სილამაზე/ჯანმრთელობა

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმარება?

fun time

13:40 სამ. 14 ივლისი

იოდის ბადე

14
დაკოპირებულია

იოდის ბადე საბჭოთა მედიცინისგან მემკვიდრეობით მიღებული ერთ-ერთი ყველაზე მყარად დამკვიდრებული რიტუალია. მას ხშირად იყენებენ ხველის, დაჟეჟილობის, სისხლჩაქცევის და სხვადასხვა ტკივილის დროს, თუმცა ამ მეთოდის შედეგიანობა საკმაოდ საეჭვოა. მოდი გავარკვიოთ, როგორ მუშაობდსს იოდის ბადე და რას ამბობენ მასზე სამეცნიერო კვლევები.

საიდან იღებს სათავეს?

ამ მეთოდს ხშირად ექიმ ივან კოლბასენკოს სახელს უკავშირებენ, რომელსაც XX საუკუნის დასაწყისში იოდოთერაპიას - კანზე იოდის წასმის პოპულარიზაციას მიაწერენ. თუმცა, ამის დამადასტურებელი სანდო წყაროები ძალიან მწირია.

იდეის ლოგიკა მარტივი და იმდროინდელი სტანდარტებით სრულიად გონივრული იყო: იოდის ხსნარის მთლიან კანზე წასმას შესაძლოა დამწვრობა გამოეწვია, ბადისებრი მოხატულობა კი დამწვრობის რისკს ამცირებდა და ამავდროულად, თერაპიულ რეაქციას იწვევდა — სისხლის მიმოქცევას აძლიერებდა და ქსოვილებს „ახურებდა“.

საბჭოთა სამედიცინო კულტურაში ეს მეთოდი რამდენიმე მიზეზის გამო დამკვიდრდა:

  • ის იყო ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომი - იოდის ნებისმიერ ოჯახურ აფთიაქში მოიძებნებოდა.
  • არ მოითხოვდა სპეციალურ აღჭურვილობასა თუ ძვირად ღირებულ მედიკამენტებს;
  • ქმნიდა აქტიური მკურნალობისა და ზრუნვის ილუზიას;

ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ეს პრაქტიკა თაობებს გადასცემოდა.

იოდი ეფექტიანი ანტისეპტიკია. მისი მოქმედება კარგადაა შესწავლილი ჭრილობებისა და ლორწოვანი გარსების დამუშავებისას — ის კანის ზედაპირზე უშუალო კავშირისას მიკროორგანიზმებს ანადგურებს. კლინიკურ პრაქტიკაში იოდი დღემდე ამ დანიშნულებით გამოიყენება.

იოდის ბადის დახატვისას იოდის გარკვეული ნაწილი შეიძლება კანმა მართლაც შეიწოვოს და ორგანიზმში მოხვდეს, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პროცედურა სამკურნალოა. დღესდღეობით არ არსებობს არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება, რომ იოდის ბადე ხველის მკურნალობაში გვეხმარება, ანთებას ამცირებს, სახსრების ტკივილს ხსნის ან ორგანიზმში იოდის დეფიციტს ავსებს. თანამედროვე მედიცინა მას მკურნალობის ან დიაგნოსტიკის დადასტურებულ მეთოდად არ მიიჩნევს.

სამი მითი იოდის ბადის შესახებ

მითი 1: იოდის ბადე ორგანიზმში იოდის დეფიციტს ავსებს

იოდის ბადის დახატვას ხშირად ურჩევენ იმისთვის, რომ ორგანიზმმა ამ მიკროელემენტის დამატებითი დოზა მიიღოს, თუმცა, ეს მეთოდი არ იძლევა იმის განსაზღვრის საშუალებას, თუ რა რაოდენობის იოდი მოხვდა ორგანიზმში. კანის მიერ შეწოვილი ნივთიერების რაოდენობა დამოკიდებულია ხსნარის კონცენტრაციაზე, კანის რქოვანა შრის სისქეზე, სხეულის ტემპერატურასა და ბევრ სხვა ფაქტორზე. შესაბამისად, იოდის ბადე იოდის დეფიციტის სამკურნალოდ ვერ გამოდგება.

თუ ორგანიზმს იოდი აკლია, ექიმი შესაბამის პრეპარატებს კონკრეტული, ზუსტი დოზირებით დანიშნავს. პროფილაქტიკისთვის კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რაციონში იოდიზებული მარილის ჩართვას გვირჩევს.

მითი 2: თუ ბადე სწრაფად ქრება, ორგანიზმს იოდი აკლია

კანზე იოდის ნახატის გაქრობის დროზე უამრავი სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას: კანის ინდივიდუალური თავისებურებები, ტემპერატურა, ტენიანობა, ოფლიანობა და ა.შ.; შესაბამისად, ბადის გაქრობის სისწრაფით იოდის დეფიციტის დადგენა შეუძლებელია.

მითი 3: იოდის ბადე კურნავს ხველასა და ბრონქიტს

მიჩნეულია, რომ იოდმა გულმკერდის არე უნდა „გაათბოს“ და სასუნთქი გზების ანთებას უმკურნალოს, თუმცა, ამ ხერხის ეფექტიანობის დამადასტურებელი სამეცნიერო კვლევები არ არსებობს. იოდი მართლაც შეიძლება კანმა ნაწილობრივ შეიწოვოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის საჭირო კონცენტრაციით აღწევს ბრონქებამდე ან სასუნთქი გზების ლორწოვან გარსამდე და იქ წამალივით მოქმედებს.

იოდის ბადემ, კანის გაღიზიანებისა და ადგილობრივი სისხლის მიმოქცევის დროებითი გაძლიერების ხარჯზე, შესაძლოა მართლაც შექმნას სითბოს სასიამოვნო შეგრძნება, მაგრამ იმის მონაცემები, რომ ის ბრონქებში ანთებას მკურნალობს და სასუნთქ გზებში ინფექციის გამომწვევებს ანადგურებს, არ მოიპოვება.

დასკვნა

იოდის ბადე კვლავინდებურად პოპულარულ საშინაო მეთოდად რჩება, თუმცა მისი ეფექტი მხოლოდ კანის ზედაპირული რეაქციით შემოიფარგლება. იოდის ხშირმა ან ჭარბმა წასმამ შესაძლოა კანის ძლიერი გაღიზიანება და ქიმიური დამწვრობაც კი გამოიწვიოს, განსაკუთრებით ბავშვებსა და მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებში.

ამასთანავე, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ის კურნავს ხველას, ბრონქიტს, ანთებას ან იოდის დეფიციტის შევსებაში გვეხმარება. ჯანმრთელი ადამიანების უმეტესობისთვის იოდიზებული მარილის რეგულარულად მოხმარება სრულიად საკმარისია, ხოლო იოდის სამკურნალო პრეპარატები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მივიღოთ.

***

მწვანე ყავა გასახდომად: სასწაულმოქმედი პროდუქტი თუ მარკეტინგული მითი?

ბებიების რეცეპტები თუ საზიანო მითები? – რამდენიმე რჩევა ხალხური მედიცინის მოყვარულებისთვის

გადაჭარბებულია თუ არა ნივრის „ჯადოსნური“ თვისებები - რას წერენ მეცნიერები?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა? — თვისე...

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა

მიხაკის სამკურნალო თვისებები და უკუ...

მიხაკი მკურნალი