მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ აქვთ კატებს ვერტიკალური გუგები
16:47 პარ. 15 ნოემბერი
კალიფორნიის შტატის ქალაქ ბერკლის უნივერსიტეტის ზოოლოგებმა სცადეს, აეხსნათ, რატომ აქვთ განსხვავებული გუგის ფორმები მტაცებლებსა და ბალახისმჭამელებს?
მეცნიერთა განმარტებით, ცხოველის თვალის გუგის ფორმა დამოკიდებულია ადგილზე, რომელსაც ის ბუნებაში იკავებს.
მაგალითად, პატარა მტაცებლებს, მათ შორის, შინაურ კატებს, ვერტიკალური თვალის გუგები ახასიათებთ, ბალახისმჭამელებს - ჰორიზონტალური, შემგროვებლებს და მონადირეებს კი - მრგვალი.
***
ჰორიზონტალური თვალის გუგები ცხოველს საშუალებას აძლევს, რომ წინაც და უკანაც თითქმის სრული პანორამული ხედი დაინახოს. ეს მას ეხმარება, მტაცებლის გამოჩენა დროულად შენიშნოს და ამავდროულად, პოტენციური გაქცევის მარშრუტები დაინახოს.
აღსანიშნავია, რომ ბალახისმჭამელი ძოვის დროსაც კი ცდილობს, გუგა მიწის ზედაპირის პარალელურ მდგომარეობაში შეინარჩუნოს. ასეთ ცხოველებს თვალების ნებისმიერი მიმართულებით, 50 გრადუსით შეტრიალება შეუძლიათ, რაც 10-ჯერ აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს.
***
თავის მხრივ, ვერტიკალური გუგა კატას და სხვა მტაცებლებს ეხმარება, რაც შეიძლება ზუსტად შეაფასონ მანძილი მსხვერპლამდე და ნახტომის ძალა გამოთვალონ. თუმცა, ასეთი გუგები მხოლოდ მცირე ზომის მტაცებლებს აქვთ (არაუმეტეს 42 სანტიმეტრი მიწიდან მხრამდე).
ლომებს, ვეფხვებს და სხვა დიდ კატებს ისეთივე მრგვალი გუგები აქვთ, როგორც ადამიანებსა და ძაღლებს.
ეს იმით აიხსნება, რომ მსხვერპლამდე მანძილის განსაზღვრის სიზუსტე მტაცებლის ზომის ზრდასთან ერთად მცირდება, რასაც თავისი მიზეზი აქვს, თუმცა ამაზე სხვა დროს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან