თავისუფლების ქანდაკების საიდუმლო — ვისი სახე აქვს მონუმენტს?
14:32
1986 წლის 28 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების მეასე წლისთავზე, ნიუ-იორკის უბეში, მდინარე ჰუდსონის შესართავთან საფრანგეთის მიერ აშშ-სთვის ნაჩუქარი მონუმენტი გახსნეს. ჩვენ დიდი ხანია, შევეჩვიეთ მის აღქმას აბსტრაქტულ სიმბოლოდ და უსახო ქალღმერთად, თუმცა ამ ქვის ნაკვთების უკან, სავარაუდოდ, რეალური ადამიანი დგას. საუბარია იზაბელა ბოიეზე (Isabella Eugenie Boyer) — ამერიკელ ქალზე, რომელმაც პარიზი დაიპყრო.
იზაბელ ეუჟენი ბოიე (1841–1904) პარიზში, აფრო-ფრანგულ ოჯახში დაიბადა. გოგონას ბრწყინვალე განათლება ჰქონდა მიღებული, რამდენიმე ენას ფლობდა და მისი სილამაზე გულგრილს არავის ტოვებდა.

იზაბელ ეუჟენი ბოიე
1863 წელს, იზაბელი ლეგენდარული საკერავი მანქანის გამომგონებელს, ისააკ ზინგერს ცოლად გაჰყვა. ზინგერი ცოლზე 30 წლით უფროსი იყო და სხვადასხვა ქორწინებიდან უამრავი შვილი ჰყავდა, თუმცა იზაბელი მორიგი „მისის ზინგერი“ არ გამხდარა.

ისააკ ზინგერი, Singer Sewing Machine Company-ს დამფუძნებელი
1875 წელს, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მას უზარმაზარი ქონება დარჩა (დაახლოებით, 13 მილიონი დოლარი, რაც დღეს ასობით მილიონის ეკვივალენტია) და ევროპული მაღალი საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად იქცა. მის მუსიკალურ სალონებში ევროპის არტისტული და პოლიტიკური ელიტის ნაღები იკრიბებოდა. სწორედ იქ, ფუფუნების ბრწყინვალებაში შენიშნა ქალი მოქანდაკე ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდიმ.

მოქანდაკე ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდი
ვერსია იმის შესახებ, რომ თავისუფლების ქანდაკების სახე იზაბელა ბოიეს ეკუთვნის, უბრალო ჭორი არ გახლავთ. ის მნიშვნელოვან არგუმენტებსა და თანამედროვეთა მოგონებებს ეყრდნობა.
ამ თეორიის მომხრეთა მთავარი არგუმენტი ფრანგი სენატორის, ჟიულ ბოზერიანის განცხადებაა, რომელიც ჟურნალ L’Univers Illustré-ში გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი ამერიკულმა პრესამაც აიტაცა. ბოზერიანი ამტკიცებდა, რომ 1884 წელს, ბარტოლდის სახელოსნოში სტუმრობისას, მოქანდაკემ პირდაპირ იზაბელ ბოიეზე, როგორც ქანდაკების სახის პროტოტიპზე მიუთითა. ბოზერიანმა ის დაახასიათა, როგორც „ამერიკელი ქალის იდეალური ტიპი“ — ტანადი, სახის მკვეთრი ნაკვთებით, ძალისა და დამოუკიდებლობის ცოცხალი განსახიერება.
ამერიკელი ხალხისთვის მონუმენტის შექმნისას მოქანდაკე უბრალოდ ლამაზ სახეს არ ეძებდა. მას სჭირდებოდა სახე, რომელიც ერთდროულად კლასიკურიც იქნებოდა და „ამერიკული ნაკვთების“ მატარებელიც. იზაბელა ორ კულტურას შორის ხიდის როლს იდეალურად ერგებოდა. ექსპერტთა აზრით, ბარტოლდის შეეძლო ქალის ძლიერი ნიკაპი, ფართო თვალები და აღნაგობა მონუმენტურ ფორმებში გადაეტანა.
გარდა ამისა, ბარტოლდის დაფინანსება სჭირდებოდა. იზაბელა ბოიე, როგორც ზღაპრულად მდიდარი ქვრივი და პატრიოტი, სწორედ იმ წრეებში ტრიალებდა, სადაც ოსტატისთვის თანხებს აგროვებდნენ. შესაძლოა, საკუთარი სახელის გრანდიოზულ პროექტში უკვდავყოფის პერსპექტივა რაღაც თამაშის ნაწილი ან უბრალოდ ამპარტავნების გამოვლინება ყოფილიყო, თუმცა პირდაპირი მტკიცებულება, რომ ქანდაკება ამის სანაცვლოდ დააფინანსა, არ არსებობს.
ბარტოლდი პირველ ეტაპზე (1871–1876) აშშ-ში მოგზაურობდა და პირველ ჩანახატებს აკეთებდა, ამიტომ ადრეულ მოდელებზე სახეს უფრო ზოგადი ნაკვთები აქვს.
1878–1882 წლებში, როდესაც ქანდაკების თავი მსოფლიო გამოფენისთვის იქმნებოდა, სახის ნაკვთები უფრო გამოკვეთილი გახდა. სწორედ ამ პერიოდში შეეძლო იზაბელ ბოიეს მიწვევა პოზირებისთვის და ესკიზების შექმნა.
მონუმენტის კარკასს ინჟინერი გუსტავ ეიფელი ქმნიდა, ხოლო ბარტოლდი ასისტენტებთან ერთად სახელოსნოში სპილენძის გარსს ამზადებდა. საბოლოოდ, მოქანდაკემ ქანდაკების სახეზე, რომელიც 2.57 მმ სისქის სპილენძის ფურცლებისგან შედგება, ტუჩის ხაზი უფრო მკაცრი გახადა, მზერა კი შორსმხედველი. ის თავისუფლების ქალღმერთს ძერწავდა და არა საზოგადოებრივ პორტრეტს, თუმცა სახის ანატომიური საფუძველი, მისი „ჩონჩხი“, შესაძლოა სწორედ იზაბელ ბოიეს ეკუთვნოდა. ეს ვერსია ყველაზე დამაჯერებელია, თუმცა არა ერთადერთი. სამეცნიერო ლიტერატურასა და ბარტოლდის ოჯახურ გადმოცემებში სხვა კანდიდატურებიც ჩანან.
სენატორმა ჟიულ ბოზერიანმა ზემოთ ხსნებულ ჩანაწერში აღნიშნა, რომ თავისუფლების ქანდაკების აღნაგობა მოქანდაკის დედის - შარლოტა ბეისერ ბარტოლდის აქვს. 1892 წელს, ფრანგი მწერალი ანატოლ დე სეგიური წერდა, რომ რესტორანში სადილობისას ბარტოლდიმ თავის პირდაპირ მჯდომ დედას შეხედა და წამოიძახა: „დიახ, დედა, სწორედ შენმა შუბლმა და მზერამ მიანიჭა ქალღმერთის ნაკვთებს ეს ძალა!“.
მრავალი ისტორიკოსი, მათ შორის ორსეს მუზეუმის წარმომადგენელი ბერნარ ბლანშე ვარაუდობს, რომ ქანდაკების სახე კრებითი ხატია, სადაც საფუძველი დედისეულია.
სიმართლე კი, სავარაუდოდ, სადღაც შუაშია. თავისი მთავარი ქმნილების შექმნისას მოქანდაკე ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდმა სახის გამომეტყველება დედისგან აიღო, იზაბელ ზინგერისგან — მაღალი საზოგადოების ხიბლი და თანამედროვე, თავისუფალი იმიჯი, ხოლო ანტიკური ნიმუშებისგან — ქალღმერთის მარადიული დიდებულება.
ასეა თუ ისე, იზაბელ ბოიე-ზინგერი ამ ამბის ყველაზე საინტერესო ნაწილად რჩება — ქალი, რომელმაც სიმდიდრისა და გავლენის მწვერვალებამდე მიაღწია, ქალღმერთის პროტოტიპი გახდა და დღემდე უნათებს გზას მათ, ვინც თავისუფლებას ეძებს.

თავისუფლების ქანდაკება ლიბერტი-აილენდზე (თავისუფლების კუნძული), ნიუ იორკის უბეში,
მდინარე ჰუდსონის შესართავთან.
***
თავისუფლების ქანდაკება - კავშირი კოლხეთთან
რატომ დგას ყირიმში ქართველი თავადის ქალის ქანდაკება?
მეფისტოფელი და მარგარიტა - მსოფლიოს ყველაზე უცნაური ქანდაკება
სიახლეები ამავე კატეგორიიდან