6 ისტორიული პიროვნება, რომელთა სახელებიც კერძებს და ნივთებს ეწოდა
18:00 სამ. 13 ივლისი, 2021 წელი
ამ სახელებს, მართლაც, ყოველდღე წარმოვთქვამთ, მაგრამ, ალბათ, ერთეულებმა თუ იციან მათი წარმომავლობა - მაგალითად, რატომ ეწოდება მანსარდა სახლის სახურავის ქვეშ გაკეთებულ ოთახს?
1. პიცა „მარგარიტა“
ერთხელ, იტალიის მეფის უმბერტოს მეუღლეს, გემრიელი კერძებისა და დელიკატესების მოყვარულ დედოფალ მარგარიტას ისეთი კერძის დაგემოვნება მოუნდა, როგორითაც რიგითი ადამიანები იკვებებოდნენ.
ნეაპოლის საუკეთესო პიცერიის მფლობელმა რაფაელო ესპოზიტომ მას მოცარელათი, ჩერის პომიდვრებითა და სურნელოვანი ბაზილიკით პიცა მოუმზადა.
პიცის ფერთა პალიტრა იტალიის დროშას მოგაგონებდათ და გემოც მშვენიერი ჰქონდა.
რაფაელოს თავისი შედევრისთვის სახელის შერჩევაზე დიდხანს არ უფიქრია და „პიცა მარგარიტა“ დაარქვა.
2. ავტომობილი „მერსედესი“
მილ ელინეკი ევროპაში ცნობილი დიპლომატი და მეწარმე გახლდათ. 1890 წელს ინჟინერ გოტლიბ დაიმლერთან და ავტოკონსტრუქტორ ვილჰელმ მეიბახთან ერთად, მან ნიცაში ავტომობილების წარმოება გახსნა. საქმე სარფიანი გამოდგა.
ყველაზე წარმატებულ მანქანას მილმა თავისი უმცროსი ქალიშვილის ემილიას სახელი დაარქვა, რომელსაც მოფერებით მერსედესს (ებრაულად - გრაცია) ეძახდნენ.
1902 წელს პარიზში მოწყობილ ავტომობილების გამოფენაზე გოგონას სურათიც კი დაკიდეს. აღსანიშნავია, რომ თავად მერსედესს, მამისგან განსხვავებით, ავტომობილები არ აინტერესებდა.
3. ნიკოტინი
მე-16 საუკუნეში საფრანგეთის ელჩმა ჟან უილიამ ნიკომ პორტუგალიიდან პარიზში თუთუნი ჩაიტანა და ჯერ სამეფო ოჯახი, შემდეგ კი მთელი მსოფლიო თუთუნის მწეველებად აქცია. ნიკოს გულწრფელად სწამდა, რომ ამ მცენარეს ადამიანის ყველა დაავადებისგან (მათ შორის - შავი ჭირისგან) განკურნება შეეძლო.
4. კარპაჩო
1950 წელს ვენეციაში, Harry’s ბარში გრაფინია ამალია მოჩენიგომ ბარის სახელგანთქმულ მფლობელს ჯუზეპე ჩიპრიანის შესჩივლა, რომ პირადმა ექიმმა, უმი ხორცის გარდა, ყველანაირი ხორცის ჭამა აუკრძალა.
ჯუზეპემ საგანგებოდ გრაფინიასთვის სრულიად ახალი კერძი მოიგონა, საქონლის უმი ხორცისა და მდოგვის სოუსისგან. სახელი კი, ცნობილი იტალიელი მხატვრის ვიტორიო კარპაჩოს პატივსაცემად შეურჩია. როგორც ჩიპრიანი ამბობდა, ამ კერძის ფერთა გამა მხატვრის პალიტრას აგონებდა.
ლიმონის წვენითა და ზეითუნის ზეთით შეზავებული, ჩერითა და პარმეზანით გაფორმებული, თხლად დაჭრილი უმი ძროხის ხორცი - კერძი, მართლაც, ძალიან ეგზოტიკურად გამოიყურება.
5. სალათი „ოლივიე“
მე-19 საუკუნეში მოსკოვში ცნობილი ფრანგი მზარეული ლუსიენ ოლივიე ცხოვრობდა, რომელსაც სახელი და დიდება მის მიერ შექმნილმა სალათმა მოუტანა.
კერძის ორიგინალური რეცეპტის საიდუმლო ლუსიენმა მიწაში წაიღო. სალათის ინგრედიენტები თითქოს ცნობილი იყო, თუმცა ორიგინალთან მიახლოება მაინც ვერავინ მოახერხა.
6. მანსარდა
არქიტექტორი ფრანსუა მანსარი თავისი საქმის ოსტატი გახლდათ, თუმცა ბუნებით უცნაური ადამიანი იყო - შეეძლო, ერთბაშად დაენგრია დასრულებული შენობა, თუ რაღაც არ მოეწონებოდა.
ამ თვისების გამო მანსარს ბევრი შემკვეთი არ ჰყავდა, მაგრამ ისტორიაში მაინც შევიდა, როგორც ფრანგული ბაროკოს ერთ-ერთი მსხვილი წარმომადგენელი.
სწორედ მას დაებადა იდეა ქალაქელთა კომფორტული ცხოვრებისთვის სახლის სახურავზე სხვენი დაეშენებინა. ასე გაჩნდა მანსარდა.
🔰🔰🔰:
როგორ გამოიყურებოდნენ ისტორიული პირები რეალობაში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან