როგორ ცხოვრობს თემი, რომელმაც ტელევიზიის და ინტერნეტის გამოყენებაზე უარი თქვა?
14:00 შაბ. 3 აპრილი, 2021 წელი

თანამედროვე ცხოვრების წარმოდგენა ავტომობილების, ელექტროენერგიისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გარეშე საკმაოდ რთულია, თუმცა მსოფლიოში ადამიანთა დიდი საზოგადოება არსებობს, რომელმაც გადაწყვიტა საკუთარი თავი და შვილები მე - 18 საუკუნის დონეზე ჩაეკეტა.
იდეის ავტორი XVI საუკუნეში მცხოვრები მენო სიმონსი გახლდათ, ხოლო მის მიმდევრებს მენონიტებს უწოდებენ. ყველაზე მეტი მენონიტი ჩრდილოეთ ამერიკაში ცხოვრობს. მათ აფრიკაში, აზიაში და ევროპაშიც შეხვდებით.
მენონიტების ცხოვრების წესი
მენონიტები არაძალადობრივი ცხოვრების წესისა და პაციფიზმის პრინციპების დამცველები არიან. ისინი უარს ამბობენ ჯარში სამსახურზე და იარაღს ხელში მხოლოდ საკვების მიღების მიზნით, ნადირობის დროს იღებენ. მენო სიმონსის მიმდევრები მიწათმოქმედებას ეწევიან, ოჯახურ მეურნეობას ავითარებენ და შვილებს ზრდიან.
მენონიტები უკიდურესად იზოლირებულად ცხოვრობენ და უარყოფენ ტექნიკურ პროგრესს. მათთვის ელექტროენერგია, ინტერნეტი, ტელევიზია და ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ტექნიკა მიუღებელია. მიწათმოქმედების, სოფლის მეურნეობისა და იმ საქმიანობის გარდა, რომელსაც ოჯახებში ახორციელებენ, მენონიტები თავიანთი დასახლებების მახლობლად მდებარე გზებს აკონტროლებენ. ასეთი დავალება მათ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიწით სარგებლობის სანაცვლოდ მიიღეს.
მენონიტები რძის, ხორცისა და პურპროდუქტების გაყიდვით მიღებულ ფულს პირველადი მოთხოვნილებების ნივთებისა და სამშენებლო მასალების შესაძენად იყენებენ და თავიანთ სახლებს დამოუკიდებლად აშენებენ.
თემი გარე სამყაროსთან ურთიერთობას მხოლოდ მერის - დასახლების ხელმძღვანელის მეშვეობით ინარჩუნებს. სწორედ ის აწარმოებს ყველა მოლაპარაკებას და სავაჭრო ოპერაციას. მენონიტების ზოგი თემი თავის წევრებს ტრაქტორის გამოყენების საშუალებას აძლევს, თუმცა მისი ფლობის უფლება მხოლოდ მერს აქვს.
ჩაცმულობის მხრივ, თანამედროვე მენონიტებს მკაცრი შეზღუდვები არ აქვთ, მაგრამ გარკვეული წესები მაინც მოქმედებს. ყველაფერი დამოკიდებულია თითოეული საზოგადოების ტრადიციებზე და ეკლესიებზე. ძირითადად, ყველა ჯგუფის წარმომადგენლები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. მენონიტები ქსოვილს სამშენებლო მასალების მსგავსად ყიდულობენ და ტანსაცმელს იკერავენ.
მამაკაცებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ტანსაცმელი კომფორტული იყოს. როგორც წესი, ეს უბრალო პერანგები და გამძლე ქსოვილისგან შეკერილი კომბინიზონებია. ქალებს სადა, დახურული კაბები აცვიათ. ბავშვების ტანსაცმელიც სადა და პრაქტიკულია.
მენონეტებში გასართობი ღონისძიებები არ ეწყობა. ისინი არ უსმენენ მუსიკას, არ სარგებლობენ ტელევიზიით და ინტერნეტით, არ აქვთ მობილიური ტელეფონები, მათთვის ალკოჰოლი კატეგორიულად აკრძალულია. მენონიტებისთვის ცხოვრების ერთადერთი მიზანი ღმერთთან სიახლოვე და კონტაქტია.
