რატომ მიფრინავენ გადამფრენი ფრინველები V წყობით?
17:45 ხუთ. 13 ოქტომბერი, 2022 წელი
შემოდგომა ფრინველების თბილ ქვეყნებში გადაფრენის დროა. სწორედ ამ დროს დიდი ფრინველები - წეროები, ბატები, ვარხვები სოლისებურად ანუ V-ს მსგავსი ფორმით ჯარისკაცებივით ეწყობიან და სამხრეთისკენ მიფრინავენ.
რატომ აქვს გადამფრენი ფრინველების გუნდს V წყობა?
მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის დროსაც გაირკვა, რომ „სოლისებური განლაგება“ ფრინველებს ეხმარება დაიჭირონ ჰაერის მოძრაობა, რომელიც წინა ფრინველების ფრთების ქნევისას წარმოიქმნება.
ეს ფრინველებს ენერგიის დაზოგვის საშუალებას აძლევს - მეორე რიგი უადვილებს მესამეს, მესამე მეოთხეს და ასე შემდეგ. „სოლისებური განლაგება“ ფრინველებზე დატვირთვას ამცირებს და ფრენის სიჩქარეს მინიმუმ 71%-ით ზრდის.
ეს აეროდინამიკის წესია. ფრინველებმა, რა თქმა უნდა, ჰაერის მოძრაობის კანონების შესახებ არაფერი იციან, თუმცა მათ ბუნებრივი ინსტინქტი უკარნახებს, როგორ იფრინონ უფრო მარტივად.
ყველაზე სუსტი ფრინველები ყოველთვის რიგის ბოლოს ფრენენ, სადაც ჰაერის წინააღმდეგობა V წყობის დამსახურებით მინიმალურია. ისინი, ფაქტობრივად, წინ მყოფთა ფრთების მოძრაობისას წარმოქმნილი ჰაერის ტალღებზე ფარფატებენ.
საყურადღებო დეტალი: თუ რომელიმე ფრინველი საერთო რიგიდან გამოსვლას და დამოუკიდებლად ფრენას ცდის, მაშინვე სიმძიმესა და წინააღმდეგობის ძალას იგრძნობს. ამის შემდეგ ის იძულებულია, საერთო რიგში დაბრუნდეს, რომ თანამოძმეების მიერ შექმნილი ამწევი ძალით ისარგებლოს.
გარდა ამისა, „სოლისებური განლაგების“ დროს ფრინველებს თვალთახედვა არ ეზღუდებათ. ისინი ლიდერს მიჰყვებიან და მის გადაწყვეტილებებს ემორჩილებიან.
ლიდერი, როგორც წესი, ყოველთვის გამოცდილი და ძლიერი ფრინველია, რომელმაც გზა კარგად იცის. ფრინველების რიგში რამდენიმე ასეთი გამოცდილი ჩიტია და ყველა მათგანი პირველ რიგებშია მოქცეული. როგორც კი ლიდერი დაიღლება, ის ადგილს სხვა გამოცდილ ფრინველს უთმობს. ასე ენაცვლებიან ისინი ერთმანეთს მთელი მოგზაურობის მანძილზე.
სხვათა შორის, ყვირილის მსგავს ხმებს, რომლებიც ფრინველების გადაფრენის დროს ისმის ხოლმე, რიგის ბოლოში მფრენი ფრინველები გამოსცემენ. ამგვარად ისინი წინ მფრენებს ამხნევებენ და ეხმარებიან.
რა მოხდება თუ გადამფრენ ფრინველებს ერთი ჩამორჩა?
კიდევ ერთი საოცარი ფაქტი გადამფრენ ფრინველებზე - თუ რაიმე მიზეზით რიგში მყოფმა ერთმა ფრინველმა გზის გაგრძელება ვერ შეძლო, მასთან ორი თანამოძმე რჩება, სანამ დასუსტებული ფრინველი გამოჯანმრთელდება და გზას გააგრძელებს ან მოკვდება. ამას შემდეგ, სუსტის თანმხლები ფრინველები გზას სხვა გუნდთან ერთად აგრძელებენ.
ფრინველებზე ჩატარებულმა კვლევამ შეიძლება ადამიანებს უამრავი სასარგებლო რამ ასწავლოს. ბუნება ხომ მართლაც და იდეალურია!
ასევე, იცით თუ არა:
რატომ დებს გუგული კვერცხებს სხვის ბუდეში?
როგორ აჩენენ ტყის ხანძრებს ფრინველები?
როგორ გამდიდრდა ფრინველის სკინტლით ნაურუს რესპუბლიკა?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან