თავბრუდამხვევი სილამაზის 365 ოთახი - ტოსკანას უცნობი მარგალიტი
16:00 ხუთ. 23 მარტი

ტოსკანა ცენტრალური იტალიის გამორჩეული რეგიონია, რომელიც ულამაზესი პეიზაჟებით, უგემრიელესი სამზარეულოთი და საუკეთესო ღვინოებითაა ცნობილი. გარდა ამისა, აქ არქიტექტურისა და ისტორიის თვალსაზრისითაც უამრავი საინტერესო ადგილი მდებარეობს და სამეცანოს ციხე - ტოსკანის უცნობი მარგალიტი - ერთ-ერთი მათგანია.
სამეცანოს ციხეს (Castello di Sammezzano) ფლორენციიდან 30 კილომეტრში, ქალაქ ლეციოს მახლობლად ნახავთ.
იტალიისთვის უჩვეულო, მავრიტანული სტილის სასახლე თვალისმომჭრელად ლამაზია და დანახვისთანავე მოგხიბლავთ.
ციხესიმაგრის დიდი და პატარა ოთახების შეერთების ადგილას უამრავი ნიშა, საიდუმლო კუთხე და ფართო გალერეაა. ფანჯრები, სვეტები, ლაბირინთები, თაღები, გუმბათები და ისევ გუმბათები - შეიძლება თავბრუ დაგესხას.. აქ ერთი ოთახი მეორეს არ ჰგავს, განსაკუთრებულია და დახვეწილობით გამოირჩევა.
ციხესიმაგრეში, წელიწადის დღეების მსგავსად, 365 ოთახია და ყოველი მათგანი თავისი დიდებულებით გაოცებს: თეთრი დარბაზი, შროშანების დარბაზი, ფარშევანგების დარბაზი...
თეთრი დარბაზი მაქმანებიან საქორწილო კაბას, მისი ჭერი კი უიშვიათესი სილამაზის ფიფქს წააგავს. ფარშევანგების დარბაზი ნამდვილი მიწიერი სამოთხეა! მისი ფერადი კომპოზიცია საოცარი ფრინველის ათასფრად მოლივლივე კუდს მოგაგონებთ, ხოლო ჭერზე ულამაზესი ორნამენტები გადაშლილა.
სამეცანოს ციხე 780 წელს აშენდა! საუკუნეების მანძილზე ის იმპერატორებსა და მეფეებს ეკუთვნოდა.
***
ციხესიმაგრის დღევანდელი იერი ესპანელი დიდგვაროვანის, მარკიზ ფერდინანდ ხიმენეს დ’არაგონის დამსახურებაა, რომელმაც ის მემკვიდრეობით მიიღო. ხიმენეს დ’არაგონების ოჯახს ეს სასახლე ჯერ კიდევ მედიჩების ეპოქაში შეუსყიდია.
მარკიზი 1853 წელს ის ერთდროულად დამკვეთიც იყო და არქიტექტორიც, როდესაც ციხესიმაგრის ციტადელი მავრიტანულ სტილში გადააკეთა. ახლა შენობის ფასადი ცნობილ ტაჯ-მაჰალს წააგავს, ინტერიერი კი XIII საუკუნის ესპანურ ციხესიმაგრე ალგამბრას.
მარკიზი ცნობილი იყო, როგორც შესანიშნავი არქიტექტორი, ინჟინერი, ბოტანიკოსი, ბიბლიოფილი, მეწარმე და ქველმოქმედი, რომელმაც ეროვნული ბიბლიოთეკის შექმნას პირადი არქივის ნაწილი შესწირა.
თანამედროვეებს მარკიზ ფერდინანდ ხიმენეს დ’არაგონი უცნაურ ადამიანად მიაჩნდათ და მის ბევრ იდეას სკეპტიკურად აღიქვამდნენ. თუმცა, ციხესიმაგრეს რეკონსტრუქცია სწორედ ამ დახვეწილი გემოვნების მქონე უცნაურმა კაცმა ჩაუტარა. მან მშენებლობა არა მარტო დააფინანსა, არამედ პროექტიც თავად შექმნა და სამუშაოსაც თავად ხელმძღვანელობდა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამეცანოში სასტუმრო ფუნქციონირებდა, რომელიც 1999 წელს აუქციონზე გაიყიდა. მას შემდეგ ციხესიმაგრეში არავინ ცხოვრობს, გაჭიანურებული სამართლებრივი დავების გამო ამ ულამაზეს ოთახებში ჯერჯერობით სრული მდუმარებაა.
***
მიტოვებული იტალია - 10 ქალაქი მოჩვენება, სადაც დრო გაჩერდა
10 საოცარი სასამართლო დარბაზი იტალიაში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან