სილამაზე/ჯანმრთელობა

რა მიგვანიშნებს იმას, რომ ორგანიზმს ვიტამინები აკლია?

fun time

18:00 სამ. 29 დეკემბერი, 2020 წელი

როგორ მივიღოთ დ ვიტამინი

14
დაკოპირებულია

რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და როგორია ვიტამინის მიღების წესი - ამის შესახებ ექიმი თერაპევტი ნინო თავდგირიძე გვესაუბრება.

 

ვიტამინების უკმარისობა უმეტესწილად, ზამთარსა და გაზაფხულის დასაწყისში იჩენს ხოლმე თავს. მისი რთული ფორმაა ავიტამინოზი, რომელიც, თავის მხრივ, სხვადასხვა ფორმის არსებობს და სხვადასხვაგვარად ვლინდება.

რა არის ავიტამინოზი?
ავიტამინოზი ვიტამინების უკმარისობის რთული ფორმაა, რომელიც ორგანიზმში მნიშვნელოვანი ვიტამინების სრულ არარსებობას გულისხმობს.
ჭეშმარიტი ავიტამინოზი გაცილებით იშვიათად გვხვდება, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს ტერმინი ფართოდაა გავრცელებული მოსახლეობაში და ხშირად გამოიყენება ვიტამინების ნაწილობრივი უკმარისობის - ჰიპოვიტამინოზის სინონიმად.

ავიტამინოზის ფორმები, სიმპტომები და გამომწვევი მიზეზები


განვიხილოთ ავიტამინოზის ფორმები:

A ვიტამინის დეფიციტი
A ვიტამინის დეფიციტი, ე.წ. ქათმის სიბრმავე იწვევს - ღამით მხედველობის გაუარესებას, კონიუნქტივის სიმშრალეს (თვალებში ქვიშის შეგრძნება, წვა და დისკომფორტი), კონიუნქტივის გარქოვანებას რუხი, მშრალი უბნებით, მძიმე შემთხვევებში - ორივე თვალის რქოვანას მორუხო - თეთრ შემღვრევას, ხოლო რქოვანას ღრმა შრეებში შეღწევის შემთხვევაში - ფართო წყლულების წარმოქმნას და რქოვანას დარბილებას (კერატომალაციას).
A ვიტამინის დეფიციტი ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არასაკმარისად იღებს ცხოველურ პროდუქტებს ან იმ ბოსტნეულს, რომლებიც ბეტა-კაროტინს - A ვიტამინის წინამორბედს შეიცავს;

B1 ვიტამინის დეფიციტი
B1 ვიტამინის დეფიციტი, ე.წ. ბერი-ბერის დაავადება ხასიათდება - ცენტრალური და ნერვული სისტემის ღრმა დარღვევებით, გულისა და სხვა შინაგანი ორგანოების ფუნქციის მოშლითა და უჯრედების ენერგეტიკული შიმშილით.
B1 ვიტამინის დეფიციტის მიზეზი არასწორი კვება ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ისეთი დაავადებებია, რომლის დროსაც დარღვეულია B1ვიტამინის შეწოვა. B1ვიტამინის დეფიციტი ხშირია ალკოჰოლიზმით დაავადებულებში;

B2 ვიტამინის დეფიციტი
B2 ვიტამინის დეფიციტი ვლინდება - პირის ღრუსა და ტუჩების ლორწოვანი გარსის დაზიანებით.
B2 ვიტამინის დეფიციტის ძირითადი მიზეზია რძის პროდუქტების არასაკმარისი მიღება;

B6 ვიტამინის დეფიციტი
B6 ვიტამინის დეფიციტს თან ახლავს - კანისა და ლორწოვანი გარსების სხვადასხვა სახის დაზიანება, პირღებინება, მადის დაკარგვა, აგზნებადობა. B6 ვიტამინის დეფიციტმა შესაძლოა, ანემიამდეც მიგვიყვანოს.
B6 ვიტამინის დეფიციტი ვითარდება მაშინ, როდესაც საკვებ რაციონში დიდი ხნის მანძილზე არ შედის რძე და რძის პროდუქტები;

B12 ვიტამინის დეფიციტი
B12 ვიტამინის დეფიციტი ვლინდება - ანემიით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის განლევითა და პერიფერიული ნერვების დაზიანებით.
B12 ვიტამინის დეფიციტის ყველაზე ხშირი მიზეზი საკვებთან ერთად B12 ვიტამინის არასაკმარისი მიღება ან კუჭის ქრონიკული დაავადებებია. ამ ვიტამინის დეფიციტი შესაძლოა, ჭიების ზოგიერთმა ტიპმაც გამოიწვიოს. გარდა ამისა, არსებობს დაავადების მემკვიდრული ფორმა;

C ვიტამინის დეფიციტი
C ვიტამინის დეფიციტი, ე.წ. ცინგას იწვევს - ორგანიზმში მეზენქიმის სტრუქტურების ფორმირების პროცესის დარღვევას, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავების დაქვეითებას და ყველა ორგანოს პარენქიმის ატროფიით ორგანიზმის დაუძლურებას. შედეგად ვითარდება - კუნთების სისუსტე, სიარულისას ფეხის კუნთების მტკივნეულობა, ღრძილების შეშუპება და მტკივნეულობა, ღრძილებიდან სისხლდენა, ღრძილების დაწყლულება, კბილების რყევა, ცხვირიდან სისხლდენა და ა.შ. თუ C ვიტამინის დეფიციტი განვითარდა ბავშვთა ასაკში, ირღვევა ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის ზრდა და განვითარება.
C ვიტამინის დეფიციტი ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც საკვები პროდუქტებიდან ორგანიზმში ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ხდება ასკორბინის მჟავის შეწოვა;

PP ვიტამინის დეფიციტი
PP ვიტამინის დეფიციტი, იგივე პელაგრა ხასიათდება - კანისა და ლორწოვანი გარსის მასობრივი დაზიანებით (კანსა და ლორწოვან გარსზე ჩნდება ხანგრძლივად შეუხორცებელი წყლულები, კანის გაუხეშება, აქერცვლა და ყავისფერი პიგმენტაცია), საჭმლის მომნელებელი სისტემისა და ნერვული სისტემის დარღვევებით (ქრონიკული დაღლილობა, ჰალუცინაციები, დეპრესია და ა.შ.), მცირე ასაკის ბავშვებში PP ვიტამინის დეფიციტის ფონზე, შესაძლოა, განვითარდეს გონებრივი დარღვევები.
PP ვიტამინის დეფიციტს იწვევს საკვებთან ერთად PP ვიტამინის არასაკმარისი მიღება;

D ვიტამინის დეფიციტი
D ვიტამინის დეფიციტი, ანუ რაქიტი, ხასიათდება - ძვლების მინერალიზაციის პროცესის დარღვევით და საბოლოოდ მათი დაზიანებით, იმუნიტეტის დასუსტებით, თავის ტვინის მდგომარეობის გაუარესებითა და ნერვული სისტემის სხვადასხვა დარღვევით.
D ვიტამინის დეფიციტი, ძირითადად, დაკავშირებულია არასრულფასოვან კვებასთან და მზეზე ყოფნის შეზღუდვასთან;

E ვიტამინის დეფიციტი
E ვიტამინის დეფიციტი იწვევს ორგანიზმში აღდგენითი პროცესების რღვევას და ნაადრევ სიბერეს.
E ვიტამინის დეფიციტს არასრულფასოვანი კვება (საკვებთან ერთად E ვიტამინის არასაკმარისი მიღება) იწვევს;

K ვიტამინის დეფიციტი
K ვიტამინის დეფიციტი ხასიათდება - პროთრომბინის დონის დაქვეითებით და ორგანოებსა და ქსოვილებში სისხლდენით (სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა უბნიდან).
K ვიტამინის დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკების ხანგრძლივად მიღებამ, არასწორმა კვებამ და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ისეთმა დაავადებებმა, რომლის დროსაც დარღვეულია K ვიტამინის შეწოვა.

ხშირია შემთხვევები, როდესაც ორგანიზმში არა ერთი, არამედ ერთდროულად რამდენიმე ვიტამინის ნაკლებობა ვითარდება. ასეთ შემთხვევაში პოლიავიტამინოზზე საუბრობენ!

ვიტამინების დეფიციტის დიაგნოსტიკა:

ვიტამინების დეფიციტის დიაგნოსტიკა, ძირითადად, სიმპტომებზე დაყრდნობით ხდება, რომლებიც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ სპეციფიკურია.
ვიტამინების დეფიციტის უსიმპტომო ფორმების შემთხვევაში, ორგანიზმში ამა თუ იმ ვიტამინის კონცენტრაციას სხვადასხვა ტესტების მეშვეობით ადგენენ.

მკურნალობა:

ავიტამინოზის მკურნალობისას, პირველ რიგში, უნდა მოხდეს იმ მიზეზის აღმოფხვრა, რამაც ეს მდგომარეობა გამოიწვია.
ვიტამინების შევსებაში კი ორგანიზმს ახალი ხილი, ბოსტნეული, ახლად გამოწურული წვენები და პოლივიტამინების კომპლექსი ეხმარება.


პოლივიტამინების კომპლექსის შერჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი:

არსებობს როგორც მონოვიტამინური, ისე პოლივიტამინური პრეპარატები (მონოვიტამინები სამკურნალო მიზნით გამოიყენება, ხოლო პოლივიტამინებს ხშირად მოიხმარენ პროფილაქტიკურ საშუალებად);
საყურადღებოა ისიც, რომ ვიტამინების კომბინირებული გამოყენებისას შესაძლოა, მათი ბიოლოგიური თვისებები შეიცვალოს - მაგალითად, C ვიტამინის დოზის გაზრდისას მცირდება B2 ვიტამინის მოთხოვნილება, საკვებში ამ უკანასკნელის ნაკლებობის დროს კი მცირდება ქსოვილებში C და B1 ვიტამინების დონე.

არსებობს ერთგვარი ანტაგონიზმი B1-სა და B12-ს შორის. C და P ვიტამინების ერთდროული მიღება მათ მოქმედებას აძლიერებს. C ვიტამინი ცუდად ეთავსება სპილენძს. E ვიტამინი ჭარბი ოდენობის რკინასთან ერთად მიღებისას აქტივობას კარგავს.
პოლივიტამინური პრეპარატის არჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს, შეიცავს თუ არა ის ადამიანისთვის აუცილებელ ვიტამინებს და როგორია მათი დოზირება - დოზები უნდა შეესატყვისებოდეს ვიტამინების დღიურ მოთხოვნილებას. უპირატესობა უნდა მიენიჭოს მინერალებისა და მოკროელემენტების გარეშე შედგენილ პოლივიტამინებს ან ისეთ ფორმებს, რომლებშიც ვიტამინები და მიკროელემენტები სხვადასხვა აბის სახით არის წარმოდგენილი და სხვადასხვა დროს მიიღება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყო...

სიზმრების ჩაწერა
შესაძლებელია

შემოდგომის საკვები - 10 ყველაზე სას...

შემოდგომის ხილი და
ბოსტნეული

ადამიანის ენა შინაგანი ორგანოების ს...

ადამიანის ენა შინაგანი
ორგანოების სარკეა