რისთვის სჭირდება ადამიანს თითის ანაბეჭდები?
14:41
დაბადებიდან სიკვდილამდე თითოეული ჩვენგანი უნიკალურ კოდს ატარებს, რომელიც თითის ბალიშებზეა ჩაწერილი. ეს უბრალოდ აბსტრაქტული ხაზები კი არა, იმ რთული პროცესების შედეგია, რომლებიც ჩვენს დაბადებამდე დაიწყო და ადამიანის ე.წ. „ბიოლოგიური პასპორტია“, თუმცა თითის ანაბეჭდები მხოლოდ პიროვნების დადგენის საშუალება როდია...
თითის ანაბეჭდის — სიზუსტე
მეცნიერებმა რამდენიმე საუკუნის წინ დაადგინეს, რომ სამყაროში ორი ერთნაირი თითის ანაბეჭდი არ არსებობს. ძველ ბაბილონში ადამიანები ანაბეჭდებს თიხის ფირფიტებზე ტოვებდნენ, თუმცა, მეცნიერები მხოლოდ XIX საუკუნეში მიხვდნენ, რომ ხაზების ამ ერთი შეხედვით ქაოსურ სისტემას უნიკალური სიზუსტე აქვს.
დამტკიცებულია, რომ ზუსტად თქვენნაირი თითის ანაბეჭდების მქონე ადამიანის არსებობის ალბათობა უმცირესია — 64 მილიონიდან ერთი. ეს თითის ანაბეჭდებს პიროვნების დადგენის იდეალურ საშუალებად აქცევს, განსაკუთრებით კრიმინალისტიკაში, სადაც ყოველი დეტალი შეიძლება დანაშაულის გახსნის გასაღებად იქცეს.

თითის ანაბეჭდი — შეცნობის საშუალება
თითის ანაბეჭდები მხოლოდ პიროვნების დადგენის საშუალება როდია, ის შეხების გრძნობის საკვანძო ელემენტიცაა. თითებზე არსებული ხაზები ზედაპირთან მოჭიდებას აუმჯობესებს, რაც ყველაზე ნატიფი მოძრაობების შესრულებას ხდის შესაძლებელს — მყიფე საგნების ხელში აღებიდან დაწყებული, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრით დამთავრებული.
რისთვის სჭირდება ადამიანს თითის ანაბეჭდები?
ხახუნის გაძლიერება (მოჭიდება) — თითებზე არსებული წვრილი ხაზები პროტექტორების მსგავსად მოქმედებენ. ისინი ხახუნს აძლიერებენ და საგნების მყარად დაჭერაში გვეხმარებიან.
მგრძნობელობის გაზრდა — თითების ხაზები აძლიერებენ ვიბრაციას საგნებზე შეხებისას, რაც ტვინს ზედაპირის ტექსტურის (გლუვია, ხორკლიანი და ა.შ.) შესახებ უკეთეს ინფორმაციას აწვდის.
თერმორეგულაცია — თითების კანი მდიდარია თერმორეცეპტორებით, რომლებიც ტემპერატურის შეგრძნებაში გვეხმარება. გარდა ამისა, ანაბეჭდების ღარებში განლაგებულია საოფლე ჯირკვლები, რაც ხელს უწყობს თითების ოპტიმალურ დატენიანებას და ხელს უშლის მათ გამოშრობას.
დაცვა დაზიანებისგან — თითის ხაზები ხელს უშლის კანის ზედაპირზე სითხის დაგროვებას, რაც ამცირებს ბუშტუკების წარმოქმნის რისკს.
გარდა ამისა, თითის უნიკალური ანაბეჭდების მეშვეობით ეჭვმიტანილების ან დაკარგული ადამიანების ამოცნობა ხდება.
თითის ანაბეჭდები უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებში გამოიყენება საბანკო უსაფრთხოებიდან დაწყებული, მობილური მოწყობილობების განბლოკვით დასრულებული. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, თითის ბალიშებზე არსებული მიკროფლორის გამოკვლევა შეიძლება პიროვნების დადგენის რევოლუციურ მეთოდად იქცეს —ცნობილია, რომ კანის ყოველ მონაკვეთზე ბაქტერიების უნიკალური ნაკრები არსებობს, რომელიც ადამიანის ინდივიდუალურ თავისებურებებს ასახავს.
თითის ანაბეჭდები არ არის უბრალოდ საიდენტიფიკაციო კოდი. ეს არის რთული ბიოქიმიური პროცესების, გენეტიკური მემკვიდრეობისა და გარე სამყაროსთან ურთიერთქმედების შედეგი. ეს არის განუმეორებელი მოზაიკა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნიკალურს ხდის.
***
თითის ანაბეჭდების ისტორიაში უამრავი საოცარი ამბავია, მაგრამ ორი შემთხვევა განსაკუთრებით შთამბეჭდავია — ერთი კრიმინალისტიკის ისტორიას ცვლის, მეორე კი ნამდვილი ბიოლოგიური თავსატეხია.
უილ ვესტი და უილ ვესტი (იდენტური ტყუპების პარადოქსი)
ეს ისტორია 1903 წელს აშშ-ში, ლევენვორტის ციხეში მოხდა და სწორედ მან დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ თითის ანაბეჭდები აუცილებელი იყო.
ციხეში ახალი პატიმარი, სახელად უილ ვესტი (Will West) მიიყვანეს. როდესაც მას იმ დროისთვის მიღებული "ბერტილონის სისტემით" (სხეულის ნაწილების გაზომვა) ზომები აუღეს და ფოტო გადაუღეს, არქივიუსმა გაოცებულმა უთხრა: „თქვენ ხომ ჩვენს ციხეში მკვლელობისთვის უკვე ზიხართ?“
აღმოჩნდა, რომ ციხეში ორი წელი იჯდა სხვა პატიმარი, რომელსაც ერქვა... უილ ვესტი (William West). მათი სახეები, თვალის ფერი, ცხვირის ფორმა და სხეულის პარამეტრები სრულიად ერთნაირი იყო. ვესტები საოცრად ჰგავდნენ ერთმანეთს, თუმცა ნათესავებადაც კი არ ითვლებოდნენ! ციხის თანამშრომლები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ — როგორ გაერჩიათ ორი სრულიად ერთნაირი ადამიანი ერთმანეთისგან?
საბოლოოდ, გამოსავალი თითის ანაბეჭდები აღმოჩნდა. გარეგნული მსგავსების მიუხედავად, ვესტების თითის ანაბეჭდები სრულიად განსხვავებული იყო. ამ შემთხვევის შემდეგ მსოფლიომ საბოლოოდ თქვა უარი ძველ მეთოდებზე და დანაშაულის სამყაროში თითის ანაბეჭდების ეპოქა დაიწყო.
ადამიანები თითის ანაბეჭდების გარეშე
წარმოგიდგენია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თითის ბალიშები სრულიად გლუვი აქვთ? ამ იშვიათ გენეტიკურ მუტაციას ადერმატოგლიფია ჰქვია, მაგრამ მსოფლიოში მას სხვა სახელითაც იცნობენ — საიმიგრაციო შეფერხების დაავადება.
ეს სახელი შვეიცარიელ ქალს უკავშირდება, რომელიც აშშ-ში გამგზავრებას აპირებდა. საზღვარზე, როდესაც თითის ანაბეჭდების სკანირება მოსთხოვეს, აპარატმა ვერაფერი გამოავლინა — ქალის თითები იდეალურად გლუვი იყო. ის კინაღამ დააკავეს, რადგან მესაზღვრეებს ეგონათ, რომ თითოს ანაბეჭდები მჟავით წაიშალა ან სპეციალურად დაიზიანა.
მოგვიანებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს გენეტიკური კოდის უცნაური თამაშია. თითის ანაბეჭდების გარეშე დაბადებულ ადამიანებს ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვთ, უბრალოდ, ბუნებამ მათ "პასპორტი" არ აჩუქა, ამიტომ დღევანდელ ციფრულ სამყაროში მათთვის სმარტფონის განბლოკვაც კი დიდი გამოწვევაა!
***
შუა თითის ჩვენება - უხამსი ჟესტი თუ ბოროტი ძალებისგან თავდაცვის საშუალება?
როგორ შეცვალა „ჯოკონდას“ ქურდობამ მსოფლიო კრიმინალისტიკის განვითარება
სიახლეები ამავე კატეგორიიდან