რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მაცივარში შენახვა?
15:30
თუ ხშირად წუწუნებთ, რომ პომიდორი ჩალასავით უგემურია, უბრალოდ გამოიღეთ ის მაცივრიდან!
ბევრი ფიქრობს, რომ მაცივარი ხილისა და ბოსტნეულის შესანახად საუკეთესო ადგილია, თუმცა პომიდვრის შემთხვევაში ასე არ არის. დიახ, მაცივარი პომიდორს ხანგრძლივი დროით ინახავს, თუმცა მისთვის დამახასიათებელ, უნიკალურ გემოს უკარგავს.
მეცნიერებმა და გურმანებმა დიდი ხანია იციან, რომ მაცივარი პომიდვრის გემოს აფუჭებს, თუმცა მიზეზი დიდი ხნის მანძილზე საიდუმლოდ რჩებოდა...
რატომ კარგავს პომიდორი მაცივარში გემოს?
კვლევის თანახმად, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences -ში გამოქვეყნდა, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 20 *-ზე დაბლა ეცემა, პომიდვრის გემოზე პასუხისმგებელი გენები უბრალოდ „ითიშება“.
„ფაქტობრივად, გაციებული პომიდორი საკუთარ თავს უბრძანებს, რომ შეწყვიტოს არომატული ნაერთების გამომუშავება. ეს შეუქცევადი ცვლილებებია“, — განმარტავს ფლორიდის უნივერსიტეტის მცენარეთა ინოვაციების ცენტრის ასისტენტ-მკვლევარი დენიზ ტიმანი.
მეცნიერი, რომელიც 20 წელზე მეტია, სხვადასხვა პროდუქტის გემოვნებურ თვისებებს სწავლობს, ადრეც მივიდა დასკვნამდე, რომ პომიდვრის გემოს შაქრების, მჟავებისა და ქიმიური ნივთიერებების ერთობლიობა განსაზღვრავს. შაქარსა და მჟავას ენით ვგრძნობთ, მაგრამ არომატული ნაერთების გარეშე ეს სრულყოფილი გემო მაინც არ იქნება.
მეცნიერებისთვის მანამდეც ცნობილი იყო, რომ გაცივებული პომიდორი ზუსტად იმავე რაოდენობის შაქარსა და მჟავას შეიცავს, რამდენსაც ახლად მოწყვეტილი, თუმცა მასში გაცილებით ნაკლები არომატული ნაერთია.
ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ პომიდორში, რომელიც მაცივარში სამი დღის მანძილზე ინახებოდა, ახლად მოწყვეტილ პომიდვრებთან შედარებით არომატული ნაერთების დონე საგრძნობლად შემცირდა, შვიდი დღის შემდეგ კი მინიმუმამდე დაეცა.
შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ გაცივებულ პომიდორში იმ ცილების რაოდენობაც იკლებს, რომლებიც არომატული ნაერთების შექმნაზე არიან პასუხისმგებელნი. ანალიზმა გამოავლინა, რომ გენები, რომლებიც ამ ნაერთებს ქმნიან, მეთილირების პროცესის შედეგად ითიშებიან — ეს ხდება მაშინ, როდესაც პომიდორი ცივ გარემოში ზედმეტად დიდხანს იმყოფება.
პომიდვრის გემოსა და ხარისხის შესანარჩუნებლად, შეინახეთ ის ოთახის ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ, გრილ ადგილას. მწიფე ნაყოფები ისე დაალაგეთ, რომ ერთმანეთს არ მიედოს.
პომიდვრის მაცივარში შედება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ ზედმეტად დამწიფდა და ლპობას იწყებს, ან უკვე დაჭრილია.
***
სელექციის სასწაული - პომიდვრის ხე, რომელიც ტონანახევარ ნაყოფს ისხამს
სიახლეები ამავე კატეგორიიდან