ალბერობელო - თეთრი ქალაქი „ასაწყობი სახლებით“
19:00 კვი. 4 სექტემბერი, 2022 წელი
დაფიქრდით, გადასახადებისგან თავის დაძვრენის მიზნით საკუთარი სახლის წელიწადში რამდენჯერმე დაშლას შეძლებდით? იტალიელებმა კი შეძლეს და ააგეს ქალაქი, სადაც სახლების დაშლა მხოლოდ ერთი ქვის გამოცლით შეიძლება.
როგორ გაჩნდა ეს დასახლება
ეს უცნაური დასახლება იმ დროს გაჩნდა, როდესაც იტალიის სამხრეთ ნაწილზე ესპანეთის დროშა ფრიალებდა. ლეგენდის თანახმად, XV ს-ის მეორე ნახევარში, ნეაპოლიდან გაქცეულმა ჰერცოგმა ანდრეა მატეო III-მ (Andrea Matteo III Acquaviva) გადაწყვიტა, ამ მიწებზე თავისი გლეხები დაესახლებინა და მოსავალი მიეღო, მაგრამ ამავე დროს, ხაზინაში გადასახადების შეტანისთვის თავი აერიდებინა.
ეშმაკობა გადასახადებისგან თავის ასარიდებლად
საქმე ის არის, რომ იმ დროს მიწისა და სახლის ფლობაზე დიდი გადასახადები იყო დაწესებული, ამიტომ მოხერხებულმა ჰერცოგმა კანონისთვის გვერდის ავლის გზების ძებნა დაიწყო. მან გადაწყვიტა სახლები მშრალი წყობის მეთოდით (დუღაბის გარეშე) აეგო. სურვილის შემთხვევაში, ასეთი სახლის დაშლა რამდენიმე წუთში იქნებოდა შესაძლებელი.
მეფის გადასახადების ამკრეფების ჩასვლის შესახებ წინასწარ ვრცელდებოდა ამბავი. გლეხები სახლებს საყრდენ ქვას აცლიდნენ და სახლი უსარგებლო ქვების გროვად იქცეოდა-ხოლმე. ბუნებრივია, ასეთი ნანგრევების მნახველი გადასახადების ამკრეფი გაწბილებული უკან ბრუნდებოდა, გლეხები კი დაშლილი სახლების თავიდან აგებას იწყებდნენ.
ტრულოები (ბერძ. τρούλος-დან, «გუმბათი», იტალ. Trullo) - სიხარბის სიმბოლო
მალე კონუსისებრი სახურავების მქონე უცნაური სახლები, რომლებსაც ტრულოები შეარქვეს, შუა საუკუნეების ჰერცოგებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი გლეხების სიხარბის სიმბოლოდ იქცა.
ამბობენ, რომ უკვე 1797 წელს, მეფე ფერდინანდი (Ferdinando IV) გადასახადების ამკრეფების წინ და უკან სირბილით დაიღალა და გლეხები ხარკისგან გაათავისუფლა. გლეხებმა მეფის ცვალებადი ხასიათის შესახებ კარგად იცოდნენ, ამიტომ მისი დიდსულოვნების არ სჯეროდათ და ტრულოების შენებას 1925 წლამდე აგრძელებდნენ. სწორედ ამ წელს გამოიცა კანონი, რომელიც ახალი ტრულოების შენებას კრძალავდა. კანონის თანახმად, მხოლოდ უკვე არსებული სახლების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება იყო დაშვებული.
რა ღირს ტრულო?
ეს ლამაზი სახლები გადასახადების ოფიციალურად მხოლოდ 1979 წელს გაათავისუფლეს. დღეს ტრულოს ფასი 5000 ევროდან იწყება. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია სახლის მდგომარეობასა და კეთილმოწყობაზე.
ტრულოები ძირითადად იტალიის რეგიონის, აპულიის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში, განსაკუთრებით კი აპულიის რეგიონის ბარის პროვინციის პატარა ქალაქ ალბერობელოშია გავრცელებული. 1996 წელს იუნესკომ ისინი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან