როგორ ჩააქრო სსრკ-მ ბირთვული აფეთქებით ხანძარი, რომელიც სამი წელი მძვინვარებდა
14:00 ორშ. 6 სექტემბერი, 2021 წელი
ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც ბირთვულმა იარაღმა ადამიანებს მსხვერპლის ნაცვლად, სარგებელი მოუტანა.
უზბეკეთში, ურტა-ბულაკის გაზის საბადოზე ავარია 1963 წლის 1 დეკემბერს მოხდა. ბურღვის დროს, გაუთვალისწინებელი მოვლენების შედეგად, მიწის ზედაპირზე დიდი რაოდენობის ბუნებრივი აირი გამოიტყორცნა, რომელიც ჰაერთან კონტაქტის შედეგად, აალდა.
სპეციალისტები მალე მიხვდნენ, რომ ბუნებრივი აირის უზარმაზარი მარაგის გათვალისწინებით, 70 მეტრიანი ჩირაღდნის ჩაქრობა შეუძლებელი იყო. მაღალი ტემპერატურის გამო, ჩირაღდანთან მიახლოება მხოლოდ 250 მეტრზე იყო შესაძლებელი. ცეცხლმა ჭაბურღილის დამცავი შენობა და ტექნიკური ნაგებობები მთლიანად გაანადგურა.
ხანძართან ბრძოლა სამი წელი, უფრო სწორად, 1074 დღე გაგრძელდა და დღე-ღამეში 14 მლნ. კუბმეტრი გაზი იწვოდა!
ცეცხლის ჩაქრობის ცნობილმა მეთოდებმა, მათ შორის არტილერიის გამოყენებამ შედეგი არ გამოიღო. ურტა-ბულაკის მიმდებარე ტერიტორია, ფაქტობრივად, გადამწვარი მიწად იქცა.
ხანძრის ქრობის ოპერაციის ხელმძღვანელის, კამილ იბრაგიმოვიჩ მანგუშევის მოგონებებიდან:
„ყველაფერი, რაც შეიძლებოდა დამწვარიყო, დიდი ხნის წინ დაიწვა. ახლა აქ მხოლოდ გავარვარებული, მკვდარი მიწა დარჩა. ღამღამობით, გადამფრენი ჩიტები და მწერები, რომლებსაც შუქი იზიდავდათ სიკვდილის ცეცხლოვან როკვაში ერთვებოდნენ და ისე იწვებოდნენ, მიწამდევ ვერ აღწევდნენ.“
როდესაც გამოცდილი მეთოდები არაეფექტურია, როგორც წესი, სარისკო მეთოდებს მიმართავენ. ასე გაჩნდა ხანძრის ბირთვული აფეთქებით ჩაქრობის იდეა.
პროექტის შემუშავება საკონსტრუქტორო ბიურო KB-11- ს დაევალა, რომელიც ბირთვული იარაღის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენებაზე მუშაობდა. ცნობისთვის, 1965 წელს სწორედ ამ ბიურომ განახორციელა პირველი საბჭოთა ინდუსტრიული თერმობირთვული აფეთქება (ჩაგანის პროექტი).
მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ცეცხლოვანი შადრევნის ჩაქრობა მხოლოდ თერმობირთვული აფეთქებით იყო შესაძლებელი, რომელიც საწვავის მიწისქვეშა არხს გადაკეტავდა.
აფეთქების თარიღი -1966 წლის 30 სექტემბერი პირადად ბრეჟნევმა დაამტკიცა.
დანიშნულ დღეს, თერმობირთვული ბომბი ადგილზე მიიტანეს. მაღალი ტემპერატურის გამო, ბომბის პერიოდული გაგრილება აუცილებელი გახდა და ბოლოს, მიწისქვეშა აფეთქებამ ტერიტორია შეაზანზარა.
მეცნიერების ვარაუდი გამართლდა - აფეთქებიდან 22 წამის შემდეგ ცეცხლის ალი ჩაქრა.
ფოტოებზე: კადრები ადგილზე გადაღებული დოკუმენტური ფილმიდან
სიახლეები ამავე კატეგორიიდან