რატომ არ შეიძლება გერმანიაში კვირა დღეს მანქანის გარეცხვა?
17:31
გერმანია ცნობილია თავისი წესრიგის სიყვარულით (Ordnung muss sein), რაც ხშირად საკმაოდ უცნაურ, მაგრამ საინტერესო კანონებში გამოიხატება. ამ ქვეყანაში კვირა დღე „სიჩუმისა და სიმშვიდის“ დროდ მიაჩნიათ და ნებისმიერი ხმაურიანი სამუშაო, მათ შორის მანქანის რეცხვა, შესაძლოა კანონდარღვევად ჩაითვალოს.
აკრძალვის ისტორიული და კულტურული ფესვები
აკრძალვის მიზეზები კვირა დღის კულტურულ და რელიგიურ აღქმაში უნდა ვეძებოთ. ქრისტიანული ტრადიციით, ეს დასვენებისა და სულიერი აღდგენის დღეა. გერმანიის სეკულარიზაციის (სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნა) შემდეგაც კი, კანონმდებლობა „სიჩუმის დღის“ იდეის მხარდაჭერას აგრძელებს.
მე-20 საუკუნიდან გერმანიაში გარემოზე მავნე ზემოქმედებისგან დაცვის ფედერალური კანონი, ასევე ხმაურთან დაკავშირებული ადგილობრივი წესები მოქმედებს. ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხმაურს იწვევს — სარეცხის რეცხვა, რემონტი, ბურღის გამოყენება ან ავტომობილის რეცხვა — შეიძლება სიმშვიდის დარღვევად ჩაითვალოს. ასეთი მიდგომა არა მხოლოდ მოქალაქეების სიმშვიდეს იცავს, არამედ სტრესის შემცირებას და ეკოლოგიურ უსაფრთხოებას ხელს უწყობს.
„სიჩუმის შესახებ კანონის“ დარღვევამ შეიძლება გაფრთხილება ან ჯარიმა გამოიწვიოს. კანონი ზოგადად, მანქანის რეცხვას არ კრძალავს, არამედ სამუშაოს შესრულების დროის მოცულობას აწესრიგებს, რათა მოქალაქეებმა დასვენება შეძლონ.
აღსანიშნავია, რომ „სიჩუმის დღის“ დარღვევისთვის დაწესებულმა ჯარიმამ შეიძლება რამდენიმე ასეულ ევროს მიაღწიოს, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სანქციები უფრო მკაცრია.
ზოგი გერმანული მუნიციპალიტეტი კვირა დღის დასვენებისთვის რეკომენდაციებსაც კი აქვეყნებს: სეირნობა, კითხვა და მებაღეობა ელექტროინსტრუმენტების გამოყენების გარეშე. ამგვარად, კანონი ჩვეულებრივ უქმეებს ფსიქოლოგიური და სოციალური აღდგენის დღედ აქცევს.
ასე რომ, კვირა დღეს მანქანის რეცხვის აკრძალვა უბრალო ბიუროკრატიული დადგენილება ან უცნაური გერმანული ტრადიცია არ არის. ეს კულტურული მემკვიდრეობის, სოციალური ფსიქოლოგიისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ერთობლიობაა, რომელიც პირად აქტივობასა და კოლექტიურ კეთილდღეობას შორის ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარება, რაც მშვიდ დასვენებას უზრუნველყოფს.
კიდევ რამდენიმე წესი, რომლებიც შეიძლება გერმანიაში სტუმრობისას დაგჭირდეს:
ავტობანზე საწვავის გათავების გამო გაჩერება კანონდარღვევაა. რატომ? გერმანელებს მიაჩნიათ, რომ საწვავის რაოდენობის კონტროლი მძღოლის პასუხისმგებლობაა და მისი შუა გზაზე გათავება შეფერხებაა, რაც სხვა მძღოლებს საფრთხეს უქმნის. თუ საწვავი გაგითავდათ და გზის პირას გაჩერდით, შეიძლება საკმაოდ დიდი ჯარიმა გამოგიწერონ.
კვირა დღეს და ზოგადად უქმეებზე „ხმაურიანი“ საოჯახო საქმეები იკრძალება, მათ შორის:
- ბალახის კრეჭა ელექტროსაკრეჭით;
- კედლის ბურღვა ან რემონტი;
- მინის ბოთლების გადაყრა ნაგვის კონტეინერებში;
ველოსიპედისტების გზა არ უნდა დაგავიწყდეთ — თუ გერმანიაში ფეხით სეირნობთ, ძალიან ფრთხილად იყავით, რომ ველოსიპედის ბილიკზე არ გადახვიდეთ. გერმანელი ველოსიპედისტები ძალიან სწრაფად დადიან და ამ გზაზე უპირატესობა კანონით აქვთ.
სახელი ბავშვის სქესზე უნდა მიუთითებდეს — გერმანიაში ბავშვისთვის სახელის დარქმევა მხოლოდ მშობლის სურვილებზე დამოკიდებული არ არის. სახელმწიფო რეესტრმა შეიძლება სახელის რეგისტრაციაზე უარი თქვას, თუ ის ძალიან უცნაურია ან ბავშვის სქესზე არ მიუთითებს. მაგალითად, ბავშვს ვერ დაარქმევთ ნივთის სახელს ან ისეთ სახელს, რომელიც მას მომავალში დაცინვის ობიექტად აქცევს.
სახლის ნომრის განათება ჩართული უნდა იყოს — ზოგიერთ ფედერალურ მიწაზე არსებობს წესი, რომ სახლის ნომერი ღამით აუცილებლად განათებული უნდა იყოს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ სასწრაფო დახმარებამ, სახანძრომ ან პოლიციამ საჭიროების შემთხვევაში, მისამართი სწრაფად იპოვოს და ძებნაში დრო არ დაკარგოს.
უხამსი ჟესტის ჩვენება — გერმანიაში მძღოლისთვის შეურაცხყოფის მიყენება (მაგალითად, შუა თითის ჩვენება ან საფეთქელთან თითის დატრიალება შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს და რამდენიმე ათასი ევროს ჯარიმა დაგეკისროთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან