ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც ამ ხილს უფრო შეგაყვარებთ
17:20
ბალი ვარდისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი მცენარეა, რომელიც თავისი წვნიანი და გემრიელი ნაყოფის გამო ყველას უყვარს. ბლის ნაყოფი C და A ვიტამინებით მდიდარია და დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რომლებიც უჯრედებს დაბერებისგან იცავენ, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. მოდი, ერთად გავერკვიოთ, როგორ გვეხმარება ეს ჯადოსნური ხილი ჯანმრთელობის დაცვაში.
ბალი და ალუბალი გემოთიც და იერითაც განსხვავდებიან, თუმცა სარგებლის თვალსაზრისით, მათ შორის დიდი სხვაობა არ არის — ორივე ხილი ანტოციანებით, პოლიფენოლებით, C ვიტამინითა და სხვა ანტიოქსიდანტებით მდიდარია. სწორედ ეს ნივთიერებები განაპირობებენ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, ეხმარებიან გულ-სისხლძარღვთა სისტემას და აჩქარებენ ორგანიზმის აღდგენას ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.
აქვეითებს წნევასა და ქოლესტერინის დონეს
ბალი გვეხმარება, რომ სისხლძარღვები მუდმივად ტონუსში გვქონდეს. კვლევების თანახმად, დღეში 480 მლ ბლის ან ალუბლის წვენის მიღება სისტოლურ (ზედა) წნევასა და „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს საგრძნობლად ამცირებს. გარდა ამისა, სულ რაღაც ერთი ჭიქა ნაყოფი შეიცავს გულის ჯანმრთელობისთვის აუცილებელ 260 მგ კალიუმს, მავნე ნატრიუმი კი მასში თითქმის არ არის.
ამსუბუქებს სახსრების ტკივილს
ეს ნაყოფი განსაკუთრებით ეფექტურია პოდაგრით (ნიკრისის ქარით) დაავადებული პაციენტებისთვის. კვლევები ადასტურებს, რომ იგი ხელს უწყობს ორგანიზმიდან შარდმჟავას ჭარბი რაოდენობის გამოდევნას, რაც სახსრებში წვის შეგრძნებასა და შეშუპებას იწვევს. გამოკითხვების თანახმად, ყოველი მეოთხე პოდაგრიანი პაციენტი ტკივილის შესამსუბუქებლად ამ ხილს მიირთმევს. სხვა კვლევამ კი აჩვენა, რომ მისი რეგულარული მიღება დაავადების ხელახალი შეტევის რისკს 35%-ით ამცირებს.
აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს
ბალს დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს, რის გამოც სისხლში შაქრის მომატებას არ იწვევს. ბლის კანი მდიდარია უჯრედისით (ბოჭკოთი), რომელიც ნახშირწყლების შეწოვას ანელებს. საპილოტე კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ბლის ხშირი მიღება დიაბეტის მქონე პაციენტებში შაქრის მაჩვენებლების გაუმჯობესებას ხელს უწყობს.
ებრძვის ქრონიკულ ანთებით პროცესებს
ბლის რბილობი ანტოციანებითა და პოლიფენოლებით მდიდარია. ეს ნივთიერებები აკავშირებენ და ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც უჯრედებს აზიანებენ. რამდენიმე კვლევამ უკვე დაადასტურა, რომ ბლისა და ალუბლის მოხმარება ორგანიზმში ანთებითი მარკერების დონეს საგრძნობლად დაბლა სწევს.
აუმჯობესებს ძილის ხარისხს
ბალი შეიცავს მელატონინს — ორგანიზმის ბუნებრივ „ძილის ჰორმონს“, რომელიც ცირკადულ რითმს (ბიოლოგიურ საათს) აწესრიგებს. გარდა ამისა, ბლის ნაყოფში ტრიპტოფანსა და სეროტონინს ვხვდებით. ეს ნივთიერებები სწრაფად მოდუნებაში და მშვიდად ჩაძინებაში გვეხმარება.
კვლევებმა აჩვენა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ამ ხილის ან მისი წვენის მიღება პირდაპირ კავშირშია ძილის ხანგრძლივობასა და ხარისხის გაუმჯობესებასთან.
ექიმების რჩევა:
კლივლენდის კლინიკის (Cleveland Clinic) სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი დადებითი ეფექტების მისაღებად დღეში ერთი ჭიქა ხილის მირთმევაც კი საკმარისია. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ ორგანიზმის ინდივიდუალური ამტანობა და ხილის საერთო რაოდენობა თქვენს ყოველდღიურ მენიუში.
საქართველოში გავრცელებული ბლის ჯიშებია:
ქართული, თეთრი ბალი — ადგილობრივი, ძალიან ტკბილი და წვნიანი ჯიში.
დროგანის ყვითელი — საგვიანო ჯიში, მკვრივი და ყვითელი ნაყოფით.
ნაპოლეონი (ვარდისფერი) — დიდი ზომის, მიმზიდველი შეფერილობის ნაყოფით.
ფრანგული შავი — მუქი შინდისფერი, თითქმის შავი, ტკბილი და არომატული ბალი.
***
სიახლეები ამავე კატეგორიიდან