მწვანე ყავა გასახდომად: სასწაულმოქმედი პროდუქტი თუ მარკეტინგული მითი?
17:19 კვი. 4 იანვარი
ბოლო წლებში ჯანსაღი კვების მაღაზიებში „მწვანე ყავას“ სულ უფრო ხშირად შეხვდებით. მას ყიდიან დაფქულს, გასახდომი კაფსულების ან მარცვლის სახით. როგორც ირკვევა, „მწვანე ყავა“ ჩვეულებრივი ყავის მარცვლებია, ოღონდ — მოუხალავი. მას განსხვავებული ქიმიური შემადგენლობა, გემო და მარკეტინგული ისტორია აქვს. მოდი, გავარკვიოთ, რატომ აქციეს ის დამოუკიდებელ პროდუქტად და ღირს თუ არა მისი დალევა.
რით განსხვავდება მწვანე ყავა ჩვეულებრივისგან?
არ იხალება, შედეგად, მარცვლები ბუნებრივ მწვანე ფერს და „ცოცხალ არომატს“ ინარჩუნებენ.
აქვს განსხვავებული ქიმიური შემადგენლობა — მწვანე ყავა შეიცავს: მეტ ქლოროგენის მჟავას (ანტიოქსიდანტი, რომელსაც „ცხიმის წვის“ ეფექტს მიაწერენ); ნაკლებ ყავის ზეთს და კარამელიზებულ შაქარს (ის ნივთიერებები, რომლებიც მოხალული ყავის გემოს ქმნის).
აქვს განსხვავებული გემო — სასმლის, გემო ყავაზე მეტად, ბალახის ნაყენს ან ნახარშს მოგაგონებთ.
სინამდვილეში, მწვანე მარცვალი მხოლოდ ყავის ნედლეულია. მას იმისთვის იყენებენ, რომ ჩვენთვის ნაცნობი, არომატული სასმელი მოამზადონ.

საიდან გაჩნდა მწვანე ყავის „ბუმი“?
ისტორია 2012 წელს აშშ-ში დაიწყო, როდესაც ექიმი ოზის შოუში მწვანე ყავას „გახდომის რევოლუციური საშუალება“ უწოდეს. ამის შემდეგ მისი გაყიდვები ათჯერ გაიზარდა. ბაზარზე გამოჩნდა კაფსულები და ფხვნილები წარწერით Green Coffee Extract.
მარკეტინგმა აქცენტი სამ საკითხზე გააკეთა:
- ქლოროგენის მჟავის ხარჯზე წვავს ცხიმს
- ნატურალური პროდუქტია ქიმიის გარეშე
- არ საჭიროებს ცხოვრების წესის შეცვლას
პრობლემა ისაა, რომ სამეცნიერო მტკიცებულებები სუსტია. დიახ, ქლოროგენის მჟავამ შესაძლოა ნივთიერებათა ცვლაზე გავლენა მოახდინოს, მაგრამ ეს მცირე ეფექტია, რომელსაც რეკლამა გადაჭარბებულად წარმოაჩენს.
იმის მტკიცებულებები, რომ მწვანე ყავა ადამიანს წონის დაკლებაში ნამდვილად ეხმარება, არასაკმარისია.
პოტენციური ეფექტი არსებობს, თუმცა ძალიან მოკრძალებული (ექსტრაქტის ძალიან დიდი დოზების მიღებისას წონის კლება 2–3 კილოგრამით რამდენიმე თვის განმავლობაში).
სისხლში შაქრის დონესა და წნევაზე გავლენაც შესწავლის პროცესშია, თუმცა დასკვნები ურთიერთგამომრიცხავია.
ანუ, ეს არა „ჯადოსნური აბი“, არამედ მარკეტინგული ხრიკია ქიმიის ელემენტებით.
რით განსხვავდება მწვანე ყავა მაჩასა და ბალახეული ჩაისგან?
თუ მოუხალავი მარცვლებისგან ყავას მოამზადებთ, მას ბალახეული ჩაის გემო ექნება, ოდნავ მომჟავო და თხილის ნოტებით.
მაღაზიის დახლებზე მწვანე ყავა ხშირად მაჩასა და ბალახეული ჩაის გვერდით დევს, თითქოს ერთი კატეგორიაა, თუმცა ეს სასმელები არსებითად განსხვავდება:
მაჩა დაფქული მწვანე ჩაია. მას ბალახის მკვეთრი გემო, ანტიოქსიდანტების მაღალი კონცენტრაცია და ზომიერი კოფეინი აქვს. მწვანე ყავისგან განსხვავებით, მაჩას ჩაის სმის მდიდარი კულტურა და რიტუალი აქვს.
ბალახეული ჩაი (მელისა, გვირილა, კარკადე და სხვ.) საერთოდ არ შეიცავს კოფეინს და ხშირად დამამშვიდებელი ეფექტი აქვთ. მწვანე ყავა კი მაინც სტიმულატორად რჩება.
დასკვნა: მაჩა და ბალახეული ჩაი დამოუკიდებელი სასმელებია თავისი კულტურითა და გემოთი, მწვანე ყავა კი უფრო მარკეტინგული ალტერნატივაა, ვიდრე სრულფასოვანი გასტრონომიული პროდუქტი. მასში მართლაც არის ქლოროგენის მჟავა და ანტიოქსიდანტები, მაგრამ მისი „ცხიმის წვის“ ეფექტი ძლიერ გადაჭარბებულია.
***
როგორ მოქმედებს ყავა და მწვანე ჩაი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან