კვლევა: კატას იმ ადამიანთან ურჩევნია ყოფნა, ვისაც ის დიდად არ უყვარს
15:18 ოთხ. 7 თებერვალი
ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ კატებს უყვართ ადამიანები, რომლებსაც ისინი სძულთ, ხოლო ფისოს მოყვარულებს გაურბიან. როგორც ირკვევა, ხელში აყვანით და გამუდმებული ფერებით ფისოებს თავისუფლებას ვუზღუდავთ, ამიტომ მათ ისეთი ადამიანის გვერდით ყოფნა ურჩევნიათ, რომელიც თავს არ აბეზრებს.
ძაღლებისგან განსხვავებით, კატები ადვილად ღიზიანდებიან და ხშირად აგრესიულებიც კი ხდებიან. ახალმა კვლევამ დაადასტურა, რომ ამაში დამნაშავე ცხოველის პატრონია და არა ცხოველი. მას უნდა ესმოდეს, რომ ძაღლისგან განსხვავებით, რომელსაც პატრონი უპირობოდ უყვარს, კატების მოხიბვლა უფრო რთულია და ამას დრო სჭირდება.
„წითელი ზონები“
კატებს აქვთ "წითელი ზონები", რომლებსაც არ უნდა შეეხოთ. ფისოს ამ ადგილებში შეხება იმდენად არ მოსწონს, რომ აუცილებლად გაქცევას შეეცდება. აგრესიულებმა კი შეიძლება ადამიანის დაკაწვრა ან დაკბენაც კი სცადონ. გახსოვდეთ რომ აკრძალული ზონა კუდის ქვეშ და მუცელზე მდებარეობს.
თუმცა, კატებს „მწვანე ზონებიც“ აქვთ, მაგალითად, ყურის ძირი და ნიკაპი.
გახსოვდეთ კატის თვისებები და ის, რომ ხშირი ჩახუტებით კატას თავისუფლებას ართმევთ და ცხოვრებას ურთულებთ.
როგორ ჩატარდა კვლევა?
კვლევაში 120 ადამიანი და სხვადასხვა დონის აგრესიის მქონე კატა მონაწილეობდა. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, ოთახში, სადაც ერთი ადამიანი იმყოფებოდა, ხუთი წუთის განმავლობაში, სამ კატას ერთმანეთის მიყოლებით უშვებდნენ.
ექსპერიმენტში მონაწილეს სთხოვეს დალოდებოდა, სანამ კატა მასთან მივიდოდა, შემდეგ კი მასთან თამაში და ჩახუტება შეეძლო.
მკვლევრები პროცესს აკვირდებოდნენ და აფასებდნენ, რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს კატა, როგორ იქცევა ადამიანი და რომელი ქცევა მოსწონთ კატებს ყველაზე მეტად.
ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მოხალისეებს ჰკითხეს, ჰქონდათ თუ არა კატებთან ურთიერთობის გამოცდილება.
აღმოჩნდა, რომ ადამიანებისა და კატების ურთიერთქმედების 80% შეიძლება 7 კატეგორიად დაიყოს. აქედან ყველაზე საუკეთესო ზედმეტი კონტაქტის გარეშე პასიური ქცევა აღმოჩნდა.
სხვა ჯგუფებში მოხვდნენ მოხალისეები, რომლებიც კატებს "მწვანე ზონებში"ეფერებოდნენ; მოხალისეები, რომლებიც კატებს თავისუფლებას უზღუდავდნენ და მოხალისეები, რომლებიც კატებს მხოლოდ "წითელ ზონებში" ეხებოდნენ.
მოხალისეები, რომლებსაც კატებთან ერთად ცხოვრების გამოცდილება ჰქონდათ, უფრო თამამად იქცეოდნენ და ფისოებს წითელ და ყვითელ ზონებში ეხებოდნენ (კუდთან, თათებზე, მუცელზე და ზურგის გასწვრივ).
ასევე გაირკვა, რომ ხანდაზმული ადამიანები ახალგაზრდებზე მეტად ცდილობდნენ კატების ჩახუტებას, ხოლო ექსტროვერტები გამუდმებით ცდილობდნენ კატასთან კონტაქტის დაწყებას, რაც ფისოს საშინლად არ მოსწონს, რადგან ის თავად წყვეტს, როდის და როგორ დაიწყება ურთიერთობა.
ესეც დაგაინტერესებთ:
კატის თვისებები - რატომ წვება ის პატრონის სხეულზე?
რა დაემართება სამყაროს კატები რომ გადაშენდნენ?
რატომ ხოცავდა კათოლიკური ეკლესია კატებს?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან