K ვიტამინის ნაკლებობა - მიზეზები და შედეგები
18:39 სამ. 29 აპრილი

K ვიტამინი, ისევე როგორც A, D და E, ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც სისხლის შედედებას აკონტროლებს, სისხლში კალციუმის დონეს აწესრიგებს და ძვლის ქსოვილების რეგენერაციასა და წარმოქმნაშიც მონაწილეობს.
მას ორი ძირითადი ბუნებრივი ფორმა აქვს:
K1-ს შეიცავს ბოსტნეული, ხილი და საკვების სხვა ფორმები.
K2 მიიღება ნაწლავებში არსებული ბაქტერიული ფლორისგან.
აღსანიშნავია, რომ ახალშობილებს დაბადებისას ვიტამინი K ძალიან დაბალი დონე აქვთ, რის გამოც სიცოცხლის პირველივე დღეებში სასურველია ვიტამინის ინექცია.
K2 ვიტამინის დეფიციტის სიმპტომებია:
- ცხვირიდან სისხლდენა
- კუჭ-ნაწლავის პრობლემები
- სახსრებში ტკივილი
- ღრძილების მგრძნობიარობა და სისხლდენა
- სწრაფად დაღლა
- კანისა და თმის მდგომარეობის გაუარესება
- თვალში სისხლჩაქცევები
- ჭრილობებისა და ნაკაწრების შეხორცების გაჭიანურება
- მცირე ზემოქმედების შემდეგაც კი სისხლჩაქცევები
- მტკივნეული მენსტრუაცია
შეიძლება თუ არა K2-ის ჭარბი მიღება?
ჭარბი რაოდენობით ვიტამინი K2 შეიძლება ხანგრძლივი და უკონტროლო დანამატების მიღებისას დაგროვდეს, რაც სისხლის შედედების მომატებას, თრომბოზს და გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს იწვევს.
ჭარბი რაოდენობით ვიტამინი K2 -ის სიმპტომებია დიარეა, გულისრევა, ღებინება და კანის სიმშრალე.
რა იწვევს K2 ვიტამინის დეფიციტს?
- სისხლის გამათხელებელი პრეპარატების ხანგრძლივი მიღება
- ნაწლავის მიკროფლორის დამთრგუნველი მედიკამენტები (მათ შორის ანტიბიოტიკები და სულფანილამიდები)
- ნაღველკენჭოვანი დაავადება
- ჰეპატიტი და ღვიძლის ციროზი
- კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნეები
- საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დარღვევები
- დაუბალანსებელი კვება
- თანდაყოლილი პათოლოგიები
რატომ სჭირდება ორგანიზმს ვიტამინი K2?
ვიტამინი K2 აწესრიგებს სისხლის შედედებას, იცავს სისხლძარღვებს, აწესრიგებს სისხლში კალციუმის დონეს, მონაწილეობს ძვლების შენებაში, იცავს ძვლებს ოსტეოპოროზისგან და ამცირებს ამ დაავადებით გამოწვეული მოტეხილობების რისკს, ებრძვის ლეიკემიის უჯრედებს და ა.შ.
K ვიტამინი არეგულირებს ისეთ ცილებს, როგორებიცაა მატრიქსული Gla-პროტეინი (MGP) და ოსტეოკალცინი.
MGP ხელს უშლის კალციუმის დაგროვებას სისხლძარღვების კედლებზე და ეხმარება მის სწორად გადანაწილებას ძვლოვან ქსოვილში.
ოსტეოკალცინი უზრუნველყოფს კალციუმის მყარ ფიქსაციას ძვლებში და ინარჩუნებს მათ სიმკვრივეს.
K2 ვიტამინი ამ პროცესებში უფრო ეფექტურად მოქმედებს, ვიდრე K1.
სისხლის შედედება
K ვიტამინი მონაწილეობს სისხლის შედედებაში ჩართული ცილების სინთეზში. მისი დეფიციტის შემთხვევაში ორგანიზმში პროთრომბინის დონე მცირდება და სისხლის შედედების დრო იზრდება.
გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობა
თუ კალციუმის ათვისება სწორად არ ხდება, ის შეიძლება სისხლძარღვებში და ათეროსკლეროზულ ბალთებში დაგროვდეს. მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ დროულად მიღებული ვიტამინი K2 ამ პროცესს აფერხებს და კორონარული დაავადებების რისკს ამცირებს.
ინსულინის გამომუშავება
ოსტეოკალცინი, რომელიც აქტიურდება K2-ის მეშვეობით, მხოლოდ ძვლებისთვის როდია საჭირო. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის მოქმედებს კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედებზე და ხელს უწყობს ინსულინის გამომუშავებას.
ნერვული სისტემა და ტვინის ფუნქციონირება
ვიტამინი K მონაწილეობს სფინგოლიპიდების სინთეზში — ეს არის სპეციალური ლიპიდები, რომლებიც ნერვული უჯრედების მემბრანების და ნერვული ბოჭკოების გარსების შემადგენელი ნაწილია. ვიტამინის სათანადო დონე ორგანიზმში ხელს უწყობს ტვინის აქტიურობის შენარჩუნებას და ნერვული სისტემის დაბერების შენელებას.
იმუნიტეტი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება
კვლევები აჩვენებს, რომ ვიტამინი K2 ამცირებს ანთებას რევმატოიდული ართრიტის დროს. ასევე სულ უფრო ხშირად აღინიშნება მისი დადებითი გავლენა ორგანიზმის დაცვით სისტემებზე. იგი მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი და იმუნომოდულატორი.
K ვიტამინით მდიდარი საკვები
K1-ის საუკეთესო წყარო მცენარეული საკვებია და განსაკუთრებით მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული: კომბოსტო, სალათის ფურცლები, ბროკოლი, ისპანახი.
K2 კი მცირე რაოდენობით გვხვდება ხორცში, ღვიძლში, კვერცხში, ყველში.
ვიტამინი K1 განსაკუთრებით ბევრია მწვანეფოთლოვან ბოსტნეულში, მაგალითად, ისპანახში, სალათის ფოთლებში, დანდურში.
K ვიტამინით მდიდარია მწვანილიც, მაგალითად, ოხრახუში, მწვანე ხახვი.
K ვიტამინის საყურადღებო ოდენობას შეიცავს ავოკადო.
K ვიტამინი, სხვა ვიტამინებისგან განსხვავებით, უმნიშვნელო ოდენობით იშლება კულინარიული დამუშავების დროს, რადგან სითბოსა და ჟანგბადის ზემოქმედების მიმართ მდგრადია, თუმცა სინათლისადმი ძალიან მგრძნობიარეა, ამიტომ K ვიტამინის შემცველი პროდუქტი უმჯობესია ბნელ ადგილას შეინახოთ.
ასევე საინტერესოა:
ქალის ორგანიზმს B12 ჰაერივით სჭირდება
სიახლეები ამავე კატეგორიიდან