გულღვიძლი ნიგვზით - იმერულად
15:00 სამ. 5 იანვარი, 2021 წელი
ქართული სუფრის მენიუ კუჭმაჭის გარეშე წარმოუდგენელია, რომელიც ტრადიციულად, ღორის ან ხბოს გულ-ღვიძლით მზადდება. 2021 წლის სიმბოლო ხარი რომ არ გავანაწყენოთ, მოდით, ღორის გულ-ღვიძლის რეცეპტს შემოგთავაზებთ.
საჭირო პროდუქტი:
ღორის გულ-ღვიძლი – 700 გ
ნიგოზი – 200 -250 გ
ხმელი ქინძი – 2 ს.კ.
ქონდარი – 1,5 ს.კ.
უცხო სუნელი – 2 ს.კ.
დაღერღილი წითელი წიწაკა – 1 ჩ.კ.
ხახვი – 2-3 თავი
ნიორი – 5 კბილი
ძმარი – 40 მლ
ბროწეული – 1 ცალი
ზეთი – 50 მლ (ხახვის მოსათუშად)
მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
1. შიგნეული კარგად გარეცხეთ. მოათავსეთ დიდ ქვაბში, დაასხით წყალი და ცეცხლზე შემოდგით. ხარშვის დროს მოქაფვა აუცილებელია! შიგნეული რომ მოიხარშება, ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ;
2. მოხარშული შიგნეულობა სასურველ ზომაზე დაჭერით;
3. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში და დაამატეთ გულ-ღვიძლს;
4. ნიგოზი კარგად დანაყეთ ან გაატარეთ. დაუმატეთ ხმელი ქინძი, ქონდარი, უცხო სუნელი, დანაყული ნიორი, ძმარი, მარილი, დაღერღილი წითელი წიწაკა და კარგად აურიეთ;
5. ნიგვზიანი მასა გულ-ღვიძლს დაუმატეთ და კარგად აურიეთ. სუფრაზე მიტანის წინ მზა კუჭმაჭს ბროწეულის მარცვლები მოაყარეთ.
გემრიელად მიირთვით!