მსოფლიოს Top 10 ეკონომიკა - 2020 წლის ანგარიშით
18:00 ოთხ. 14 ივლისი, 2021 წელი

მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკების შესახებ ანგარიში Harvard Business Review-ში გამოქვეყნდა. საუკეთესო 10 ქვეყნის გამოსავლენად ექსპერტებმა შემოიღეს კონცეფცია gross data product (მთლიანი ინფორმაციული პროდუქტი), რომელსაც ჰარვარდის ბიზნეს-მიმოხილვამ მშპ-ის ახალი ვერსია უწოდა. ის ოთხი კრიტერიუმით განისაზღვრება: მოცულობა, მოხმარება, ხელმისაწვდომობა და სირთულე.
10. ჩეხეთი
ჩეხეთი ინდუსტრიული ქვეყანაა. ძირითადი დარგებია: ენერგეტიკა, მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, ქიმიური, მსუბუქი და კვების მრეწველობა.
ყველა პოსტსოციალისტურ სახელმწიფოს შორის, ჩეხეთს ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და წარმატებული ეკონომიკური სისტემა აქვს.
9. ავსტრალია
ავსტრალია მსოფლიოს ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანაა, რომელიც მშპ–ის მიხედვით მსოფლიოში მეექვსეა.
ადამიანური პოტენციალის განვითარების მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზე მყოფი ავსტრალია საუკეთესო შედეგებს აჩვენებს ცხოვრების ხარისხის, ჯანმრთელობის, განათლების, ეკონომიკური თავისუფლების, სამოქალაქო თავისუფლებებისა და პოლიტიკური უფლებების მიმართულებით.
8. შვედეთი
შვედეთს მრავალფეროვანი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკა აქვს. ქვეყანაში ინოვაციის მაღალი დონე, თანამედროვე ინფრასტრუქტურაა და განათლებული კადრებია, რომლებიც ინგლისურად შესანიშნავად საუბრობენ.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, შვედეთს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს ეკონომიკის თანამედროვე სექტორებში - ციფრულ ტექნოლოგიასა და ტელეკომუნიკაციებში. ათი წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკაში ინფორმაციული ტექნოლოგიების წილი 16% -მდე გაიზარდა და შრომისუნარიანი მოსახლეობის 5% IT ინდუსტრიაშია დასაქმებული.
7. კანადა
კანადა ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ოდენობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა გახლავთ. არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და „დიდი შვიდეულის“ წევრი.
როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში, კანადის ეკონომიკაში დომინირებს მომსახურების სექტორი, სადაც კანადელების თითქმის სამი მეოთხედია დასაქმებული.
კანადა განვითარებულ ქვეყნებს შორის რესურსების სექტორით გამოირჩევა, სადაც ხის და ნავთობის ინდუსტრიები ყველაზე მნიშვნელოვანი დარგებია.
6. საფრანგეთი
საფრანგეთი განვითარებული ქვეყანაა, რომელიც ბირთვულ იარაღს ფლობს და ევროპული კოსმოსური სააგენტოს წევრია. ეკონომიკის მოცულობის მიხედვით, ქვეყანა მეორე ადგილზეა ევროკავშირში (გერმანიის შემდეგ) და მუდმივად მსოფლიოს ათეულშია.
ეკონომიკაში დომინირებს მომსახურების სექტორი, სადაც ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 76,7%-ია დასაქმებული.
5. სამხრეთ კორეა
ეკონომიკურად მაღალგანვითარებული ქვეყანა, რომელსაც ერთ მოსახლეზე შემოსავლის მაღალი დონე გააჩნია, სამომხმარებლო ელექტროტექნიკის წარმოების მხრივ, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია.
სამხრეთ კორეა, ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიო, ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის პროცესშია, რამაც ციფრულ ტელევიზორებზე, DVD, პორტატულ ციფრულ აუდიოპლეერებზე და ა.შ. მოთხოვნა გაზარდა.
სამხრეთ კორეის ინდუსტრიის უდიდესი კომპანიებია LG, Samsung და Daewoo Electronics. ქვეყანას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სატელეკომუნიკაციო სისტემა აქვს.
4. შვეიცარია
ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა ყველაზე მდიდარი მოსახლეობით, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის განაწილებით მსოფლიოში მერვე ადგილზეა.
შვეიცარია მთელი რიგი საერთაშორისო მაჩვენებლებით, მათ შორის - ეკონომიკური კონკურენტუნარიანობითა და ადამიანური განვითარებით, მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზეა.
ციურიხი, ჟენევა და ბაზელი ცხოვრების ხარისხის მიხედვით მსოფლიოს ათეულში მოხვდნენ, ამასთან, ციურიხი მეორე ადგილზე გავიდა.
3. ჩინეთი
ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიოში მეორეა ნომინალური მშპ–ის მიხედვით და პირველი ეკონომიკა მშპ–ის (PPP) მიხედვით.
ჩინეთი სამრეწველო პროდუქტების უმეტესი სახეობის, მათ შორის, ავტომობილების წარმოების მხრივ მსოფლიო ლიდერია.
მსოფლიოს უდიდესი ექსპორტიორი უზარმაზარი ოქროსა და სავალუტო რეზერვების მფლობელია.
2. დიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთი საერთაშორისო საქმეებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ინგლისური ენა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მეორე ენად იქცა და ის დომინირებს ინტერნეტსა და სხვა საერთაშორისო საკომუნიკაციო მედიაში.
დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა განვითარების მხრივ, მსოფლიოში მეცხრეა, ხოლო ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში.
1. აშშ
ამერიკის შეერთებული შტატები მაღალგანვითარებული ქვეყანაა, რომლის ეკონომიკაა ნომინალური მშპ-ის მიხედვით, მსოფლიოში პირველია, ხოლო მშპ-ს (PPP) მიხედვით, მსოფლიოში მეორე. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 4.3% -ს შეადგენს, ამერიკელები მსოფლიოს სიმდიდრის 40%-ს ფლობენ.
შეერთებულ შტატებს სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლით, მათ შორის, საშუალო ხელფასის ოდენობით, ერთ სულ მოსახლეზე მშპ და შრომის პროდუქტიულობის მხრივ, მსოფლიოში წამყვანი პოზიცია უკავია.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ეკონომიკა პოსტინდუსტრიულია, მასში დომინირებს მომსახურების სფერო და ცოდნის ეკონომიკა. ქვეყნის საწარმოო სექტორი სიდიდით მსოფლიოში მეორეა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან