რატომ უწოდებენ ინგლისს „ნისლიან ალბიონს“?
16:00 ორშ. 10 აგვისტო
„ნისლიანი ალბიონის“ გაგონებაზე ბევრი ეტლში შებმულ ცხენს, რიყის ქვებზე ნალების ტკაცუნს და სქელ ნისლში მბჟუტავი ქუჩის ფანრების შუქს წარმოიდგენს. ლიტერატურისა და კინემატოგრაფის წყალობით, ინგლისი და მისი პოეტური სახელი ერთ მთლიანობად იქცნენ, მაგრამ არის კი სინამდვილეში ინგლისი ევროპაში ყველაზე ნისლიანი ქვეყანა და საერთოდ, საიდან გაჩნდა ეს უცნაური სიტყვა - „ალბიონი“?
დავიწყოთ იმით, რომ ალბიონი (Albion) ბრიტანეთის კუნძულების ძველი სახელწოდებაა. ენათმეცნიერები და ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ ეს სიტყვა ლათინური სიტყვიდან albus წარმოიშვა, რაც „თეთრს“ ნიშნავს. რატომ „თეთრი“? პასუხი დუვრის (Dover - ქალაქი და პორტი დიდ ბრიტანეთში) ცნობილ თეთრ კლდეებს უკავშირდება.

წარმოიდგინეთ, რომ რომაელი მეზღვაური ან ბერძენი ვაჭარი ხართ, უზარმაზარი, შეუსწავლელი კუნძულისკენ მიცურავთ და პირველი, რასაც გემიდან ხედავთ, არა პორტები ან ტყეები, არამედ 100 მეტრზე მეტი სიმაღლის ცარცის თეთრი კლდეებია. ეს სანახაობა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ბრიტანეთის სავიზიტო ბარათად იქცა. ასე გადაიქცა ბრიტანეთი „ალბიონად“ — თეთრ კუნძულად.
რაც შეეხება ნისლიანობას...
წმინდა მეტეოროლოგიური თვალსაზრისით, ინგლისი ნისლიანობის მხრივ რეკორდსმენი სულაც არ გახლავთ. გოლფსტრიმის დინების წყალობით, აქ კლიმატი რბილი და ტენიანია, თუმცა, ხშირი ადვექციური ნისლი, რომელიც ზღვის ცივ ზედაპირზე თბილი ჰაერის გადავლით წარმოიქმნება, ნიუფაუნდლენდიდან მოყოლებული, სან-ფრანცისკოთი დამთავრებული, ბევრი სანაპირო რეგიონისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.
თავად ბრიტანეთში, წლის განმავლობაში ნისლიანი დღეების რაოდენობით, პირველობა ლონდონს კი არა, კორნუოლის ბორცვებს ან შოტლანდიის ტორფნარებს ეკუთვნის, მაშინ რატომ იგივდება ნისლთან მაინცდამაინც ინგლისის დედაქალაქი და შემდგომ მთელი ქვეყანა? როგორც ირკვევა, საქმეში ადამიანის ფაქტორი ერევა, რომელმაც ბუნებრივი ბურუსი სასიკვდილო იარაღად აქცია.
მეტაფორის პოპულარობას ხელი შეუწყო XIX-XX საუკუნეების ინდუსტრიულმა რევოლუციამ. ამ პერიოდში ლონდონი, ქარხნებისა და ნახშირით გათბობის მსოფლიო ცენტრად იქცა. იაფფასიან ნახშირზე მომუშავე მილიონობით ბუხარი ჰაერში გოგირდის, ჭვარტლისა და კუპრის ნაწილაკებს ტყორცნიდა. ატლანტის ოკეანის ბუნებრივ ტენიანობასთან შერწყმით, ეს გამონაბოლქვი სქელ, ყვითელ-მწვანე ან მოყავისფრო მომწამვლელ სმოგს ქმნიდა. ის იმდენად სქელი და გაუმჭვირვალე გახლდათ, რომ ხილვადობა ნულამდე ეცემოდა.
ისტორიული წყაროების მიხედვით, ამ სმოგში მყოფი ადამიანები საკუთარ გაწვდილ ხელსაც კი ვერ ხედავდნენ. ბუნებრივია, სმოგის წყალობით, ქალაქში მოძრაობა სრულიად პარალიზებული იყო. განსაკუთრებით ტრაგიკული აღმოჩნდა 1952 წლის ზამთარი, როდესაც „დიდმა სმოგმა“ სულ რაღაც ხუთ დღეში, 12 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეს იყო ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც ამ ადგილის სიმბოლოდ იქცა.

როგორ აქცია ხელოვნებამ მეტაფორა უკვდავებად
რომანტიკოსმა პოეტებმა ბნელი, საიდუმლოებით მოცული ქალაქი-ლაბირინთის სახე აიტაცეს და გააიდეალეს. ალბათ ყველაზე „ნისლიანი“ ავტორი ჩარლზ დიკენსია. მისი „მოწყენილი სახლი“ ლონდონური სმოგისადმი მიძღვნილი ჰიმნით იწყება, რომელიც უკვე კლასიკად იქცა: „ნისლი ყველგანაა. ნისლი ტემზის ზემოწელში... ნისლი ესექსის ჭაობებზე, ნისლი კენტის მაღლობებზე... ნისლი მოხუცი გემის მზარეულის თვალებსა და ხმაში...“
შეუძლებელია არ გავიხსენოთ არტურ კონან დოილი. შერლოკ ჰოლმსის შესახებ დაწერილ მოთხრობებში ნისლი დანაშაულისა და ლოგიკის ბუნებრივი გარემოა. ბეიკერ-სტრიტის იდუმალება და სივრცეში მომზირალი დიდი დეტექტივის პროფილი ბურუსის გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ XX საუკუნის მასობრივმა კულტურამ გახადა ეს სახე საბოლოოდ კანონიკური.
დღეს ლონდონში, რომელიც ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიას მოიხმარს, უსაფრთხო და სუფთა ჰაერია.
1952 წლის „დიდი სმოგის“ შემდეგ მიიღეს კანონი „სუფთა ჰაერის შესახებ“ და დღეს ტემზის თავზე ჩამოწოლილი ნისლი, სრულიად უწყინარი ბუნებრივი მოვლენაა.

თუ ასეა, რატომ შერჩა ინგლისს „ნისლიანი ალბიონის“ სახელი? იმიტომ, რომ ეს უკვე კლიმატის აღწერა კი არა, კულტურული კოდია. ეს ინგლისური სულის ამოუცნობლობისა და კონტინენტისგან მისი ისტორიული დისტანცირების მეტაფორაა, რომელიც იმპერიული ნოსტალგიის ბურუსშია გახვეული. სანამ ინგლისური ლიტრატურა და სახვითი ხელოვნება იარსებებს, ცარცის, ნახშირისა და ორთქლის ეს ნარევი თავისი შეუცნობელი სიღრმით მუდამ მიგვიზიდავს.
***
ყვითელი ნისლი - როგორ შეცვალა „დიდმა სმოგმა“ ბრიტანეთი
რა განსხვავებაა დასახელებებში: დიდი ბრიტანეთი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
რატომ დასაჯეს ინგლისელებმა ცილინდრის გამომგონებელი?
5 საუკეთესო ფილმი დედოფალ ელისაბედ II-ის ცხოვრებაზე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან