ფეტვის სასარგებლო თვისებები და მომზადების წესი
17:54 ოთხ. 21 მაისი

ზოგი მას „სილამაზის ფაფას“ უწოდებს, ზოგისთვის კი ნაყოფიერების სიმბოლოა, თუმცა მთავარია, რომ ფეტვი ერთ-ერთი უგლუტენო მარცვლეულია, რომლის ყოველდღიური გამოყენება ორგანიზმის მუშაობაზე დადებითად მოქმედებს.
ფეტვი უძველესი მარცვლეული კულტურაა. თავდაპირველად, ის აზიაში მოაშენეს, მოგვიანებით კი ევროპაშიც გავრცელდა. გასაკვირი არ არის, რომ ის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შეიყვარეს — მას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, რაც ორგანიზმის გაძლიერებისა და მხარდაჭერის საშუალებას იძლევა.
ფეტვს 440-მდე სახეობა აქვს. არსებობს ფეტვის ყვითელი, თეთრი, წითელი და ყავისფერი სახეობები, რომლებიც ერთმანეთისგან არა მხოლოდ ფერით, არამედ შემცველობითაც განსხვავდება.
რისთვის არის სასარგებლო ფეტვის ბურღული
ფეტვის სასარგებლო თვისებები ჯერ კიდევ 1000 წლის წინ იყო ცნობილი, თუმცა მას არა მხოლოდ სარგებლისთვის აფასებენ, არამედ იმისთვისაც, რომ ნოყიერია და მცირე ულუფაც კი ანაყრებს.
ფეტვი კალორიულობით ხორბალსა და ბრინჯს აჭარბებს. სხვა მარცვლეულებთან შედარებით, მასში ცხიმის შემცველობა ყველაზე მაღალია — 4,2%. ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს სახამებელს — 80%.
მიუხედავად ამისა, ფეტვი მაინც შედარებით უსაფრთხო პროდუქტად ითვლება, რადგან გლუტენს არ შეიცავს, რომელიც ხშირად ალერგიულ რეაქციებს იწვევს. ამის გათვალისწინებით, ფეტვი იდეალურია ალერგიისკენ მიდრეკილი ადამიანებისა და ბავშვების კვებისთვის.
ნოყიერი საუზმისთვის საკმარისია მხოლოდ 70 გრამი ფეტვი, რაც დაახლოებით 230–250 კილოკალორიას შეადგენს.
ფეტვი მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით:
ფეტვი შეიცავს ვიტამინებს: В1, В2, В5, РР, А, Е და К. მასში არის მცენარეული ცილებიც, რაც ბავშვის ზრდისა და განვითარების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ფეტვის მინერალური შემადგენლობაც შთამბეჭდავია — რკინა, ოქრო, ფტორი, მაგნიუმი, მანგანუმი, სილიციუმი, სპილენძი, კალციუმი, კალიუმი და თუთია. ა
მის წყალობით, ფეტვი მთელ ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს. კერძოდ:
1. არეგულირებს არტერიულ წნევას;
2. ამცირებს ინსულტის რისკს;
3. აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას;
4. ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის სისტემის სწორ ფუნქციონირებას;
5. აძლიერებს კანის ტონუსს;
6. ამაგრებს ძვლებს, კბილებს, ფრჩხილებსა და თმას;
7. ეხმარება სტრესთან გამკლავებაში.
ფეტვის სამკურნალო თვისებები
ფეტვი არა მარტო ორგანიზმს აძლიერებს, არამედ ზოგ შემთხვევაში გარკვეული დაავადებების მართვაშიც გვეხმარება. მაგალითად, მისი მიღება სასურველია შაქრიანი დიაბეტის II ტიპის დროს, რადგან სისხლში შაქრის დონის კონტროლს ახერხებს და ცილების წყალობით ორგანიზმს ენერგიით ავსებს.
ფეტვი სასარგებლოა გასტრიტის მქონე ადამიანებისთვისაც, განსაკუთრებით თუ ფაფას მცენარეულ ცხიმებს: კანაფის, სელის, ზეითუნის ან სეზამის ზეთს დაუმატებთ.
თირკმელების პრობლემების დროს ფეტვი სასარგებლოა როგორც ფაფის, ისე ნახარშის სახით.
ფეტვი ამსუბუქებს ცისტიტის სიმპტომებსაც.
ფეტვი სასარგებლოა მათთვის, ვინც წონის დაკლებას აპირებს. მასში უხვად არის ბოჭკოები, რაც ჭარბი წონის დაგროვებას ხელს უშლის, ამიტომ დიეტური კვებისთვისაც შესაფერისია.
წყალზე მოხარშული ფეტვის ფაფა დაბალკალორიულია, 100 გრ მხოლოდ 90 კკალ-ს შეიცავს.
ფეტვის უარყოფითი თვისებები
მიუხედავად ჰიპოალერგიულობისა, ფეტვის ინდივიდუალური აუტანლობა მაინც შესაძლებელია.
ფეტვის მიღება არასასურველია კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს, ორსულობის პერიოდში და კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობისას.
ასევე უკუჩვენება აქვს ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადების დროს — ფეტვი ხელს უშლის იოდის სწორ ათვისებას.
როგორ შევარჩიოთ კარგი ფეტვი
ფეტვის ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ:
ფერს: მკვეთრი ყვითელი ფერის ფეტვი მომზადებისას ფანტია იქნება, ღია ფერის კი წებოვანი.
შეფუთვას: აირჩიეთ გამჭვირვალე შეფუთვა, რომ ადვილად შეამოწმოთ მარცვლის ხარისხი.
ფეტვის ფაფა რეცეპტი
ფეტვის ფაფა შეგიძლიათ მოამზადოთ კვირაში 2-3-ჯერ ან მეტი სიხშირით. ბავშვებისთვის, განსაკუთრებით გაციების სეზონზე, მისი მიცემა სასურველია დღეგამოშვებით — ეს იმუნიტეტს გააძლიერებს.
ფეტვი ხელს უშლის „ცუდი“ ქოლესტერინის ათვისებას, აწესრიგებს არტერიულ წნევას, ხელს უშლის ინფარქტის და ინსულტის განვითარებას, ამიტომ ხანდაზმულებისთვის იდეალური პროდუქტია.
ფეტვის ფაფის მომზადება:
ფეტვი გარეცხეთ, დაასხით წყალი 1x2 თანაფარდობით და დადგით ცეცხლზე. (ერთი პორციისთვის აიღეთ 100გრ ანუ, დაახლოებით, ნახევარი ჭიქა ფეტვის მარცვალი).
როდესაც წყალი ადუღდება, მოხადეთ ქაფი და განაგრძეთ ხარშვა მანამ, სანამ ფეტვი მოცულობაში 3-4 ჯერ არ გაიზრდება და წყალი თითქმის არ აორთქლდება. ამის შემდეგ, სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაამატოთ რძე (თანაფარდობა ასევე 1X2), დაუწიოთ ცეცხლს და კიდევ 1-2 წუთი ადუღოთ.
გემოვნებით დაამატეთ მარილი და შაქარი ან თქვენი საყვარელი ხილი.
სულ ეს არის.
გისურვებთ სილამაზეს და ჯანმრთელობას!
***
რომელი ბრინჯია ყველაზე სასარგებლო და როგორ ავირჩიოთ ის სწორად?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან