ხელის ჩამორთმევის 11 ფაქტი, რომელმაც მსოფლიოს ისტორია შეცვალა
14:30 ხუთ. 3 თებერვალი, 2022 წელი

რა თქმა უნდა, ქვეყნების ლიდერთა ყოველი შეხვედრა არ შეიძლება ისტორიულად ჩაითვალოს, თუმცა ზოგი ნამდვილად გარდამტეხი აღმოჩნდა. სია, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, BBC-მ შეადგინა და მასში ყველაზე მნიშვნელოვანი 11 „ხელის ჩამორთმევა“ შეიტანა.
1. ჩემბერლენი და ჰიტლერი
1938 წლის 22 სექტემბერს, ქალაქ ბონთან ახლოს მდებარე სასტუმრო „გოდესბერგში“ გერმანელმა დიქტატორმა ადოლფ ჰიტლერმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ნევილ ჩემბერლენს ხელი ჩამოართვა.
ჰიტლერის და ჩემბერლენის შეხვედრის მიზანი გერმანელების მიერ სუდეტის მიწების ოკუპაციის საკითხის განხილვა იყო. ჩემბერლენი ბრიტანეთში დაბრუნდა რწმენით, რომ მშვიდობას მიაღწია, თუმცა შეხვედრიდან ერთ წელიწადში მეორე მსოფლიო ომი დაიწყო.
2. ჩერჩილი, ტრუმენი და სტალინი
1945 წლის 23 ივლისს, პოტსდამის კონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა გარი ტრუმენმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილს და საბჭოთა ლიდერს იოსებ სტალინს ხელი ჩამოართვა.
შეხვედრის მიზანი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ევროპისა და კერძოდ, გერმანიის ბედზე მსჯელობა იყო. ამ შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტი შარლ დე გოლი არ მიუწვევიათ.
3. ლინდონ ჯონსონი და მარტინ ლუთერ კინგი
1964 წლის 2 ივლისს, აშშ-ს პრეზიდენტმა ლინდონ ბ. ჯონსონმა თეთრ სახლში სამოქალაქო უფლებების აქტის ხელმოწერის დროს დოქტორ მარტინ ლუთერ კინგ უმცროსს ხელი ჩამოართვა.
ამ კანონით აიკრძალა დისკრიმინაცია რასის, რელიგიის, სქესის და ეთნიკურობის ნიშნით.
4. მაო ძედუნი და რიჩარდ ნიქსონი
1972 წლის 21 თებერვალს, ჩინეთში ვიზიტის დროს, აშშ-ს პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ხელი ჩამოართვა კომუნისტური ჩინეთის ლიდერს მაო ძედუნს.
ეს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გაწყვეტიდან 23 წლის შემდეგ პირველი შეხვედრა იყო,რომელმაც ბოლო მოუღო მრავალწლიან მტრობასა და უნდობლობას და გზა გაუხსნა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებს.
5. მიხეილ გორბაჩოვი და რონალდ რეიგანი
1985 წლის ნოემბერში, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე მიხეილ გორბაჩოვი და აშშ-ს პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ერთმანეთს ჟენევაში გამართულ სამიტზე შეხვდნენ. ამ ხელის ჩამორთმევამ ცივი ომი დასასრული დააჩქარა.
6. მარგარეტ ტეტჩერი და ნელსონ მანდელა
1990 წლის 4 ივლისს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მარგარეტ ტეტჩერმა აფრიკის ეროვნული კონგრესის პრეზიდენტ ნელსონ მანდელას ხელი ჩამოართვა.
ეს შეხვედრა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ წარსულში ტეტჩერი აფრიკის ეროვნულ კონგრესს „ტიპურ ტერორისტულ ორგანიზაციას“ უწოდებდა.
ამ შეხვედრიდან ოთხი წლის შემდეგ ნელსონ მანდელა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი გახდა.
7. იცხაკ რაბინი და იასირ არაფატი
1993 წლის 13 სექტემბერს პალესტინის ლიდერმა იასირ არაფატმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იცხაკ რაბინმა ვაშინგტონში, თეთრი სახლის გაზონზე, ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს
მრავალწლიანმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა ისრაელსა და პალესტინის განმათავისუფლებელ ორგანიზაციას შორის „პრინციპების დეკლარაციას“ ხელი მოაწერეს.
შეთანხმებების მიზანი იყო ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარება.
8. ელისაბედ II და IRA-ს ექსლიდერი მარტინ მაკგინესი
2012 წლის 27 ივნისს, ჩრდილოეთ ირლანდიაში ვიზიტის დროს, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ ჩრდილოეთ ირლანდიის პირველი მინისტრის მოადგილეს მარტინ მაკგინესს ხელი ჩამოართვა.
აღსანიშნავია, რომ მაკგინესი იყო იმ პარტიის წევრი, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის ბრიტანეთისგან გამოყოფას მოითხოვდა. გარდა ამისა, ადრე ის იყო ირლანდიის რესპუბლიკური არმიის (IRA) ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ბრიტანეთის სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ ტერორისტულ ბრძოლას აწარმოებდა.
მოგვიანებით მაკგინესმა აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა იყო შესაძლებლობა, გამოეკვეთა „ახალი ურთიერთობა ბრიტანეთსა და ირლანდიას და თავად ირლანდიელებს შორის“.
9. ბარაკ ობამა და რაულ კასტრო
2016 წლის 21 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების და კუბის პრეზიდენტები ერთმანეთს ჰავანაში, რევოლუციის სასახლეში შეხვდნენ და ხელი ჩამოართვეს.
ეს თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იყო კომუნისტურ ქვეყანაში. მანამდე, 1928 წელს კუბას აშშ-ის 30-ე პრეზიდენტი კალვინ კულიჯი ეწვია.
ობამას ვიზიტი აშშ-კუბის ურთიერთობებში ცვლილებების დაწყებისა და სანქციების ნაწილობრივ მოხსნის ნიშანს წარმოადგენდა.
10. ხუან მანუელ სანტოსი და ტიმოჩენკო
2016 წლის 23 ივნისს, კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა კოლუმბიის თვითგამოცხადებული შეიარაღებული რევოლუციური ძალების ლიდერს როდრიგო ლონდონოს, რომელიც ცნობილია ტიმოჩენკოს ფსევდონიმით, ხელი ჩამოართვა.
სანტოსმა და ტიმოჩენკომ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი კუბის პრეზიდენტის რაულ კასტროს თანდასწრებით მოაწერეს.
ეს შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ნახევარსაუკუნოვანი შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებისკენ. ეს 52-წლიანი კრიზისი ლათინური ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სამოქალაქო ომი იყო.
11. დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი
2018 წელს, აშშ-ის ლიდერის, დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრის ამსახველმა ფოტოებმა მთელი მსოფლიო მოიარა. სიმბოლური ხელის ჩამორთმევის შემდეგ დონალდ ტრამპი აშშ-ს პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც სადემარკაციო ხაზი გადაკვეთა და ჩრდილოეთ კორეაში ფეხი დადგა.
⭕⭕⭕
როგორ შეცვალა სექსმა მსოფლიო ისტორია
10 უნებლიე შეცდომა, რომელმაც მსოფლიო მოვლენები გამოიწვია
როგორ შეცვალა „ჯოკონდას“ ქურდობამ მსოფლიო კრიმინალისტიკის განვითარება
სიახლეები ამავე კატეგორიიდან