მენონიტები მხოლოდ ერთმანეთზე ქორწინდებიან. ახალგაზრდა ვაჟებს ოჯახის შექმნა დაახლოებით, 20 წლის ასაკიდან, გოგონებს კი 19 წლიდან შეუძლიათ. ბუნებრივია, აქ ქორწინებამდე ურთიერთობებე და მოკლე რომანებზე ფიქრიც შეუძლებელია.
ცნობისმოყვარე ადამიანებს, რომლებიც მენონიტების ცხოვრების სანახავად, პერიოდულად თემის დასახლების სიახლოვეს ჩნდებიან, განსაკუთრებული სიფრთხილით ხვდებიან. ძველი თაობის წარმომადგენლებს ფოტოების გადაღება არ უყვართ, თუმცა ახალგაზრდები და მოზარდები კამერების წინ სიამოვნებით პოზირებენ.
ბავშვების აღზრდა მენონიტებში
მენონეტები ბავშვებს ადრეული ასაკიდან მუშაობას ასწავლიან. გოგონებს თხების და ძროხების მოწველა, მარტივი კერძების მომზადება, ტანსაცმლის კერვა და ქსოვა ევალებათ.
ბიჭები მამებს მიწის დამუშავებაში, პირუტყვის მოვლასა და შეშის შეგროვებაში ეხმარებიან. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მენონიტი ბავშვები ბავშვურ სიხარულს სრულიად მოკლებულები არიან. ახალშობილებისთვის სათამაშოებს ადგილობრივი ხელოსნები ამზადებენ. მათთვის ნატურალური პროდუქტებისგან ტკბილეული საგანგებოდ მზადდება.
მენონეტებში წერა-კითხვისა და ანგარიშის ცოდნა აუცილებელია, ამიტომ გარკვეულ ასაკში, ყველა ბავშვი ადგილობრივი სკოლის მერხთან ჯდება. მათ ასწავლიან საგნებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დასჭირდებათ. ინგლისურის ცოდნა აუცილებელია ვაჭრობისთვის, გეომეტრია - სახლი ასაშენებლად, მექანიკის ცოდნის გარეშე კი ურიკის შეკეთება ძნელია.
მენონეტები ბავშვს თავმდაბლობასა და მორჩილებას ასწავლიან, რადგან დადგენილი წესებიდან ნებისმიერ გადახვევას შეიძლება მძიმე სასჯელი მოჰყვეს. ბავშვები მოზრდილებზე არიან ორიენტირებულები და ცდილობენ, ნებართვის გარეშე არაფერი გააკეთონ.
მენონიტების რწმენა
მენონიტები ქრისტიანული ნორმებისა და ტრადიციების დამცველები არიან. მათ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის გზით გადარჩენის სწამთ.
მენონიტები უარს ამბობენ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობაზე და თავიანთ მისიას მოკრძალებულ სამსახურსა და სიყვარულში ხედავენ, მაგრამ განდგომილთა მიმართ ძალზე მკაცრები არიან.
პოლიტიკა, ომები და ამქვეყნიური ამაოება მენონიტებს არ ეხებათ.
ბოლო დროს მენონიტების საოგადოებაში ახალი თემები გაჩნდა, რომლებიც საკუთარ თავს „ზომიერ მენონიტებს“ უწოდებენ. ისინი ტექნიკას იყენებენ, მაგრამ საკუთარ თავს თავად ემსახურებიან. ზოგიერთ თემს საკუთარი კოლეჯი და უნივერსიტეტიც კი აქვს და მათთან სასულიერო პირად ქალის კურთხევა დაშვებულია.
ადამიანები, ვისაც მენონიტებთან ურთიერთობის საშუალება ერთხელ მაინც ჰქონია, ირწმუნებიან, რომ ისინი ძალიან შრომისმოყვარეები, სუფთები და მოკრძალებულები არიან და მათი კეთილი საქმეები სხვა ადამიანებისთვისთვის შესანიშნავი მაგალითია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან