენ ლუდს?
ცოტა მოგვიანებით ლუდის რეცეპტმა სხვა ქვეყნებშიც ჩააღწია. მაგალითად, ლუდი ძველ ეგვიპტელებსაც შეუყვარდათ, რის დასტურსაც კედლის მხატვრობასა და ძველ ჩანაწერებში ვპოულობთ. თანამედროვე გერმანიის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ლუდის ამფორები, რომლებიც ძვ.წ. 800 წლით თარიღდება. სხვათა შორის, გერმანიაში ლუდს, როგორც წესი, ქალები ხარშავდნენ.
დაბოლოს, რამდენიმე საინტერესო ფაქტი ლუდის შესახებ:
✔️ ძველ ეგვიპტეში, პირამიდების მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს ხელფასს ნაწილობრივ... ლუდით უხდიდნენ. თითო მუშას დღეში დაახლოებით 4-5 ლიტრი ლუდი ერგებოდა. იმდროინდელი ლუდი იმდენად ნოყიერი და სქელი იყო, რომ სასმელზე მეტად თხევად პურს ჰგავდა და მუშებს ენერგიას აძლევდა.
✔️ არსებობს ოფიციალური სამედიცინო ტერმინი „ცენოსილიკაფობია“ (Cenosillicaphobia) – ეს არის ცარიელი ლუდის კათხის შიში.
✔️ პირველი პროფესიონალი ლუდის მხარშავები ქალები იყვნენ — ძველ ბაბილონსა და ეგვიპტეში ლუდის გამოხდა და გაყიდვა მხოლოდ ქალების პრივილეგია იყო. მეტიც, შუმერებს ლუდის ქალღმერთიც კი ჰყავდათ – ნინკასი და მისთვის მიძღვნილი უძველესი ჰიმნი ფაქტობრივად, ლუდის მომზადების რეცეპტს წარმოადგენდა.
✔️ მსოფლიოში ყველაზე ძველი ლუდსახარში, რომელიც დღესაც მუშაობს და ლუდს უშვებს, გერმანიაში, ბავარიაში მდებარეობს. მას ვეიჰენშტეფანი (Weihenstephan) ჰქვია და ის 1040 წელს, მონასტრის ბაზაზე დაარსდა.
✔️ შუა საუკუნეების ევროპაში ლუდს უფრო მეტს სვამდნენ, ვიდრე წყალს. მიზეზი მარტივი იყო — იმდროინდელი ანტისანიტარიის გამო, მდინარეების წყალი ხშირად ბინძურდებოდა და დაავადებებს აჩენდა, ლუდი კი ხარშვისა და დუღილის პროცესს გადიოდა, ამიტომ მისი დალევა ბევრად უსაფრთხო იყო.
✔️ ყველაზე ძლიერი ლუდი მსოფლიოში — შოტლანდიურმა ბრენდმა Brewmeister შექმნა ლუდი სახელად „გველის შხამი“ (Snake Venom), რომლის ალკოჰოლის შემცველობა 67.5%-ია! მისი დალევა მხოლოდ პატარა ჭიქებითაა რეკომენდებული, როგორც ვისკის ან კონიაკის.
✔️ ნატურალური, გაუფილტრავი ლუდი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებითა და სილიციუმით, რომელიც ორგანიზმს ძვლების სიმკვრივის შენარჩუნებაში ეხმარება.
მთავარია, რა თქმა უნდა, ზომიერება!
ესეც საინტერესოა 👇
სიახლეები ამავე კატეგორიიდან