მდუღარე მდინარე - საიდუმლო ამოხსნილია
13:25 სამ. 24 ივნისი

პერუში, ამაზონის ტყეების სიღრმეში, ქალაქ პუკალპასთან ახლოს გასაოცარი მდინარე, სახელად შანაი-ტიმპიშკა (Shanay-timpishka) მდებარეობს, რაც ადგილობრივთა ენაზე „მზის სითბოსგან ადუღებულს“ ნიშნავს. მდინარის სიგრძე, დაახლოებით, 6 კილომეტრს შეადგენს, წყლის ტემპერატურა კი თითქმის 100 გრადუსს აღწევს, რაც მდინარეში შემთხვევით მოხვედრილი ცხოველების მოსახარშად სრულიად საკმარისია.
პერუს ცხელი მდინარე მეცნიერებისთვის დღემდე დიდ თავსატეხს წარმოადგენს. როგორც წესი, ასეთი მაღალი ტემპერატურის წყლები ვულკანების სიახლოვეს გვხვდება, თუმცა შანაი-ტიმპიშკადან უახლოესი ვულკანი 700 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ წვიმის წყალი მიწაში ღრმად ჩადის, ცხელდება, შემდეგ კი კვლავ ზედაპირზე ამოდის.
ამ ადგილებში მცხოვრებ აშანინკას ტომის წევრებს შანაი-ტიმპიშკა საუკუნეების მანძილზე წმინდა მდინარედ მიაჩნდათ. მათი რწმენით, მდინარე გიგანტური გველის სულმა, სახელად იაკუმამამ შექმნა, რომელიც წყლების დედად ითვლება.
ადგილობრივი მკურნალები მდინარის წყალს სამკურნალოდ იყენებენ და სჯერათ, რომ მას განსაკუთრებული ძალა აქვს.
2011 წელს პერუელმა მეცნიერმა, ანდრეს რუსომ, მდინარე საფუძვლიანად გამოიკვლია და გაარკვია, რომ მდინარე მიწისქვეშა ცხელი წყლების წყალობით ცხელდება.
ასევე ცნობილი გახდა, რომ შანაი-ტიმპიშკას მახლობლად უნიკალური მიკროორგანიზმები ბინადრობენ, რომლებსაც სიცოცხლე ძალიან მაღალი ტემპერატურის წყალშიც კი შეუძლიათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან