რეინჯერებმა გადაარჩინეს ირემი, რომელიც 2 წელი კისერზე საბურავით ცხოვრობდა
14:00 შაბ. 27 ნოემბერი, 2021 წელი
2019 წლის ზაფხულში, კოლორადოს ველური ბუნების პარკში ერთ-ერთმა თანამშრომელმა შენიშნა ირემი, რომელსაც კისერზე რაღაც უცნაური საგანი ეკიდა. მამაკაცმა ბინოკლი მოიმარჯვა და ცხოველი კარგად დაათვალიერა. აშკარა იყო, რომ ირემს ყელზე ავტომობილის დიდი და მძიმე საბურავი ჰქონდა ჩამოკიდებული. პარკის თანამშრომლებს ირმის დასაჭერად საჭირო ხელსაწყოები თან არ ჰქონდათ, ამიტომ მაშინ ცხოველს ვერაფრით დაეხმარნენ.
რამდენიმე თვის შემდეგ, როცა პარკის თანამშრომლებმა „ყელსაბამიანი ირემი“ კვლავ შენიშნეს, რეინჯერებს დაუკავშირდნენ. საგანგებოდ გაწვრთნილი ჯგუფი ერთი კვირის მანძილზე უშედეგოდ ცდილობდა ცხოველის დაჭერას. საბოლოოდ, მეხუთე მცდელობა წარმატებით დასრულდა.
რეინჯერებმა სამაშველო ოპერაცია დაღამებისთანავე დაიწყეს. მაშველებს თავისუფლად რომ ემოქმედათ, ცხოველის დაძინება აუცილებელი გახდა.
სანამ ირემს ეძინა, რეინჯერებმა გულმოდგინედ დაათვალიერეს. ეს იყო, დაახლოებით, 4 წლის მამალი ირემი, რომელიც, დაახლოებით, 270 კგ-ს იწონიდა. მაშველების მცდელობის მიუხედავად, საბურავის მოხსნა რქების მოჭრის გარეშე ვერ მოხერხდა. საბურავის მოხსნის შემდეგ ირემს კისერზე დიდი ჭრილობა დარჩა, რომელიც აშკარად მტკივნეული იყო.
როგორც კი მაშველებმა ჭრილობა დაამუშავეს, ირემმა გაიღვიძა და ტყისკენ გაიქცა. რეინჯერებს კი სამახსოვროდ რქები და ნაგვით სავსე საბურავი დაუტოვა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან